Accessibility links

logo-print

საქართველო სავიზო რეჟიმს ამარტივებს


9 სექტემბერს კანონში “საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოში მიმავალი ტურისტები ვიზების მისაღებად აღარც ზედმეტ

დროს დაკარგავენ და აღარც - ფულს. საქმე ის არის, რომ კანონში შეტანილი ცვლილება, პირველ რიგში, საქართველოს ვიზების შემცირებული ტარიფებით გაცემას ითვალისწინებს. ცნობისათვის: ერთთვიანი ერთჯერადი ვიზა ამიერიდან 10 ამერიკული დოლარი ეღირება, სამთვიანი - 30 დოლარი, რაც შეეხება ორჯერად ვიზას, ამისათვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაწესებულია ერთჯერადი ვიზის მოსაკრებლის 150 პროცენტი. და კიდევ: საქართველოში მოხვედრის მსურველები ვიზებს, საკონსულოების ნაცვლად, აეროპორტში აიღებენ. ამგვარი გამარტივებული წესები, თურქეთისა და რუსეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება. რატომ?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღანელობა მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებით საქართველო ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველ ქვეყნად იქცევა. მინისტრის მოადგილის ლაშა ჟვანიას თქმით, ვიზების გაიაფებისა და გაცემის მექანიზმის გამარტივების გარეშე საქართველოში ვერც ტურიზმის ინფრასტრუქტურა განვითარდება:

[ლაშა ჟვანიას ხმა] “ადრე, სადაც საქართველოს ჰქონდა საკონსულო პუნქტები, იმ ქვეყნის მოქალაქეებს აუცილებლად საკონსულოებში უნდა მიეღოთ ვიზები, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ეს იყო პრაქტიკულად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის მაქსიმალური ხელის შეშლა.”

მინისტრის მოადგილის ამ მოსაზრებას ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული ადამიანებიც ეთანხმებიან. ტურისტული სააგენტოს “ვიზიტ-ჯორჯიას” დირექტორი ალექსანდრე მამულაშვილი აცხადებს, რომ კანონში ცვლილებების შეტანამდე უცხოელ ტურისტს საქართველოში შემოსვლა, საშუალოდ, 40-80 დოლარი უჯდებოდა:

[ალექსანდრე მამულაშვილის ხმა] “ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ გვინდა ტურიზმის განვითარება. ხშირ შემთხვევაში ტური ღირდა 200 დოლარი და ვიზა ღირდა 80 დოლარი, რაც არარეალურია.”

კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით, ასევე შემცირდა მრავალჯერადი ვიზების ღირებულებაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტიპის ერთწლიანი ვიზა 100 დოლარი ეღირება. რაც შეეხება ერთჯერად სატრანზიტო ვიზებს, მათი ღირებულება 5 დოლარით განისაზღვრება.
და კიდევ: “საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოში შემოსვლისათვის ვიზის აღება არ დასჭირდებათ იმ საკრუიზო გემის მგზავრებს, რომელთა ყოფნის ვადა საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათს არ აღემატება. ტურისტული სააგენტოს “ვიზიტ-ჯორჯიას” დირექტორი ალექსანდრე მამულაშვილი ამ ცვლილებას მეტად მნიშვნელოვანსა და წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

[ალექსანდრე მამულაშვილის ხმა] “საქართველო იყო, მე მგონი, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ითხოვდნენ ვიზას კრუიზის შემოსვლის დროს და ასეთი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკრუიზო გემების მოზიდვას ბათუმში. ვფიქრობ, რომ მომავალში, თუ წარიმართა სწორი პოლიტიკა, ალბათ, წელიწადში 20-30 საკრუიზო გემის შემოსვლა შეიძლება მოხდეს ბათუმის პორტში. დღესდღეობით შემოდის მხოლოდ ორი და სამი.”

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებზე ვერ გავრცელდება. საქმე ის არის, რომ საქართველოს ამ ორ ქვეყანასთან გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც დადგენილია სავიზო მოსაკრებლების ტარიფები, რის გამოც საქართველოს მთავრობას სავიზო რეჟიმის ცალმხრივად შეცვლა არ შეუძლია. თუმცა, როგორც ტურისტულ სააგენტოებში განმიცხადეს, ამ გარემოებათა გამო ქართული ტურიზმი დიდად არ იზარალებს:

[ალექსანდრე მამულაშვილის ხმა] “რუსეთიდან და თურქეთიდან არ გვყოლია ტურისტები. ძირითადად, არიან ევროპის ქვეყნები, იაპონია, ისრაელი, ავსტრალია და ცოტა ამერიკაც.”

9 სექტემბერს, ცვლილებების ძალაში შესვლის პირველსავე დღეს, საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა გამარტივებული სავიზო რეჟიმით უკვე ისარგებლეს და კმაყოფილებიც დარჩნენ:

[მამაკაცის ხმა] “ადრე გადავიხადე 80 დოლარი, ახლა გადავიხადე 10 დოლარი. ეს არის უფრო გამარტივებული და ეკონომიური ჩემთვის და ძალიან ადვილად და სწრაფად კეთდება, არავითარი შეზღუდვა და არავითარი პრობლემები არ შემექმნა.”

დაბოლოს: საკითხავია, ასევე კმაყოფილები ხომ არ დარჩებიან ის ტერორისტები, რომლებიც, გამარტივებული რეჟიმის წყალობით, საქართველოშიც ადვილად მოხვდებიან? პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი რადიომსმენელების დასამშვიდებლად რუსეთის მაგალითს იშველიებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “…როგორი კონტროლია რუსეთში, ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სავიზო რეჟიმი აქვთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორ მოძრაობენ ტერორისტები იქით-აქეთ. როგორც ჩანს, ერთმანეთთან მაინცდამაინც დიდ კავშირში არ არის. ასე რომ, ნუ შეგვეშინდება. არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი, ცივილიზებული ნაბიჯი, ამ თვალსაზრისით.”
XS
SM
MD
LG