Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტერაქტის მესამე წლისთავი: დაუვიწყარი მოვლენის გახსენება


სამი წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც ალ-ყაიდას ტერორისტებმა ამერიკაში ოთხი სამგზავრო ლაინერი გაიტაცეს

და თითქმის ერთსა და იმავე დროს ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენსა და პენტაგონს შეანარცხეს. მეოთხე ლაინერი, რომელიც ტერორისტთა ჩანაფიქრით თეთრ სახლს ან კონგრესს უნდა დასჯახებოდა, მგზავრების წინააღმდეგობის შემდეგ პენსილვანიაში ჩამოვარდა. სამი წლის წინანდელი საავიაციო ტერაქტი, რომლის შედეგადაც 3000 ადამიანი დაიღუპა, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბითა და მსხვერპის რაოდენობით.



სამი წლის წინ, 11 სექტემბრს ნიუ-იორკში არატრადიციული ცხელი და მოწმენდილი დილა გათენდა. ნიუ-იორკის მცხოვრებლები სამუშაო დღეს იწყებდნენ და ქალაქი მერის წინასწარი არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ უჩვეულო სანახაობამ და ბგერებმა დაარღვიეს ჩვეული რიტმი. ცაში, ძალიან დაბალ სიმაღლზე გამოჩნდა სამგზავრო ბოინგ 757, რომელიც ნელ-ნელ ცათამბჯენს სიმაღლეზე ეშვებოდა. მართვის პულტთან, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, იჯდა მოჰამედ ატა, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების დროს ლაინერებში მსხდომი ტერორისტების საერთო ორგანიზებას ახდენდა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 94 მგზავრი და ეკიპაჟი. დოკუმენტალისტებმა შემთხვევის წყალობით შეძლეს აღებეჭდათ მანჰეტენი, მოახლოებული თვითმფრინავის ძრავის ხმა, ადამიანების რეაქცია და აფეთქების ხმა.

[თვითმფრინავის ხმა]

შეჯახების ტალღის შედეგად ნამსხვრევებად ქცეული თვითმფრინავის კორპუსი, 110 წლიანი ისტორიის მქონე შენობის სადღაც 94 და 99 სართულზე გაიჩხირა, საწვავის ავზებში მდგარი ათასობით ტონა საწვავი ცეცხლის ნიაღვრად გადმოიფრქვა. სულ მალე კი ერთმანეთში აირია შენობის ფრაგმენტები და საოფისე ქაღალდის წვიმა. რამდენიმე წუთში კი ალმოდებული ცათამბჯენის შენობა სი-ენ-ენის კადრებით მსოფლიომ იხილა.

[სი-ენ-ენის წამყვანის კეროლ ლინის ხმა] "ეს ამ წუთას ხდება. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს საზარელ აფეთქებას. ეს არის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, და ჩვენ გვაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ დღეს დილით თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკებს დაეჯახა."

პირველი სცენები, რაც პირველად აღიბეჭდა მეხსიერებაში, საშინელ შთაბეჭდილებს ახდენდა.
ნიუ-იორკის პოლიცია და მეხანძრეები ცდილობენ წინ აღუდგნენ კატასტროფას. ქუჩები სავსეა სამედიცინო დახმარების კარეტებით. ყველა სატელევიზო კომპანია პირდაპირ ეთერში მუშაობს. ამერიკული ტელეკომპანია ეი-ბი-სის კორესპონდენტი აღწერს, რაც მოხდა და უეცრად მეორე გატაცებული თვითმფრინავი 415 მეტრის სიმაღლის მეორე ცათამბჯენის 78 და 84 სართულებს ეჯახება.
ათის სამი წუთია, პირველი აფეთქებიდან მხოლოდ 17 წუთია გასული.
[ეი-ბი-სის ინფორმაცია] " ჯერჯერობით არ ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე წარმოებდეს რაიმე სამაშველო ოპერაცია. შეაგხსენებთ, რომ ... ო, ღმერთო ჩემო."

მეორე გატაცებული, ასევე ამერიკან აირლაინზის კუთვნილი თვითმფრინავი ბორტი ნომერი175, რომელზეც 53 მგზავრი იმყოფებოდა და ასევე ბოსტონიდან მიფრინავდა. ცხადი ხდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა ტერორისტების მიერ დაგეგმილ შეტევას. ამ დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სარასოტაში, ფლორიდას შტატში, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ხვდებოდა. მას მოახსენეს პირველი შეჯახების შესახებ, მაგრამ სკოლაში ვიზიტი არ შეწყვეტილა, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ საავიაციო კატასტროფა მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტ ბუშს, აპარატის უფროს ენდრიუ კარდი მიუახლოვდა და ყურში უჩურჩულა: "ბატონო პრეზიდენტო, მეორე თვითმფრინავიც შეასკდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. ამერიკას თავს დაესხნენ." ვიდრე სკოლას დატოვებდა ბუშმა თავისი პირველი საჯარო განცხადება გააკეთა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "მე ველაპარაკე ვიცე-პრეზიდენტს, ნიუ-იორკის გუბერნატორს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსს, და მე ვუბრძანე მათ, რომ ფედერალური მთავრობის მთელი რესურსი მიმართონ დაღუპულების, დაშავებულტა და მათი ოჯახების დასახმარებლად. ჩატარდეს ყოვლისმომცველი გამოძიება და მოიძებნონ ამ აქტის ჩამდენი ჯგუფები. ჩვენი ერის წინააღდეგ მიმართული ტერორიზმი არ შედგება."


ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ამერიკან ეარლაინზის კიდევ ერთი ბოინგი, რომლის ბორტზეც 63 მგზავრი იმყოფებოდა პენტაგონს, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. მგზავრების გარდა შენობაში მყოფი 125 კაცი დაიღუპა. მეოთხე თვითმფრინავი კი, რომელსაც ტერორისტები, სავარაუდოდ, კონგრესის შენობას ან თეთრ სახლს უმიზნებდნენ, პენსილვანიაში ჩამოვარდა. 38 მგზავრი დაიღუპა. ამერიკის ხელისუფლება დღემდე დარწმუნებულია, რომ თვითმფრინვაში მსხდომი რამდენიმე მგზავრის წინააღმდეგობის გამო ტერორისტების ჩანაფიქრი ჩაიშალა. საავიაციო ტერორისტულ აქტს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდამსხმელების გამოწვევას კი შეერთებული შტატების ლიდერობით, მსოფლიო მასშტაბის ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციები მოჰყვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG