Accessibility links

logo-print

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო მასშტაბებს იძენს


როცა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ სერიოზულად დაიწყო ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ყველას ეგონა, რომ "ალ ყაიდა", ჯგუფი, რომელიც იდგა ამ ტერაქტების უკან,

ძირითადად შეერთებული შტატებისთვის წარმოადგენდა საფრთხეს. მაგრამ სამი წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

[მოწმის ხმა] "დავინახე ორი ძალზე ძლიერი აფეთქება და სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაიწყეს მოსვლა, ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიციელი და მეხანძრეები მოვიდნენ."

ეს გახლდათ მიმდინარე წლის მარტში მადრიდში მომხდარი ტერატების მოწმე. მატარებლებში მომხდარ ამ აფეთქებებს 191 ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ისლამისტი რადიკალების ჯგუფის სულ ცოტა ერთ წევრს ჰქონდა კავშირი "ალ ყაიდის" ხელმძვანელობასთან.

ესპანეთში მომხდარი აფეთქებები ევროპაში მომხდარი პირველი სერიოზული ტერაქტები იყო, რომელთა უკან "ალ ყაიდას" ვარაუდობენ. მოგვიანებით ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარმა ტერაქტებმა აჩვენა, რომ ევროპა ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთი ველი იყო.

მარტის ბოლოსა და აპრილის დამდეგს უზბეკეთში თვითმკვლელებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ბუხარასა და ტაშკენტში. ტერაქტების ამ სერიამ 47 ადამიანი იმსხვერპლა.

უზბეკეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ "ალ ყაიდასთან", მაგრამ მათი ეს განცხადება ემყარება დაპატიმრებულ ტერორისტთა აღირებებს და არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებით.

მაისის ბოლოს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ უცხოელთა საცხოვრებელ კომპლექსს საუდის არაბეთის ქალაქ ხობარში და 22 ადამიანი მოკლეს. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო "ალ ყაიდის" საუდის არაბეთის უჯრედის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, აქტის მიზანი იყო დასავლელების დასჯა მუსულმანთა რესურსების განიავებისთვის.

ამ დღეებში მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ მიმართულია ბესლანისკენ, სადაც ტერაქტებს ასობით ადამიანი, მათ შორის უამრავი ბავშვი ემსხვერპლა. ბესლანში მომხდარის გარემოებები ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია. შეიძლება თუ არა იქ მოქმედი ჯგუფის პირდაპირ დაკავშირება "ალ ყაიდასთან" ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ყოველ შემთხვევაში, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებთან საერთო რუსეთს თუნდაც ის აქვს, რომ სახეზეა მოდელი: დაპირისპირება სახელმწიფოსა და რადიკალთა უხილავ, მოუხელთებელ ჯგუფს შორის.

აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს ექსპერტმა ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრიდან, ჯულიან ლინდლი-ფრენჩმა:

[ლინდლი-ფრენჩის ხმა] "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო და უფრო მეტად იქცევა კონფლიქტად სახელმწიფოებსა და ჯგუფებს შორის. არსებობს მარგინალური ჯგუფები, როგორც ჩეჩნები, რომლებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ დაუკავშირდნენ ისლამურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს კი საერთო მოკავშირეობისკენ უბიძგებს სახელწიფოებს, რომლებსაც ხშირად საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვთ. მაგალითად, რუსეთს, ამერიკას ან ჩინეთს."

ლინდლი-ფრენჩის თქმით, ომის "გლობალიზაცია" ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სახელმწიფოებს საიმისოდ, რომ კოლექტიურად იმოქმედონ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. მაგრამ, ამავე დროს, ეს უფრო ართულებს საბოლოო გამარჯვების მოპოვებას. 11 სექტემბრის შემდეგ პერიოდში თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება ამ ჯგუფების სიმძიმის ცენტრის აღმოჩენა და საჭირო ხდება ტერორისტთა შემაკავებელი ახალი პოლიტიკის გატარება.

ექსპეტრები ამ პოლიტიკაში გულისხმობენ მთელ რიგ ზომებს სადაზვერვო მასალების შეგროვებით დაწყებული და ექსტრემიზმის მასაზრდოებელი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზების ძიებით დამთავრებული.

ვინაიდან როგორც თავად ტერორისტული ორგანიზაციები, ისე სახელმწიფოები ტერორიზმთან ბრძოლას გლობალურ ომად აღიქვამენ, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ეს ომი კიდევ მრავალ წელს შეიძლება გაგრძელდეს.

მაგრამ ამავე დროს ისინი ფიქრობენ, რომ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც უნდა აირჩიონ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გამარჯვების მოსაპოვებლად.

ბიძინა რამიშვილი გესაუბრებოდათ იმაზე, თუ როგორ იცვალა სახე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ პერიოდში.
XS
SM
MD
LG