Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების პერსპექტივები. მთავრობა, თავის მხრივ, მოსახლეობას უწყვეტ ენერგომომარაგებას ჰპირდება


საქართველოს ენერგოსექტორის ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოთა მასშტაბების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობას მიმდინარე

წელს ენერგეტიკული პრობლემების დაძლევასა და მოგვარებას ჰპირდება. მართალია, მოსახლეობას ამ დაპირებების დიდად არ ეიმედება, მაგრამ დეკლარირებულად უკვე არსებობს ენერგომომარაგების სქემა. ამ სქემის თანახმად, გამრიცხველიანებულმა დიდმა ქალაქებმა - თბილისმა, ქუთაისმა, ზუგდიდმა და ბათუმმა - ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ. დანარჩენ საქართველოში კარგ გადამხდელებს დღე-ღამეში 18-20 საათიანი გრაფიკი დაუწესდებათ, ცუდებს კი - რვასაათიანი. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას მთავრობა მიმდინარე წელსაც არათანაბარ პირობებში აყენებს. თუმცა ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაზე ზრუნვაც ამ ეტაპზე მთავრობის ძალებს, უდავოდ, აღემატება.

მთავრობის საზრუნავი პრაგმატულია და იგი კონკრეტული ამოცანით შემოიფარგლება: ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგება, ვალების დაფარვა და გაზის მოწოდების აღდგენა. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მე-9 ენერგობლოკისათვის საჭირო აირის შესაძენად კომპანია”მტკვარი - ენერგეტიკა” ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისგან უახლოეს დღეებში მიიღებს 10-12 მილიონ ლარს. მართალია, ვალი გაცილებით მეტია და 31 მილიონ ლარს შეადგენს, მაგრამ 10 მილიონი ლარის მიღების შემდეგ რაო-ეესი ვალდებული იქნება ბლოკი აამუშაოს. ენერგოპრობლემები კი, ზოგადად, უფრო მრავლადაა, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული მაგალითია:

[ნიკა გილაურის ხმა]” პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვადასხვა განმსაზღვრელი ფაქტორები კიდევ ახლავს თან და სხვადასხვა კითხვის ნიშნები კიდევ არის, რა თქმა უნდა. იგივე საბოლოო მოლაპარაკებები რაოსთან, იგივე საბოლოო მოლაპარაკებები გაზპრომთან. თუმცა აქამდე სიტუაცია ბევრად უფრო დადებითია. დანარჩენი სხვა მხრივ, ენერგოსისტემა შინაგანად არის ბევრად უფრო კარგად მზად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ზამთრისთვის. იგივე ენგურჰესიც რომ ჩავთვალოთ, იგივე ნებისმიერი სხვა ჰესები რომ ავიღოთ, იგივე ქსელის მდგომარეობა რომ ავიღოთ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლომდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შესაძლებელი გახდება დავალიანების გამო 2 თვის წინ შეწყვეტილი გაზმომარაგების აღდგენა. ეს იმ შემთხვევაში, თუ თბილგაზსა და გაზპრომს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. 10 სექტემბერს პარტნიორებისთვის ვალის გასტუმრების გრაფიკის წარსადგენად მოსკოვში თბილგაზის გენერალური დირექტორი დავით მორჩილაძე გაემგზავრა. არ არის გამორიცხული, რომ გაზპრომისთვის 12 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ვალის დაფარვის ქართული გრაფიკი მიუღებელი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევას თავად მთავრობაც არ გამორიცხავს და გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროს შესაძლებლობაზე მიუთითებს.

“იტერა-საქართველოს მომხმარებელთათვის კი ბუნებრივი აირი, სავარაუდოდ, უახლოესი ერთი კვირის შემდეგ გაიაფდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გია თავაძემ განაცხადა.
იტერა-საქართველო ბუნებრივი აირით ქვეყნის რეგიონებს ამარაგებს.

[გია თავაძის ხმა]” ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი გაზის ტარიფი შევამციროთ როგორც მომწოდებლისათვის, ასევე მომხმარებლისათვის. და, საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ტარიფი შემცირდება დაახლოებით 2-2,5 თეთრით.”

სავარაუდოდ, გაუქმდება აირის საფასურის წინასწარი გადახდის პირობაც, რაც, კომპანიის წარმომადგენელთა აზრით, არ ამართლებს.
იტერა -საქართველომ ტარიფის შემცირების შესახებ განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში ზაფხულში შეიტანა. კომისიის თავმჯდომარის გია თავაძის თქმით, თუ ამგვარი განაცხადი თბილგაზიდანაც გაკეთდა, ტარიფი თბილისელი მომხმარებლისთვისაც შემცირდება.
XS
SM
MD
LG