Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი-მოსკოვის მატარებელი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. საქართველო რუსეთს აფხაზეთის ანექსიის


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი სოხუმი-მოსკოვის მატარებელი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. საქართველო რუსეთს აფხაზეთის ანექსიის გაგრძელებაში ადანაშაულებს. ქართული პრესის ვარაუდით,

ბესლანის კატასტროფის შემდეგ რუსეთი ყურადღების გადატანას ცდილობს და ამისათვის საქართველო საუკეთესო ვარიანტია.

გასული კვირის განმავლობაში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის მიზეზებს ფართოდ აშუქებდა ქართული პრესა. “რუსეთი საქართველოს ანექსიას აგრძელებს,” - ზოგადად ასე შეაფასეს ქართულმა გაზეთებმა სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენა. “საზღვაო მიმოსვლის განახლების შემდეგ კრემლმა სეპარატისტებთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირიც აღადგინა, ეს საქართველოს უხეში გამოწვევაა”, - წერს 11 სექტემბრის გაზეთი “რეზონანსი”. გაზეთისვე თქმით, ოფიციალური თბილისის პროტესტი რჩება ხმად მღაღადებლისა. “რუსები ამას საქართველოს ჯიბრზე აკეთებენ და მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ ქართველები საკუთარ ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ ეს გამოწვევა მშვიდად უნდა ავიტანოთ და მთელი მსოფლიო ჩვენს სიმართლეში დავარწმუნოთ,” - მოჰყავს ექსპერტ-კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვები “რეზონანსს”. ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს არის რუსეთის ორმაგი სტანდარტი და რეგვნები ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ბესლანის მსგავსად საშიში ფორმებით უკან დაუბრუნდებათ. რკინიგზის აღდგენა საქართველოს შეურაცხყოფაა. ამით ჩვენ პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ,” - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.


9 სექტემბრის “ალია” რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრებას ეხმაურება. “რატომ ეძებს სერგეი ლავროვი ტერორისტებს საქართველოში?” - სვამს კითხვას გაზეთი. პასუხად კი ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები მოჰყავს. “ერთადერთი კავშირი, რაც შეიძლება ბესლანსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებობდეს, არის ის, რაზეც საქართველო დიდი ხანია საუბრობს: როდესაც საზღვარი უკონტროლოდ არის დატოვებული, მაშინ ძნელი სათქმელია, ვინ ჩავიდა ან რა იარაღი შევიდა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, სადაც კრიმინალური ხელისუფლებაა და ნებისმიერი რამ შეიძლება გაბედონ. ეს სწორედ რუსეთის ხელისუფლების პრობლემაა,” - თქვა რუსი კოლეგის განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.
“ყველაზე რბილად რომ გითხრათ, ეს უჭკუობაა. რუსები ცდილობენ ბესლანის კატასტროფის შემდეგ ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ,”- აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავდმჯდომარე კოტე გაბაშვილი. მიხეილ მაჭავარიანი ლავროვის განცხადებებს გრომიკოსდროინდელ პოლიტტექნოლოგიას ადარებს. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ბოევიკები თავისუფლად იმიტომ გადაადგილდებოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ნომრები ჰქონდათ და ამბობდნენ, ქართველების დასახოცად და კოკოითის დასახმარებლად მივდივართო.

“უკანონო პატიმრობის დასასრული” - ასეთი სათაურით გამოეხმაურა 9 სექტემბერს გაზეთი “24 საათი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებას. ჟურნალისტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ დანაშაულის არარსებობის გამო შეწყვიტა. თუმცა თავისუფლებამდე მათ ორი დღე ვლადიკავკაზის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სამი დღე ფედერალური უშიშროების სამსახურის იზოლატორში გაატარეს. მთელი ამ დროის მანძილზე მათ ერთხელაც არ მიეცათ საშუალება ადვოკატებსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. პატიმრობის პერიოდში ლევან თეთვაძისა და ნანა ლეჟავას მიმართ დარღვეული იყო ევროსაბჭოს საერთაშორისო კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ“. გაზეთს ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები: “ჩვენ კმაყოფილები ვართ თქვენი მუშაობით, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ბესლანში თქვენი დაკავების ფაქტი. მე გავუგზავნე წერილი პრეზიდენტ პუტინს და კარგია, რომ იგი პირადად ჩაერია თქვენი გათავისუფლების საქმეში.”


თუმცა ნანა ლეჟავასთან დაკავშირებული ისტორია მისი გათავისუფლებითა და პრეზიდენტის გულთბილი მიღებით არ დასრულებულა. 10 სექტემბრის “ახალმა თაობამ” თითქმის სტენოგრაფიული სიზუსტით დაბეჭდა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები. ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა ექსპერტთა კომისიამ, ნანა ლეჟავას ჯანმრთელობის შემოწმების შედეგად, საშიში ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების კვალი აღმოაჩინა და ამის გამო ჟურნალისტს სტაციონარული მკურნალობის რამდენიმეკვირიანი კურსი დაუნიშნა. ერთ-ერთი ექსპერტის, ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის გელა ლეჟავას თქმით, ტომოგრაფიული ექსპერტიზის შედეგად, ლეჟავას ტვინის პარკუჭებში გარკვეული ცვლილებები აღმოჩნდა. ეს კი სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს. “ამას ასე არ დავტოვებთ, საქართველო ამის გამო პასუხს აგებინებს რუსეთს,” - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა.


კიდევ ერთი თემა, რომელმაც მოსახლეობაში უამრავი კითხვა წარმოშვა და რომელმაც პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. - ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებული გაუგებრობის შეფასებისას ყველაზე რადიკალური იყო გაზეთი “ხვალინდელი დღე”. “მთავრობა ლარის კურსსა და ხალხის ნერვებზე თამაშობს” - ამგვარად დაასათაურა გაზეთის ჟურნალისტმა 10 სექტემბერს ამ საკითხისადმი მიძღვნილი სტატია. მასალის ავტორის აზრით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ ლარის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ხელოვნურად რეგულირდებოდა. ამის დასტურად მოყვანილია ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადება, რომ აჟიოტაჟი მალე გადაივლის, ხოლო მთავრობა ამგვარ პოლიტიკას გააგრძელებს. გაზეთის ვარაუდით, ლარის გამყარების შედეგად, ფინანსთა სამინისტომ საგარეო ვალების გასტუმრებისათვის თანხა დაზოგა, ეროვნულმა ბანკმა კი სავალუტო რეზერვები შეივსო. დასასრულ, “ხვალინდელი დღე” ასკვნის, რომ მთავრობის ვარაუდით, წლის დასასრულისათვის ვალუტის კურსი სტაბილური იქნება, მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს 1, 75 მეასედ ნიშნულში გამყარებული ლარი ესაჭიროება.

ამავე საკითხზე საუბრისას “24 საათი” აღნიშნავს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მთავრობა, ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით, საგანგებოდ შეიკრიბა და, როგორც შემდეგ გაირკვა, ამგვარი პოზიციის შემუშავება მოხერხდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ დადებითად იმოქმედა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე, რომელთა შემოსავლებიც სწორედ ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრება. ლარის გამყარებამ მხოლოდ ექსპორტიორთა იმ ნაწილის შემოსავლები შეამცირა, რომელსაც იგი უცხოურ ვალუტაში ჰქონდა, - აცხადებს ირაკლი მანაგაძე. თავად ლარის კურსის მომავალს გაზეთი გაურკვეველს უწოდებს, თუმცა სახელისუფლებო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე ასკვნის, რომ ლარის კიდევ უფრო გამყარება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.

და მიმოხილვის დასასრულს იმის შესახებ, რომ ზამთარი თბილი და განათებული გვექნება. ყოველ შემთხვევაში, ამას აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. 11 სექტემბრის “ახალი თაობა” ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომას აშუქებს და ენერგეტიკის მინისტრ ნიკა გილაურთან ინტერვიუს აქვეყნებს. მინისტრი პირობას დებს, რომ ზამთრის პერიოდში თბილისს ელექტროენერგია 24 საათი ექნება, სხვა დიდ ქალაქებს კი - 18-20 საათი. შესაბამისად, გაიზრდება ამოგებაც და მოხერხდება სრული გამრიცხველიანება. რაც შეეხება გაზით მომარაგების საკითხს, ნიკა გილაურის თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს რუსული კომპანიების ვალების დაფარვა. გაზის საერთაშორისო ტრანსპორტირების კორპორაცია ვალის გასტუმრებას დამოუკიდებლად ცდილობს, ხოლო თბილგაზს საჭირო თანხა თბილისის მერიამ გამოუყო. გაზპრომთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს თბილისისათვის გაზის მოწოდების სრული აღდგენის თაობაზე. მოლაპარაკება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დასრულდება. “საბოლოო ჯამში, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ენერგეტიკა, წინა წლებთან შედარებით, უფრო მომზადებული ხვდება ზამთარს, თუმცა გარკვეული კითხვები მაინც რჩება, რადგან ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული,” - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
XS
SM
MD
LG