Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყარებული ლარის ”შემსუბუქებას” აჟიოტაჟით ხსნიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას მთავრობა და საზოგადოება, ძირითადად, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებით იყო შეფიქრიანებული და პარალელურად ზამთრისთვის

სამზადისზეც მსჯელობდა. ლარის რეკორდულმა გამყარებამ ფართო დისკუსიის საბაბი მისცა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელიც სხდომებს ამ თემაზე ხან პრემიერ-მინისტრთან ატარებდა, ხან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე იოხებდა გულს. კვირის ბოლოს, მედიასა და ხელისუფლებაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მკვეთრად ”შემსუბუქდა” და პარასკევისათვის 1.81-ის ნიშნულს მიაღწია. საფინანსო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უპრეცედენტოდ გამყარებული ლარის ესოდენ უკანდახევა აჟიოტაჟური და სპეკულანტური ფაქტორებით აიხსნება და კურსის კიდევ უფრო გამყარებას წინ ვერაფერი დაუდგება. ანუ იგი ატარებს მოკლევადიან ხასიათს, რადგან იმ ფაქტორების გავლენის პოტენციალი, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განაპირობებდა ლარის გამყარებას, ჯერ კიდევ ამოწურული არ არის. ამ შემთხვევაში იგულისხმება საგადასახადო ადმინისტრირების მკვეთრი გაუმჯობესება, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზება, ანტიკონტრაბანდული ღონისძიებები და ”საუკუნის პროექტთან” დაკავშირებული ინვესტიციები.
ამ თემასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა. ირაკლი მანაგაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის ორდღიანი უკანდახევა დროებითი მოვლენაა და იგი უახლოეს პერიოდში ისევ გამყარების ტენდენციით შეიცვლება.

[ირაკლი მანაგაძის ხმა] ”ლარის გამყარების ფაქტორები ჯერ კიდევ ძალაშია. რა ტემპით იქნება გამყარება, ან თუ, მეორე მხრივ, ეს ფაქტორები გააწონასწორებს ლარის უკუქცევის ფაქტორებს, ეს გამოჩნდება უახლოეს დღეებში. ჩვენი აზრით, გამყარების ფაქტორები მნიშვნელოვნად გადაწონის იმ სპეკულანტურ აჟიოტაჟს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის განმავლობაში.”(სტილი დაცულია)
სანამ კვირის ბოლოს ლარი დოლარის მიმართ დაეცემოდა, მანამდე საზოგადოება მისი გამყარებით იყო შეშინებული, ან, პირიქით, აღფრთოვანებული. მთავრობა და პრეზიდენტი ამას ცალსახად პოზიტიურ მოვლენად და მიღწევად აფასებდა, ხოლო ბიზნესისა და მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელსაც თავისი შემოსავლები ან დანაზოგები, ძირითადად, ამერიკულ დოლარში აქვს ფიქსირებული, ლარის გამყარება მაინცდამაინც გულს არ ეფონებოდა. ამასთან, მოსახლეობისათვის გაუგებარია, ეროვნული ვალუტის გამყარების პარალელურად რატომ არ იკლებს ფასები. სამომხმარებლო ბაზარი, პირიქით, გაძვირებულია, რაც, ბევრის აზრით, ალოგიკურია. რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების ანტიკონტრაბანდისტულმა გააქტიურებამ ფასების ბუნებრივი ზრდა გამოიწვია, რადგან გამყიდველმა საქონლის თვითღირებულებაში ჩადო ის გადასახადიც, რასაც აქამდე არ იხდიდა. ცენტრალურ ბანკში მიაჩნიათ, რომ, ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარება რომ არა, ფასების ზრდა გაცილებით მაღალი და მტკივნეული იქნებოდა.
ეროვნული ვალუტის გამყარებამ სერიოზულად შეაშფოთა ექსპორტიორებიც, რომელთაც მიმდინარე შემოსავლები შეუმცირდათ და პროდუქცია გაუძვირდათ. თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ შემთხვევაში, ნაცვლად ლარის ნომინალური გაცვლითი კურსისა, რომელიც გამყარებულია, ორიენტაცია უნდა ავიღოთ ე.წ. რეალურ ეფექტურ კურსზე, რომელიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეფარდებით გამოითვლება. ამ პარამეტრით, კახა ბენდუქიძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და, საერთოდ, კურსის ”დრეიფი” საბაზრო ეკონომიკის ჩვეულ მოვლენად მიაჩნია. ლარის ზედმეტი გამყარების თავიდან ასაცილებლად ცენტრალური ბანკი სავალუტო ბირჟაზე დოლარზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ცდილობდა და ბოლო ორი თვის განმავლობაში დოლარის ლამის ერთადერთ მყიდველად გვევლინებოდა. ამ შესყიდვების წყალობით, ეროვნულმა ბანკმა თავისი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი 360 მილიონ დოლარამდე აიყვანა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ისტორიაში. ბირჟაზე ცენტრალური ბანკის მხრიდან დოლარის ამჟამინდელ შესყიდვებს, ისევე როგორც წინა წლებში განხორციელებულ ანალოგიურ ქმედებებს, ექსპერტი დემურ გიორხელიძე იძულებით ოპერაციას უწოდებს და მიაჩნია, რომ, წინა წლების მსგავსად, ცენტრალურ ბანკს პრობლემების წინაშე მარტო ტოვებენ და ეკონომიკური პოლიტიკა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ადეკვატური არ იყო და არც ამჟამად არის.

[დემურ გიორხელიძის ხმა] ”ბანკი, მართლაცდა, პირისპირ რჩებოდა პრობლემებთან. ეკონომიკური პოლიტიკა რა იყო წინა ხელისუფლების, კარგად გვესმის – ის არ არსებობდა. ბიუჯეტში რა მდგომარეობაა, გასაგები იყო. მაშინ ფასები, რომელიც ძალზე აქტუალურია ჩვენნაირ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის, არ უნდა გაქცეულიყო, ვინაიდან ინფლაციაზე ვერავინ ვერ მოიგებს – ვერც ქვეყანა,მ ვერც ხელისუფლება, ვერც მოქალაქეები. ინფლაციის დაშვება - და ჩვენ ვიცით, ეს რა საშინელებაა - შეუძლებელი იყო. ამიტომ დარჩა ისევ ეროვნული ბანკი. გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც პოზიცია, მაგრამ ის არ არის პოლიტიკური მოთამაშე, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. მან თავისი საქმე შეასრულა, მაგრამ ის დღესაც პრობლემის წინაშე დგას. ”
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ, გამყარებული ლარის პარალელურად, მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არაერთხელ მიცემული დაპირებების შესრულება. ეს, პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსს და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ეხება. სანამ ეს დაპირებები რეალობად არ იქცევა, ბიზნესი პასიურობას არჩევს და მომლოდინის პოზიციაშია რჩება.

ლარის გამყარებამ, გარკვეულ დისკომფორტთან ერთად, სასიკეთო ის მოიტანა, რომ ქვეყნის დოლარიზაციის კოეფიციენტს შემცირების ტენდენციისაკენ უბიძგა. ეს პროცესი ჯერ დუნედ მიმდინარეობს, თუმცა მას მაინც აქვს ადგილი, რაც, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, მისასალმებელი პროცესია. ცენტრალური ბანკი ცდილობს დედოლარიზაციის სიგნალი ჩამოყალიბებულ ტრადიციად აქციოს. ირაკლი მანაგაძე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს აქცენტი, სხვა ვალუტების ნაცვლად, ლარზე გააკეთონ.

[ირაკლი მანაგაძის ხმა] ”მე მგონი, დადგა დრო, რომ საქართველოში ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება და, მათ შორის, უმარტივესი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, დაფუძნებული იყოს ლარზე, ვინაიდან ქვეყანაში ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ლარია. ეს, ბუნებრივია, მტკივნეული პროცესია, მაგრამ აქეთკენ მივდივართ - არა ადმინისტრაციულად, არამედ რეალური ეკონომიკური ძვრების საშუალებით.”
რაც შეეხება ლარის მომავალ ბედს, ფინანსური ექსპერტები ელიან ჩამოყალიბდეს მისი კურსის ახალი წონასწორობა, რომელიც საორიენტაციო იქნება და რომელიც არ იქნება აშშ დოლარის მიმართ შარშანდელი, ანუ 2-ის ნიშნული. ცენტრალური ბანკი კი აცხადებს, რომ ”თუ ვინმეს კუპონის პერიოდი მოენატრა და ლარის მსგავს ბედზე ოცნებობს, შეუძლია ეს ”ნოსტალგია” თავისთვის შეინახოს - მონეტარული ხელისუფლება ეროვნულ ვალუტას ”კუპონიზაციის” საშულებას არ მისცემს.”
XS
SM
MD
LG