Accessibility links

logo-print

გასული კვირის პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში

გავლენას ახდენდა ის, რაც მის ფარგლებს გარეთ მოხდა: ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში ტერორისტულ აქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერორისტების წინაშე უკან არ დაიხევდა და უფრო მკაცრად შეებრძოლებოდა მათ. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, როგორ შეიძლება აისახოს ბესლანის შემდგომი რუსული პოლიტიკა საქართველოზე:

[ალექსანდრე რონდელის ხმა]: “მე ვფიქრობ და პირდაპირ ვიტყვი, რომ წიხლს დაგვაჭერენ. ხაზგასმით გვიჩვენებენ, რომ აფხაზეთი და ოსეთი მათი პრობლემაა და არა ჩვენი. შეეცდებიან, საქართველო მოაქციონ ეკონომიკურ მარწუხებში და ყველა ფრონტზე გაიზარდოს დაწოლა, რათა საქართველომ იგრძნოს, რომ რუსეთია აქ და არავინ სხვა. გაზის გამორთვაც არ არის ზამთარში გამორიცხული.”

პოლიტიკის ექსპერტმა ალექსანდრე რონდელმა ეს სიტყვები 8 სექტემბერს გვითხრა. უკვე 9 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ ოსეთში განხორციელებული ტერაქტი სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების კონტექსტში მოიხსენია. “სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილ კრიზისსა და მძევლების აყვანას ჩრდილოეთ ოსეთში, დღემდე რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ რესპუბლიკაში, გარკვეულ მოსაზრებებთან მივყავართ და პოლიტიკოსები მოვალენი არიან, არ გამორიცხონ აზრი, რომ ეს შემთხვევითი არ არის”, თქვა სერგეი ლავროვმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ არ იცნობს ასეთი აზრის დამადასტურებელ კონკრეტულ ფაქტებს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ გამჭვირვალე ნართაულს უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “მე ძალიან მიკვირს ბატონი ლავროვის განცხადება. თუ რამეს ნიშნავს ეს კვალი, ეს დაკავშირება სამხრეთ ოსეთისა და ბესლანის ტერაქტის - სწორედ იმას, რასაც მანამდე ვამბობდით: როცა კონტროლის გარეშე ტოვებ საზღვარსა და მთელ რეგიონს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. სამხრეთ ოსეთში კაზაკები რომ შემოიყვანეს და ჩეჩნებმა განაცხადეს, მზად ვართ 5 ათასი ჩეჩენი შევიყვანოთ სამხრეთ ოსეთშიო, ეს არის პრობლემა.”

უფრო მკაფიო და კატეგორიული იყო საქართველოს პრეზიდენტის პასუხი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “იმ ადამიანებს რუსეთში, ვისაც გეოგრაფია ეშლება, მინდა ვუთხრა: გროზნი და ვლადიკავკაზი არის რუსეთი, თბილისი, სოხუმი და ცხინვალი არის საქართველო. ჩვენ გვინდა, რუსეთი იყოს მთლიანი და ძლიერი ყველგან რუსეთში, გროზნი და ჩეჩნეთი იყოს რუსეთის ნაწილი, მაგრამ ხელები შორს საქართველოდან. თქვენ აქ არაფერი არ გესაქმებათ.”

10 სექტემბერს რუსეთი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა. დაინიშნა რეისი “სოხუმი-მოსკოვი”, რომელიც მგზავრებს ჩაიყვანს სოხუმიდან ადლერამდე, სადაც ისინი ადლერი-მოსკოვის მატარებელზე გადასხდებიან. რუსული მხარე აცხადებს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სოჭის შეთანხმების ფარგლებში მოხდა. რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმირ ჩხიკვიშვილმა რკინიგზის აღდგენის გამო ასეთი კომენტარი გააკეთა:

[ვლადიმირ ჩხიკვიშვილის ხმა] “ჩვენი აზრით, ეს სავსებით კანონიერია, როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე წმინდა ჰუმანიტარული საკითხების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად გაკეთდა. საქართველო არაერთხელ იყო ინფორმირებული ამის შესახებ.”

საქართველო, ბუნებრივია, არ იზიარებს ასეთ მიდგომას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ტაბატაძემ განმარტა, რომ სოჭის შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზის რეაბილიტაციას გალის რაიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პარალელურად. ტაბატაძეს მიაჩნია, რომ შეთანხმება უხეშად დაირღვა. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ კი განაცხადა:

[მჟავიას ხმა] “ვაღიარებთ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ანექსიის შედეგი.”

ეს, რაც შეეხება ალექსანდრე რონდელის პროგნოზის ერთ ნაწილს, დაკავშირებულს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. 11 სექტემბერს შესრულება იწყო ზემოთ გამოთქმული მოსაზრების სხვა ნაწილმაც, სახელდობრ, სიტყვებმა, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო ეკონომიკურ მარწუხებში მოაქციოს. შაბათს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში რუსეთიდან მიიღეს შეტყობინება, რომ 15 სექტემბრიდან შეწყდება რუსეთ-საქართველოს შორის ავტობუსების რეისები: აღარ ივლიან მოსკოვი-თბილისის, მოსკოვი-ქუთაისის, მოსკოვი-ზუგდიდისა და სანკტ-პეტერბურგი-თბილისის ავტობუსები. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში რუსეთის ამ ნაბიჯს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის გამოხატულებად მიიჩნევენ.

11 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 1 ოქტომბრიდან აპირებს თავის საჰაერო სივრცეში აღარ შეუშვას თვითმფრინავები საქართველოდან. მიზეზი - ქართული ავიაკომპანიების დავალიანება რუსეთის საჰარეო ტრანსპორტის ადმინისტრაციისადმი, 3 მილიონი დოლარის ოდენობით. პასუხად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დავალიანება იმ ავიაკომპანიათა კისერზეა, რომლებიც უკვე სამი წელია აღარ არსებობენ.

მიუხედავად იმისა, რამდენად გამართულია ქართული მხარის საპასუხო არგუმენტები და სარწმუნოა სიმართლე, სრულიად გასაგებია რუსული ინტერესი: ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის გადაკეტვით უქმდება არა მხოლოდ რუსეთში მიმავალი რეისები, არამედ ფრენის საშუალება უწყდება ყველა იმ თვითმფრინავს, რომელიც საქართველოდან რუსეთის გავლით მიემართება სხვა ქვეყნებში. კერძოდ, თუ რუსეთის საჰაერო ადმინისტრაციის შეტყობინება ძალაში დარჩა, 1 ოქტომბრიდან ეჭვქვეშ დადგება შემდეგი რეისების განხორციელება: თბილისი-კიევი, თბილისი-პრაღა, თბილისი-ფრანკფურტი, თბილისი-პარიზი, თბილისი-ოდესა, რომ არაფერი ვთქვათ თბილისი-მოსკოვის, თბილისი-სანკტ-პეტერბურგის, თბილისი-ეკატერინბურგის რეისებზე. საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის ერთადერთ საშუალებად ასეთ პირობებში “აეროფლოტისა” და სხვა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები დარჩება.

რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში მიმავალ ავტობუსებს, მათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ იყენებდნენ. როგორც ჩანს, რუსეთი არჩევანს აღარ ტოვებს: ძნელი წარმოსადგენია, სომხეთის მოქალაქეებმა გარისკონ და აზერბაიჯანის გავლით ჩავიდნენ რუსეთში. ერთადერთ საშუალებად (თუ ავიარეისს გამოვრიცხავთ) რჩება სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით. საქართველოს აიძულებენ, მოსკოვი-სოხუმის ხაზი, ასე ვთქვათ, დააგრძელოს და მოსკოვი რკინიგზით შეაერთოს ერევანთან. ასე რომ, ახლო მომავალში გამორიცხული არ არის ურთიერთობათა დაძაბვა სომხეთთანაც.

მოკლედ, საგარეო ასპარეზზე საქართველოს, ძირითადად, რეაქტიული პოლიტიკის გატარება უწევს. მაგრამ ქვეყანა ცდილობს, მისი ნაბიჯები არ წარმოადგენდეს მხოლოდ პასუხს ამა თუ იმ საგარეო გამოწვევაზე. გასულ კვირაშიც საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ეუთოს დამკვირვებელთა რიცხვის გასაზრდელად. გასულ კვირაშივე საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ერაყში გაემგზავრა და იქ განაცხადა, რომ ოქტომბერში 159-დან 300 კაცამდე გაიზრდება საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ამ ქვეყანაში. ნათელია, რომ საქართველო ამით არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს უდასტურებს მოკავშირეობას, არამედ სულ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს აძლევს საშუალებას, დენთის სუნი არა საწვრთნელ, არამედ რეალურ საომარ ვითარებაში შეიგრძნონ. ასეთ პრაქტიკას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის ამავე კვირაში წარმოთქმულ სიტყვებს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ნამატის დიდი ნაწილი ხმარდება თავდაცვისუნარიანობის პოტენციალის გაძლიერებას საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად:

[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ ჩვენს არმიას ვქმნით და ვაძლიერებთ სხვადასხვა ჯგუფის შესაძლო შემოჭრის აღსაკვეთად იმიტომ, რომ ეს არის მთავარი საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ ომის წარმოებას ჩვენს მოსახლეობასთან. ჩვენი სამიზნე არის სულ სხვა რამ. ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებთან ომს; მაგრამ ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გამთლიანებას.”

შიდა პოლიტიკურ მოვლენათა შორის უწინარესად აღსანიშნავია ბოლო თვეების მანძილზე განუხრელად გამყარებული ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა დოლარმა საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე უპრეცედენტო ნიშნულს, 1 ლარსა და 66 თეთრს მიაღწია, მოულოდნელად ისევ იწყო გამყარება და რამდენიმე საათში 1 ლარსა და 90 თეთრს მიუახლოვდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ განაცხადა, რომ არ არსებობს პირობები ლარის გაუფასურებისათვის. დამაჯერებელი და ამომწურავი ახსნა ლარის კურსის ესოდენ მკვეთრ რყევას ვერავინ მოუძებნა. ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ლარის კურსის გამყარებაზე ჩვენთან საუბრისას მხოლოდ ვარაუდს დასჯერდა:

[ორველაშვილის ხმა] “ალბათ, ხელისუფლება რაღაც ისეთ პრობლემებს წყვეტს თავისთვის, რომლის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკს ერიდება. შეიძლება, ეს დაკავშირებული იყოს სამხედრო აღმშენებლობასთან. ლოგიკაც ამას გვკარნახობს და სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც დაახლოებით ამასვე ადასტურებს.”

თუმცა იქვე დასძინა:

[ორველაშვილის ხმა] “ამ ეტაპზე საქართველოსთვის ხელისუფლებასა და მის წყაროს, ხალხს შორის ყველაზე მთავარია მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი. ეს ნდობა ხელისუფლებამ უნდა დაიმსახუროს, მაგრამ ასეთი საქციელით ვერანაირ ნდობას ვერ მოიპოვებ.”

კვირის ბოლოს ლარის კურსი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა. თუ ხელისუფლებისადმი მოქალაქეთა ნდობა ამასაც ეყრდნობა, მაშინ ის, შეიძლება ითქვას, ძალიან არ შერყეულა.
XS
SM
MD
LG