Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა


მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მისი წინამორბედისგან სრულიად განსხვავებულ საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის შედეგად,

ქართული მედია დღეს გაცილებით ლოიალურია, ვიდრე ოდესმე. ია ანთაძე შეეცდება, ახსნას ახალი საინფორმაციო პოლიტიკის თავისებურებები.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქმიანობა კორუფციასთან ენერგიული ბრძოლით დაიწყო. ოღონდ ეს ბრძოლა უცნაურობებით ხასიათდება. იჭერენ შევარდნაძის მთავრობის მდიდარ ჩინოვნიკებს - ზოგჯერ არაჩინოვნიკებსაც - და ფულს ხალხის სახელით ართმევენ. ხალხს კი ეუბნებიან, რომ ეს ფული, ძირითადად, ქვეყნის თავდაცვას ხმარდება.

ამგვარმა ძალისმიერმა პოლიტიკამ ხელისუფლებას არა მარტო “ტანკები” შესძინა, არამედ გარანტირებულად მოუპოვა იმ ადამიანების ლოიალური დამოკიდებულებაც, რომლებსაც საკუთარი თავისთვის და საკუთარი ბიზნესისთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა არ სურთ. მათ შორის აღმოჩნდნენ მედიასაშუალებების მფლობელებიც. საქართველოში ყველამ იცის, ვის ეკუთვნის ტელეკომპანიები “რუსთავი 2”, “იმედი” და “მზე” და რამდენად ძვირად უღირთ ამ ადამიანებს ხელისუფლების კეთილგანწყობა.

რა მოხდა სახელისუფლო კულუარებში, რა საუბრების თუ შეთანხმებების შედეგად დაიხურა ტელეკომპანიები და გაზეთები, რატომ გაქრა სატელევიზიო ეთერიდან პოლიტიკური დებატები, როგორ შეცვალა ეს დებატები ხელისუფლების “გაპიარების” უხეშმა მცდელობამ - ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ამჯერად ვისაუბრებთ ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ძალის დემონსტრირებასთან და რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ “საინფორმაციო ხმაურის პოლიტიკა”.

ეს არის ცნობილი მოვლენა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, თავად შეავსოს საინფორმაციო სივრცე; როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები - პრეზიდენტიდან დაწყებული, ვთქვათ, ქალაქის პროკურორით დამთავრებული - ხშირად იწვევენ პრესკონფერენციებს თუ ბრიფინგებს და საზოგადოებას მუდმივად აწვდიან ინფორმაციას. მედია კი ხდება ოდენ გამტარი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემს პრეზიდენტის, მინისტრების, მერების თუ პროკურორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რა ხშირად შეიძლება ტელევიზიით ამგვარი პრესკონფერენციების და ბრიფინგების ნახვა და რა იშვიათად უბრუნდებიან შემდეგ ჟურნალისტები ასეთ შეხვედრებზე მოწოდებულ ფაქტებს თუ პოზიციებს. შესაბამისად, საზოგადოებამ იცის მხოლოდ ის, რასაც ხელისუფლება თავად გვიამბობს საკუთარ თავზე. ამ ნაამბობის გადამოწმება, კრიტიკული თვალით გადახედვა, კომენტირება თუ შეფასება, როგორც წესი, აღარ ხდება. მეორე მხრივ, ხელისუფლება პირნათელია ყველას წინაშე - არ მალავს ინფორმაციას, პირიქით, თავად იწვევს ჟურნალისტებს სასაუბროდ და არც ვინმეს უკრძალავს დამატებითი ცნობების მოპოვებას. მაგრამ ფაქტია, რომ ინფორმაციის მიღების ამ ახალ პირობებში პრესა აღარ სარგებლობს ძველი მეთოდებით, აღარაფერს ეძებს, აღარაფერს იძიებს და აჩვენებს მხოლოდ იმას, რაც მზამზარეული ფორმით მიეწოდება. ჟურნალისტების ნაწილი აღარც დადის პრესკონფერენციებზე, რადგან ეს პრესკონფერენციები, როგორც წესი, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აშკარაა, რომ ინფორმაციის გენერაციის ახალმა სისტემამ ხელისუფლებას საშუალება მისცა, შეავსოს საინფორმაციო სივრცე და საზოგადოებრივი აზრი წარმართოს იმ მიმართულებით, საითაც თავად მიაჩნია საჭიროდ.

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ანდრეი პერლა რუსეთში ჟურნალისტიკის პრობლემებისადმი მიძღვნილ წიგნში მკითხველს სამარის ოლქის გამოცდილებაზე მოუთხრობს. 2000 წელს სამარის ოლქის ადმინისტრაციას ჩამოუყალიბებია ინფორმაციული პოლიტიკის სამმართველო. ამ სამმართველოს მიზნად დაუსახავს, რომ ადგილობრივი გაზეთებისთვის დაეგზავნა კვირაში, სულ მცირე, 25 პრესრელიზი იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სამარის ოლქის მაღალი რანგის ჩინოვნიკები ატარებდნენ. შედეგი აღმოჩნდა გაცილებით შთამბეჭდავი, ვიდრე ადმინისტრაციამ ჩაიფიქრა: მარტივმა კვლევამ დაადასტურა, რომ სულ მცირე ხნის შემდეგ გაზეთების აბსოლუტური უმრავლესობა სტატიებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ მთლიანად ამ პრესრელიზებზე დაყრდნობით ამზადებდა. თითქმის არავის უჩნდებოდა სურვილი და მოთხოვნილება, შეევსო ან შეემოწმებინა ის ინფორმაცია, რომელიც ჩინოვნიკებისგან მოდიოდა.

“კვირაში 25 პრესრელიზის სისტემა” ქმნიდა არა საინფორმაციო ბადეს, არამედ მხოლოდ საინფორმაციო ხმაურს. ამ “ხმაურის” მიღმა იკარგებოდა სამარის ხელისუფლების რეალური სახე და საქმიანობის ავ-კარგი. საფიქრებელია, რომ იგივე დანიშნულება აქვს პირდაპირ ეთერში გადაცემული პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება მედიასთან შეთანხმებით ახორციელებს. შესაძლოა, ამ პრესკონფერენციების რიცხვიც კვირების მიხედვით არის განსაზღვრული - ეს ჯერჯერობით არავის დაუთვლია. ნებისმიერ შემთხვევაში, საინფორმაციო ხმაურის პოლიტიკა, ძალისმიერ აქცენტებთან ერთად, მთლიანად მოიცავს ურთიერთობას ახალ ხელისუფლებასა და ძველ მედიას შორის.
XS
SM
MD
LG