Accessibility links

logo-print

“ძალადობის მიზეზი – გარიყულობაა”


“ძალადობის მიზეზი – გარიყულობაა”,

“ხალხი ძალადობას მაშინ მიმართავს, როცა ინფორმაცია არ მოეპოვება”... “ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ და ამიტომ სძულთ ერთმანეთი” – მთელი კვირის განმავლობაში ასე მსჯელობდნენ თბილისელი მხატვრები და ხელოვნების მოყვარულები მწერალთა, მხატვართა კაფეებსა და ბარებში. ზაფხულში არაერთი ასეთი ადგილი გაიხსნა თბილისში. ყველაზე პოპულარული ერეკლეს ქუჩაზეა... ეს კაფე, ამავე დროს, ყველაზე სადაა – ფაქტობრივად, ქუჩაში გამოტანილი მაგიდებია. თუმცა ცარიელი მაგიდის შოვნა აქ დიდი პრობლემაა. მით უმეტეს, დღეს, როცა ბესლანის მოვლენის შემდეგ იმას, ვისაც სჯერა, რომ “სილამაზე იხსნის სამყაროს”, თანამოაზრეებთან ურთიერთობის სურვილი გამძაფრებული აქვს.

ხალხმრავლობის მიზეზი აქ ისიცაა, რომ “მხატვრების კაფე” საგამოფენო დარბაზების უბანში მდებარეობს. აქვეა თბილისის ისტორიის მუზეუმი, “ქარვასლა”, სადაც სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიო ბესლანის ტრაგედიაზე მსჯელობდა, შვეიცარიელ კონცეპტუალისტთა დიდი გამოფენა გაიხსნა. ეს არის კიდევ ერთი ღონისძიება პროექტისა “სამშაბათი გასულია”, რომლის შესახებ უკვე გიამბეთ რადიო “თავისუფლების” კულტურულ მიმოხილვაში. მე “ქარვასლაში” გამოფენის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მივედი. ისტორიის მუზეუმს სინათლე გამოურთეს. შვეიცარიიდან თბილისში ჩამოსული მხატვრები – ამერიკელები, გერმანელები, შვეიცარიელები, ერთი ქართველი – ანდრო ვეკუა, თავიანთ ნამუშევრებს ბნელ დარბაზში ამონტაჟებდნენ. მათ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ასპირანტები ეხმარებოდნენ. ვერავის შევატყვე აღელვება უსინათლობის გამო. მხატვრებმა მითხრეს, რომ იცოდნენ, სადაც მიემგზავრებოდნენ. ღელავდნენ მხოლოდ გამოფენის ორგანიზატორები, ხელოვნების ინტერდისციპლინარული ლაბორატორიის მესვეურები. ერთ-ერთს, ხელოვნებათმცოდნე მზია ჩიხრაძეს, მეც გავესაუბრე. ქალბატონ მზიას ვკითხე, რა პრინციპით გაერთიანდნენ ეს მხატვრები, რას გამოხატავდა ეს ინსტალაციები “ქარვასლაში” – უზარმაზარი ასო “იქსი”, ჭრელი კედელი, იატაკზე დაგებული ფილები, ყუთები.

[მზია ჩიხრაძის ხმა] “ხელოვნება, როგორც წინააღმდეგობის გადალახვის გზა... დასავლეთის ხელოვნებაში ძალიან მძაფრადაა დღეს წამოწეული სტანდარტები... რამდენადაც მოსახერხებელია, იმდენად მოუხერხებელია ეს ადამიანისთვის – მათ ამ გამოფენით უნდათ უჩვენონ, რომ ისინი ამ სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებენ. ანუ აქ არის კედელი, აგებული “ა4” და “ა3” სტანდარტების ბოქსებით, ე.ი. ყველაფერი სტანდარტულია, მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ როგორ დავაწყობთ ამ კედლებს, ყველაფერი შეიძლება არასტანდარტულად გამოჩნდეს – აქ არის თამაში, აქ არის პროტესტის გამოხატვა, სურვილი დამყარდეს კონტაქტი ჩვენსა და მათ შორის.”

ასეთი ტიპის გამოფენებზე მთავარი არა იმდენად ექსპონატია, რამდენადაც იდეა, კონცეფცია. შესაძლებელია, ამ “მოძრავი გამოფენის” იდეა მაინცდამაინც ახალი არ იყოს... მაგრამ სწორედ ასეთი “მობილური” და შედარებით იაფი პროექტებით შესაძლებელი ხდება მხატვრების დაახლოება და, რაც მთავარია, იდეების გაცვლა...

[მზია ჩიხრაძის ხმა] “ეს არის სურვილი, რომ იყოს მონოლოგი, რომ მხატვრებს საშუალება ჰქონდეთ დიალოგის და არა მონოლოგის, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში ქართველ მხატვართა გამოფენებიც მოეწყოს.”

ის, რაც დღეს დასავლელ ხელოვანს აწუხებს, ნაკლებადაა აქტუალური საქართველოში, დასავლეთმა კი კარგად არ იცის, რა გვაწუხებს ჩვენ. მხატვრებს სჯერათ, რომ სილამაზე მხოლოდ დიალოგით იქმნება. მხატვრებს ისევ სჯერათ, რომ სილამაზე იხსნის, გადაარჩენს სამყაროს. სხვა საქმეა, ვისთვის რას ნიშნავს ეს სიტყვები - “სილამაზე” და “ომი”.

ამ კვირაში თბილისელ კინოს მოყვარულებსაც მიეცათ საშუალება ეფიქრათ ძალადობის მოქმედების მექანიზმსა და მიზეზებზე. თუმცა ემირ კუსტურიცა, რომლის ახალი ფილმის - “ცხოვრება მართლაც მშვენიერია” - პრემიერა კინოთეატრ “ამირანში” შედგა, იმ რეჟისორების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომელთა ფილმები ფიქრისა და მედიტაციისთვის განგვაწყობენ ხოლმე. რომ არა ბესლანის ტრაგედია, რომ არა დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში, რომ არა საქართველოს უახლესი ისტორია, განვლილი სამოქალაქო ომი, ქართველი კინოს მოყვარულები ემირ კუსტურიცას ამ ბალკანურ “რომეო და ჯულიეტას”, ალბათ, სულ სხვანაირად აღიქვამდნენ... ალბათ, ისე, როგორც წლევანდელ კანის ფესტივალზე, სადაც “ცხოვრება მაინც მშვენიერია” საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული, მაგრამ ემირ კუსტურიცა პრიზის გარეშე დატოვეს – დააფასებდნენ კუსტურიცას უნარს, შექმნას წარმართული, პირველყოფილი სამყარო ეკრანზე, გაიხსენებდნენ, რომ ემირ კუსტურიცა თავის თავს, პირველ რიგში, “მუსიკოსს” უწოდებს, რომლისთვისაც “კინო ჰობია მხოლოდ”, და ფილმს “ცხოვრება მართლაც მშვენიერია” მუსიკალურ ვოდევილს უწოდებდნენ.


[მუსიკა]


ემირ კუსტურიცა - რეჟისორი, კინოდრამატურგი, მუსიკოსი, ფეხბურთელი. სარაევოში დაბადებულმა რეჟისორმა ბავშვობა ბოშათა ბანაკთან ახლოს გაატარა. შესაძლებელია, აქედან გაუჩნდა სივრცეში გადაადგილების, ხეტიალის ვნება. მის ახალ ფილმში იგი კვლავ მოგზაურობს, ოღონდ ამჯერად -
“ომის ქარცეცხლში”. ყველაფერი გადაიქცევა სიურრეალისტურ სანახაობად კუსტურიცასთვის ჩვეული “პრიმიტივიზმის ელემენტებით” – ერთმანეთში ირევიან ადამიანები და ცხოველები, ოპერის მომღერლები, ფეხბურთელები... აქ შეყვარებულთა სარეცელიც კი ფრინავს და ყველაფერი ეს ბუნებრივად გეჩვენება.

ფილმში 1992 წლის ბოსნიაა აღდგენილი. მთავარი გმირი, ლუკა, სერბი ინჟინერია, რომელიც ბოსნიის ერთ სოფელში მიემგზავრება რკინიგზის გასაყვანად. იწყება ომი. ლუკას გაექცევა ცოლი – ოპერის პრიმადონა, მერე ვაჟიც – იგი ომში მიჰყავთ. სერბული ჯარის ხელმძღვანელობა ლუკას მუსულმანი ქალის, საბაჰას, ზედამხედველად ნიშნავს. ლუკას საბაჰა შეუყვარდება, მაგრამ მოვლენები მოულოდნელად ვითარდება: საბაჰა სერბებმა ლუკას შვილზე უნდა გაცვალონ.

ქართველი მაყურებელი კუსტურიცას ახალ ფილმს ფელინის შედევრებს ამსგავსებს, მაგრამ კინოს ისტორიის კარგ მცოდნეებს “ცხოვრება მაინც მშვენიერია” ყველაზე მეტად ფრენკ კაპრას სახელგანთქმულ ფილმს, “ცხოვრება მშვენიერიას”, გაახსენებთ. იქ ჯეიმს სტიუარტის სასოწარკვეთილ გმირს, როცა თავის მოკვლას დააპირებს, ანგელოზი გამოეცხადება. აქ ლუკას, როცა კუსტურიცას იმედგაცრუებული პერსონაჟი მატარებელს უვარდება, ვირი გადაარჩენს.

[მუსიკა]

ომმა აქ თითქოს ყველა გააგიჟა. ომმა სამყარო არანორმალური გახადა – ტრაგედია ფარსად, უფრო სწორად, “ბაზრობად” აქცია. საქართველოში კარგად იციან ამ “ბაზრობის” ფასი. ამიტომ კუსტურიცას ფილმის თბილისურ პრემიერაზე ჩვენს მაყურებელს ისე არ ეცინებოდა, როგორც კანში იცინოდნენ. ბევრმა აქ ფილმის სათაური “ცხოვრება მართლაც მშვენიერია” ირონიად უფრო აღიქვა. ასეთი ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი, მერე რა, რომ “ლამაზად”, მართლაც, მშვენივრად გამოიხატება ეკრანზე.

საინტერესოა, რომ ამ კვირაში კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, “თემატური დამთხვევა” მოხდა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში: თბილისის მუსიკალურ-დრამატული თეატრის, ყოფილი მუსკომედიის, სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი თეატრის პირველი სეზონი სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება ალბერ კამიუს ნაწარმოების ინტერპრეტაციით. წარმოდგენას “ქალაქი ალყაში” ჰქვია. წარმოდგენის ჟანრი საკმაოდ უჩვეულოა ჩვენთვის – “მუსიკალური ტრაგედია”.
XS
SM
MD
LG