Accessibility links

logo-print

ნავთობჭაბურღილი დაახშვეს - ნინოწმინდა ზარალს ითვლის


13 სექტემბერს, დაახლოებით 14 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის ტერიტორიაზე არსებული ნავთობჭაბურღილის ავარიული ამოფრქვევა საბოლოოდ ლიკვიდირებულ იქნა.

ავარიის ადგილზე მუშაობას შეუდგა ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია. კომისია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში განსაზღვრავს როგორც გარემოს დაზარალების მასშტაბებს, ისე ნინოწმინდისა და პატარძეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს, საკარმიდამო ნაკვეთების დაბინძურების ხარისხსა და ზარალის მატერიალური კომპენსაციის ოდენობას. საკომპენსაციო თანხებს ჭაბურღილის მეპატრონე ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია “ნინოწმინდა” გაიღებს.

[იოსებ ცაბაძის ხმა] ”მოხდა ერთი ჭაბურღილიდან ამოფრქვევა. ეს ჭაბურღილი იყო, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ჭაბურღილი, რომელიც გაწყლიანდა და ექსპლუატაციაში აღარ იყო. ანუ დალუქული კი არა, დაკონსერვებული იყო ჩვეულებრივად და ავარიის დროს მიმდინარეობდა ამ ჭაბურღილის კაპიტალური რემონტი. ანუ ეს გამოვლინება, უეცარი გამოვლინება ნავთობისა და გაზის, რაც ხდება ხოლმე საერთოდ, ძაან იშვიათად, მაგრამ ხდება, მოხდა კაპიტალური შეკეთების დროს.”

ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია “ნინოწმინდის” გენერალური დირექტორის იოსებ ცაბაძის თქმით, მომხდარის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. ჭაბურღილიდან ამოფრქვეული მასა, სპეციალისტთა თქმით, ნავთობს, მის თანამდევ გაზს, თიხას და სხვა ნივთიერებებს მოიცავდა.
ჭაბურღილის გახსნითა და შრეებს შორის ხელოვნური წანაცვლებით გამოწვეული ნავთობშადრევანი ნინოწმინდისა და პატარძეულის მოსახლეობისათვის თითქმის სტიქიურ უბედურებად იქცა. რომ არა წვიმიანი ამინდი, გარდაუვალი იქნებოდა ხანძარიც. ადგილობრივი მცხოვრებლები, ძირითადად, კონიუნქტივიტს, ყელის ტკივილსა და ჰიპერტონიას უჩივიან. თუმცა სპეციალისტები მოწამვლის ფაქტს ამ ეტაპზე გამორიცხავენ.

[გიორგი ხარატიძის ხმა] ”ჯანმრთელობის მხრიდან არის ძალიან დაზარალებული მოსახლეობა. არის მოწამვლის ფაქტები, არის ტკივილები, თავის ტკივილები, თვალების წვა, ყელის ტკივილი, ძირითადად."

ნინოწმინდის მკვიდრი გიორგი ხარატიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარდა, საკარმიდამო ნაკვეთის განადგურებაზეც წუხს. ნინოწმინდელებს მთელი წლის შრომა პრაქტიკულად წყალში ჩაეყარათ - მთლიანად განადგურდა ყურძნის წლევანდელი მოსავალი. თუმცა მოსახლეობის მატერიალური ზარალი მარტო მოსავლის განადგურებითაც არ ამოიწურება:

[ირაკლი მაჭარაშვილის ხმა] "ზარალი იანგარიშება ე.ი. ჰაერში გაფრქვეული, ჰაერში გაფრქვევებისგან ზარალი, ნიადაგის დაბინძურების, ტყის. ტყის გარკვეული ფართობი იქ მოსაჭრელია და იქ მუხნარი ტყე არის განადგურებული და ასევე სასმელ წყალს თუ დაემუქრა და ასე შემდეგ." (სტილი დაცულია)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ავარიის ადგილას ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია უკვე შეუდგა მუშაობას. ავარიის ლოკალიზების შემდეგ ნინოწმინდაში ლაბორატორიული და აღდგენითი სამუშაოების ეტაპი დაიწყო. მიკროფონს ისევ ჭაბურღილის მეპატრონე ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია” ნინოწმინდის” გენერალური დირექტორის მოადგილეს იოსებ ცაბაძეს ვუთმობთ:

[იოსებ ცაბაძის ხმა] "ახლა მყავს მე ზუსტად ამოყვანილი ჰიდრომეტის ლაბორატორია. რაკი მორჩა უკვე ავარია, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს უკვე გავზომოთ ჰაერში, ასე ვთქვათ, ნახშირწყალბადების შემადგენლობა, დღესვე გაიზომება მთელ სოფელში ჰაერის მდგომარეობა და დღესვე იქნება დასკვნები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული. გარდა ამისა, ახლავე მოხდება ნიადაგის სინჯების აღება, რომ გავარკვიოთ რა ხარისხისაა ნიადაგის დაბინძურება ნავთობპროდუქტებით. თუმცა გეტყვით, რომ მაინც ზედაპირულია და მძიმე დაბინძურებასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. შემდეგ უკვე გადავალთ ეკოლოგიური ზიანის შეფასებაზე, ტყისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაზე და ასე შემდეგ. ანუ გადავდივართ ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში."

ნინოწმინდის ჭაბურღილიდან ამოფრქვეული ნავთობის ჭავლით მიყენებული ზარალი ჭაბურღილის მფლობელ ქართულ-ბრიტანულ კომპანიას, სავარაუდოდ, სოლიდური თანხა დაუჯდება. კომპანიის მიერ უკვე გაწეული ხარჯები ჯერჯერობით მოსახლეობის მედიკამენტებით, სასმელი წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას მოხმარდა.
XS
SM
MD
LG