Accessibility links

logo-print

“ფიქრის კონტროლი”


გასულ კვირაში ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში

“ოქროს საუკუნე” გიამბეთ 1934 წელს შექმნილ საიდუმლო დოკუმენტზე, რომელშიც საბჭოთა უშიშროება მწერალთა პირველი ყრილობის მიმართ მწერლებისა და პოეტების დამოკიდებულების ანალიზს ცდილობდა. იმხანად კაგებე მწერალთა გამონათქვამებს განიხილავდა. ათი წლის შემდეგ კი საბჭოთა უშიშროება მწერალთა ციტირებით აღარ დაკმაყოფილდა - ცეკას მდივან ჟდანოვს გაუგზავნეს ვრცელი წერილი, რომელშიც ახლა უკვე მწერალთა ფიქრებზეა საუბარი. გიამბობთ 60 წლის წინ შედგენილ დოკუმენტზე, რომელიც მოსკოვში ახლახან გამოაქვეყნეს.

ჟდანოვისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სახალხო კომისარი მერკულოვი აწერს ხელს, ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უშიშროების აგენტებს დაევალათ გაარკვიონ, “რას ამბობენ და რას ფიქრობენ საბჭოთა მწერლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე...” 60 წლის წინ შედგენილი ამ დოკუმენტით ინგრევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში დამკვიდრებული მითი, თითქოს 1937-38 წლებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ საბჭოთა მწერლები ისე დააშინეს, რომ ისინი კომუნისტური სინამდვილის “გადაკვრით” კრიტიკასაც კი ვეღარ ბედავდნენ.

კაგებეს აგენტებს დაევალათ მწერალთა ფიქრებზე კონტროლი, თუმცა ამის უნარი, მამა-ღმერთის გარდა, მოგეხსენებათ, არავისა აქვს... ამის უნარი, დიდი სურვილის მიუხედავად, არც საბჭოთა ხალხის “მამას”, იოსებ სტალინს, ექნებოდა და, მით უმეტეს, არც მის აგენტებს. კაგებეს თანამშრომლებს შეეძლოთ მხოლოდ გაერკვიათ, რას ამბობენ მწერლები თავიანთ სამზარეულოებში, საწოლ ოთახებში, რას ეუბნებიან ახლობლებს, თავიანთ შვილებს... შვილები კი ზოგჯერ კაგებესთან თანამშრომლობდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ. რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა იყოს ეს ნორმალური ადამიანისთვის, ფაქტია, რომ 60 წლის წინ შექმნილი დოკუმენტი ეყრდნობა იმ ადამიანების ინფორმაციას, რომელთაც მწერლები ენდობოდნენ, ახლობლებად მიიჩნევდნენ. 1944 წელს, როცა ეგრეთ წოდებული “დიდი წმენდა”, “ხალხის მტრებზე ნადირობა” ახალი დამთავრებული იყო, ვერავინ გაბედავდა ეთქვა თუნდაც სიტყვები, რომლის ავტორი მწერალი ნიკოლაი ასეევია:

“ლექსების წერას განვაგრძობ, მაგრამ ლექსებს კიდევ დიდხანს არ დავბეჭდავ... არა მაქვს უფლება, ვუღალატო ჩემს თავს... რუსეთში მწერლები და პოეტები სახელმწიფო სამსახურში არიან - იმას წერენ, რასაც უბრძანებენ. რა გამოდის? - საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიო პოლიტიკაზე, მაგრამ ამ ქვეყნის ლიტერატურა გვარცხვენს მთელ მსოფლიოში.”

კაგებეს დოკუმენტში იმ მწერლებსაც ახსენებენ, რომლებიც 37 წელს ძლივს გადაურჩნენ და ამიტომ, წესით, ხელისუფლებას უნდა დამორჩილებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მწერალი ზოშჩენკოა, რომელსაც, კაგებეს აგენტების ინფორმაციით, სადღაც ასეთი რამ უთქვამს:

“შემოქმედი თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენთან ყველაფერი ბრძანებით კეთდება... საბჭოთა ლიტერატურა საცოდავი სანახაობაა, რომელშიც შაბლონია გამეფებული.”

კაგებეს დოკუმენტში მერკულოვი შეშფოთებას ვერ მალავს, რომ საბჭოთა ხალხის და საბჭოთა ბავშვების საყვარელი მწერალი კორნეი ჩუკოვსკი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და, ფაქტობრივად, მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნის მტრებს. ჩუკოვსკის უთქვამს:

“ჟურნალების რედაქციებს აღარა აქვთ უფლება დამოუკიდებლად გამოაქვეყნონ ხელნაწერები. ყველაფერს ცეკა წყვეტს. ამიტომ რედაქციები მკვდარ ინსტანციებად იქცა. ხდება ლიტერატურის ცენტრალიზაცია. უნდათ, დაუმორჩილონ ლიტერატურა საბჭოთა იმპერიას... დიახ, მე ანტიდემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ, დესპოტიზმის ქვეყანაში, ამიტომ ახლა უკვე ყველაფრისთვის მზადა ვარ.”

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, საბჭოთა მწერლები დიქტატურასა და ანტიდემოკრატიულ რეჟიმზე საუბარს იწყებენ არა 37-38 წლებში, როცა მათ კოლეგებს ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, არამედ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, როცა გამარჯვება ახლოვდება. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ომის წლებში გაერკვა საზოგადოება ფაშიზმის არსში და გარკვეული ანალოგიები გაუჩნდა კომუნისტურ დიქტატურასთან. ამას კორნეი ჩუკოვსკის ეს მოსაზრებაც ცხადყოფს:

“მოუთმენლად ველი ჰიტლერის დამარცხებას, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ნაცისტური დესპოტიზმის დამარცხების შემდეგ დემოკრატიული სამყარო საბჭოთა დესპოტიის პირდაპირ აღმოჩნდება.”

კაგებეს დოკუმენტში დაწვრილებითაა საუბარი მწერალ კონსტანტინ ფედინის პოზიციაზე. მერკულოვი ამტკიცებს, რომ ფედინს სადღაც უთქვამს: მწერლები აშკარად დაბნეულები არიან - მათგან მოითხოვენ რეალისტური ნაწარმოებების შექმნას, მაგრამ სინამდვილის აღწერას უკრძლავენო. “ჩვენი წყაროს ინფორმაციით, - აღნიშნულია დოკუმენტში, - ფედინს უთქვამს:

“რეალიზმზე საუბარი დღეს ფარისევლობაა და დემაგოგია. ლიტერატურული რეალიზმი ვერ იარსებებს დიქტატურის ეპოქაში... თითქოს სასიამოვნო მაზოხიზმი დამეუფლა. პერედელკინოში ვზივარ და ვწერ რომანს, რომელიც არასდროს დაიბეჭდება... ესეც მსიამოვნებს - დაე, გავხდე ოდიოზური ფიგურა ლიტერატურაში. მე მაინც რუსი მწერალი ვიქნები და მწერლის სინდისს არ დავკარგავ.”
დოკუმენტის ავტორი შეშფოთებულია, რომ “ანტისაბჭოთა მწერლები” მწერალთა კავშირთან არსებული ლიტერატურის ინსტიტუტში ეწევიან პროპაგანდას და სტუდენტებს “წამლავენ”. დოკუმენტის ავტორი შიშობს, რომ მოსკოველი მწერლები ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის მოძმე რესპუბლიკებშიც ემზადებიან.

კაგებეს ამ დოკუმენტში ქართველ მწერლებს არ ახსენებენ. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანას იმდენი საშუალება არ ჰქონდა, რომ მთელ საბჭოთა კავშირში განეხორციელებინა “ფიქრებზე კონტროლის” ოპერაცია. ეგრეთ წოდებულ “ნაციონალურ შემოქმედებს” შორის აქ ნახსენებია მხოლოდ კინორეჟისორი ალექსანდრ დოვჟენკო, რომელიც, დოკუმენტის ავტორის აზრით, “აგრძელებს თავის ნაციონალისტურ გამოხდომებს: მასხარად იგდებს იმ კომუნისტებს, რომლებმაც მისი შემოქმედება გააკრიტიკეს - განსაკუთრებით ნიკიტა ხრუშჩოვს და უკრაინის ხელისუფლებას. დოკუმენტის ავტორი დოვჟენკოს ციტირებას მიმართავს:

“მე არც სტალინზე ვარ ნაწყენი და არც ცენტრალურ კომიტეტზე. მე უკრაინელებზე ვარ გაბრაზებული - ისინი განუწყვეტლივ მაბეზღებენ სტალინთან... რანაირად შეუძლიათ ამ ადამიანებს ომის მოგება? ეს ხალხი - დიდი, დიდი ნაგავია.”

ხვდებით, ალბათ, რომ აღნიშნული დოკუმენტი, მართალია, ანგრევს მითს, რომლის თანახმად 37-მა წელმა კიდევ დიდხანს გააჩუმა საბჭოთა მწერლობ; უძლეველი მაინც რჩება ერთი მითი: დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მწერლებს ისევ აქვთ სტალინის იმედი. მათი უმრავლესობა ისევ დარწმუნებულია, რომ სტალინმა არ იცის, რა ხდება ლიტერატურაში, რადგან ომის პირობებში მას, უბრალოდ, დრო არა აქვს იკითხოს წიგნები. მწერლები ჩივიან, რომ მათ კარი დაუკეტეს კრემლში და სტალინთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. “ლიტერატურა ამ ქვეყანაში არ უყვართ და არ სჭირდებათ,” - ამტკიცებს მწერალი ლიდინი. დოკუმენტის ავტორი შეშფოთებულია, რომ მწერლები აპირებენ სტალინთან შეხვედრას, რათა მას ის უთხრან, რასაც თავიანთ ახლობლებთან ამბობენ. აი, ზოგიერთი მწერლის გამონათქვამი, რომელიც სახალხო კომისარს თავის დოკუმენტში მოჰყავს:

მწერალი სერგეევ-ცენსკი: “უწინ, რევოლუციამდე, ფულის ძალაუფლების ეპოქაში, როცა მწერლობა მოდის, პუბლიკის მოთხოვნებს ემორჩილებოდა და ამ მიზნით სექსუალური პრობლემების გამძაფრებაზე კარგავდა დროს, ნამდვილი შემოქმედი უმცირესობაში იყო... ახლაც იგივე ხდება - ძალაუფლება შეიცვალა მხოლოდ. ამიტომ არაფერი მოხდება, თუ უმცირესობაში დავრჩებით.”

მწერალი გლადკოვი: “ლიტერატურა აღორძინდება მხოლოდ 20, 30 წლის შემდეგ. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა გაიხსნება საზღვრები და ჩვენი ხალხის კულტურული დონე ამაღლდება, როცა ჩინოვნიკები თავიანთ სავარძლებს დატოვებენ.”

პოეტი უტკინი: “პოეტები ერთმანეთს დაამსგავსეს, რადგან ყველა პოეტი დღეს პოლიტიკური ფორმულებით წერს და არა სახეებით. სახე - საშიში ხდება, რადგან პოეტური სახე გამრავლების ტაბულა არ არის... პოეტს ვერ დაიმორჩილებ, პოეტს მხოლოდ პირობები უნდა შეუქმნა და, თუ ვერ უქმნი, შენ მას კლავ ამ დროს.”

ამ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე მოსკოვშიც და თბილისშიც, საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც, მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა, რომ ხელნაწერები, მართალია, “არ იწვის”, მაგრამ კომუნისტურმა ხელისუფლებამ პოეტი ჯერ კიდევ 30-იან წლებში მოკლა... აღმოჩნდა, რომ პოეტი ცოცხალი იყო... სამზარეულოებში, სასადილო და საწოლ ოთახებში, თავის ახლობლებთან ურთიერთობაში... ერთადერთი “ახლობელი”, რომელსაც პოეტს არ აკარებდნენ, სტალინი იყო.
XS
SM
MD
LG