Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარჯვენე ოპოზიციის მემარცხენე ინიციატივები


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი მემარჯვენე ოპოზიცია აქტიურდება. ახლებისა და მრეწველების გაერთიანებული საპარლამენტო ფრაქცია რეიტინგის გაზრდის მიზნით მემარცხენე ლოზუნგებსაც არ ერიდება.

ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მემარჯვენეები შალვა ნათელაშვილს ტრადიციულ მოთხოვნას დაესესხნენ და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მოითხოვეს. თავის მხრივ, სხდომაზე მოწვეულმა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ დავით გამყრელიძისა და ზურაბ ტყემალაძის “ლეიბორისტული” ინიციატივა პოლიტიკურ ზეწოლად მონათლა და ტარიფის შეცვლაზე უარი განაცხადა.

[ხმა - კამათი]

მემარჯვენე ოპოზიციის საპარლამენტო ფრაქციის დღევანდელი სხდომის დიდი ნაწილი ტრადიციული ქართული დისკუსიის ფორმით - ორხმაში მიმდინარეობდა. მემარჯვენეთა ლიდერი დავით გამყრელიძე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი თავაძეს ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის აუცილებლობაში არწმუნებდა. გამყრელიძის თქმით, ტარიფი უნდა შემცირდეს, რადგან კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულება 12, 4 მეათედი თეთრი ერთი წლის წინ ლარის დაბალი კურსის მიხედვით იყო დათვლილი:

[დავით გამყრელიძის ხმა]

მემარჯვენეთა არგუმენტებს არ იზიარებდა გიორგი თავაძე. იგი დღევანდელ განხილვას ოპოზიციის მხრიდან მარეგულირებელ კომისიაზე ზეწოლის მცდელობად მიიჩნევდა:

[გიორგი თავაძის ხმა]

ასეთივე განწყობით დატოვა ფრაქციის სხდომა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ. საკუთარი არგუმენტებით აშკარად კმაყოფილი მემარჯვენეთა ლიდერები კი კატეგორიულად უარყოფდნენ ახალი ენერგოინიციატივის ლეობორისტულ წარმომავლობას. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მათი მოთხოვნა საბაზრო ურთიერთობის პრინციპებიდან გამომდინარეობს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]

როგორც საბოლოოდ გაირკვა, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების მიუხედავად, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. სამაგიეროდ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე მოსახლეობას გაზის ღირებულების სამ თეთრამდე შემცირებას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG