Accessibility links

logo-print

დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა მოლდავეთის ტელევიზიის ჟურნალისტი გაათავისუფლეს


საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად, 13 სექტემბერს პატიმრობიდან გაათავისუფლეს მოლდავეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის “მოლდოვა 1”-ის ოპერატორი დინუ მიჟა,

რომელსაც გასულ კვირას დნესტრისპირეთის ქალაქ ბენდერში ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტი დნესტრისპირელი სეპარატისტების მიერ რკინიგზის სადგურის ოკუპირების კადრების გადაღებას ცდილობდა. ჟურნალისტის დაკავებამ მოლდავეთსა და მის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ჟურნალისტის გათავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად მოხერხდა.

დინუ მიჟა დნესტრისპირეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. “მოლდოვა 1”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ადელა რაილენუს ცნობით, დაკავებამდე, მათი ტელევიზიის ჟურნალისტთან ერთად, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოლდაველ პოლიციელებსაც მიაყენეს:

{ადელა რაილენუს ხმა} “დაახლოებით 12 დნესტრისპირელი მილიციელი სცემდა არა მხოლოდ ჩვენს ოპერატორს, არამედ ჩვენს პოლიციელებსაც. ამ პროცესში ვიდეოკამერაც დაიმტვრა.”

რადიო “თავისუფლების” რუმინულ-მოლდავური სამსახურის თანამშრომლის ვიტალი კონდრაცკის თქმით, მოლდაველ ჟურნალისტებსა თუ ნათესავებს დაკავებულის ნახვა და მისთვის, ვთქვათ, ტანსაცმლისა და საკვების გადაცემა აკრძალული ჰქონდათ. მომხდარს არაადამიანობად და ტერორიზმის ერთ-ერთ ფორმად აღიქვამს დინუ მიჟას სასოწარკვეთილი დედა:

{მიჟას დედის ხმა}“ყველაფერი ეს ძალიან მძიმეა. დატოვო გულით ავადმყოფი დედა ასეთ მდგომარეობაში და....... რაღაც პოლიტიკური ინტერესების გამო ამის გაკეთება, უბრალოდ, არადამიანურია. ტერორიზმის მრავალნაირი გამოვლინება არსებობს და, მე ვფიქრობ, ეს ტერორიზმის ერთ-ერთი ფორმაა. ადამიანი იტანჯება. ეჰ... არ შემიძლია, ძალიან მძიმეა ეს ჩემთვის.”

მომხდარი უარყოფითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. შეშფოთებული იყო ეუთოს ოფიციალური წარმომადგენელი მოლდავეთში კლაუს ნოიკირხიც:

{კლაუს ნოიკირხის ხმა} “ეუთოს მისია შეშფოთებულია სიტუაციით ბენდერში, რომელიც მოლდავეთის ტელევიზიის ოპერატორის დაპატიმრებასთან და რკინიგზის სადგურთან დაკავშირებით შეიქმნა.”

დინუ მიჟა სწორედ ხსენებული რკინიგზის სადგურის ფირზე აღბეჭდვის გამო დააკავეს. საქმე ის არის, რომ იმ დღეს, ანუ 6 სექტემბერს, დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა სადგური ძალით დაიკავეს და იქიდან გამოაძევეს თანამშრომლები, რომლებიც მოლდავეთის მთავრობას ემორჩილებოდნენ. ერთ-ერთი თანამშრომელი კიდეც დაიჭრა, ხოლო მეორე მიჟასთან ერთად დააპატიმრეს.

აქვე მოგახსენებთ, რომ პრორუსული ორიენტაციის დნესტრისპირეთმა მოლდავეთისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. 1992 წელს კი ამას მხარეებს შორის ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა. ბოლო პერიოდში სეპარატისტებმა რუმინულენოვანი სკოლების დახურვაც დაიწყეს. ამის გამო მოლდავეთის ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონს საექსპორტო გზები დაუბლოკა, რის საპასუხოდაც დნესტრისპირელებმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გადაჭრეს, რომლებიც მოლდავეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს ამარაგებდა. მათი მხრიდან ერთგვარი სამაგიეროს გადახდა იყო რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების ბლოკირებაც.

დინუ მიჟას შემთხვევა დნესტრისპირეთში ჟურნალისტის ხელყოფის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ შაბათს რეგიონის სამართალდამცავებს ტელეკომპანია ბი-ბი-სის გადამღები ჯგუფი, შპიონაჟის ბრალდებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. სორია ბლატმანი, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი პარიზში, მიიჩნევს, რომ დნესტრისპირეთში თავისუფალი ჟურნალისტური მოღვაწეობის პირობები არ არსებობს:

{ სორია ბლატმანის ხმა} “როდესაც თქვენ იქ ჩადიხართ, არა აქვს მნიშვნელობა მოლდავეთის ჟურნალისტი ხართ თუ საერთაშორისო პრესის წარმომადგენელი, შეუძლებელია თავისუფლად აკეთოთ თქვენი საქმე. ეს დიდი პრობლემაა და მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ახლავე უნდა იზრუნოს ამაზე.”

რაც შეეხება მიჟას, ვიტალი კონდრაცკის თქმით, ის გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. მოლდაველი ჟურნალისტის გათავისუფლება მხოლოდ ეუთოს აქტიურობით, შერეული საკონტროლო კომისიის მოთხოვნის შედეგად გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG