Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიან თუ არა საქართველოში ტერორისტები - როგორ უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბრალდებას?


ბესლანში მომხდარის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ტერორისტთა კვალს საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებს, რუსეთის პრესა კი

აკეთებს მრავლისმეტყველ მინიშნებებს საქართველოზე, კერძოდ, პანკისისა და კოდორის ხეობებზე, როგორც ტერორისტთა თავშესაფარაზე. ამ მინიშნებებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდულს უწოდებენ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი პანკისის ხეობაში ტერორისტთა მცირე რაოდენობის არსებობაზე იწყებს საუბარს.

რას ნიშნავს ეს? - ამაზე საქართველოს ხელისუფლებას დამაჯერებელი პასუხის გაცემა მართებს. ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დაძაბვის პარალელურად რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაც დაიძაბა. როგორ უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბოლოდროინდელ გამოწვევებს, მათ შორის, შეკითხვას - არის თუ არა საქართველო ტერორისტთა თავშესაფარი?

ბესლანის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარს - ტერორიზმის სათავის მოსპობას.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხის აღიარება არ ნიშნავს, რომ რუსეთი ცვლის ტერორიზმთან ბრძოლის ტაქტიკას. ტერორიზმის სათავეებს ამ ქვეყანაში ისევ სხვაგან - მეზობელ ქვეყნებში - ეძებენ. რუსეთის პრესა არაფერს ამბობს რუსეთის ხელისუფლების სისასტიკეზე ჩეჩნეთში, არაფერს ამბობს რუსეთში გაშლილი ტერორის მიზეზებზე და აქტიურად არის დაკავებული საქართველოში ბესლანის ტერაქტში მონაწილე ტერორისტების ძებნით. კვალის ძიება ორი მიმართულებით იშლება - კოდორის ხეობისა და პანკისის ხეობის მიმართულებით. ორივე ხეობაში გუშინდელივით ახსოვთ რუსეთის საავიაციო დარტყმები, სწორედ ტერორიზმთა ბაზების კვალის ძიების მიზეზით. პანკისისა და კოდორის ხეობები რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ეპიცენტრში კარგა ხანია აღარ მოქცეულა და, აი, რუსეთის საინფორმაციო წყაროების ვერსიით, ბესლანის ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი ტერორისტი, გვარად გოჩიაევი, კოდორის ხეობაში იმალება. ნათქვამზე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანის პასუხი ასეთია:

[ემზარ კვიციანის ხმა] "საპროვოკაციოდ არის ეს ნათქვამი. ალბათ, გადაწყვეტილი აქვთ შემოგვიტიონ. გაიწვიეს ზუგდიდიდან სარდლობა და ემზადებიან შემოტევისთვის. ეს არის აბსურდული ბრალდება. ამით ემზადებიან, რომ გაამართლონ თავიანთი სამომავლო ქმედება."

მაგრამ საქართველოში ტერორისტთა ყოფნას მარტო რუსები არ აღნიშნავენ. საქართველოში ტერორისტთა ყოფნაზე აგორებულ ახალ მითქმა-მოთქმაში უაღრესად საყურადღებოდ გაისმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში რიჩარდ მაილსის განცხადება, რომელიც მან თბილისში ორშაბათს გააკეთა. მაილსმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია კოდორის ხეობაში ტერორისტთა ყოფნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება, თუმცა ნათქვამს დასძინა, რომ იცის პანკისის ხეობაში ტერორისტთა მცირე რაოდენობის ყოფნის შესახებ. მაილსის განცხადებით, "პანკისში სიტუაცია ჯერ კიდევ საქართველოს წინა მთავრობის დროს გაუმჯობესდა. ამჟამად ჩეჩენ მებრძოლთა რიცხვი იქ 90 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო საერთაშორისო ტერორისტთა რიცხვი - 70 პროცენტით.პანკისის ხეობაში არ არის საჭირო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, ეს არის სამართალდამცავთა საქმიანობის სფერო, რაშიც სხვა ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია."

რას ნიშნავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ნათქვამი, განსაკუთრებით ნათქვამის ის ნაწილი, რომელიც პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტთა რიცხვის 70 პროცენტით შემცირებაზეა ლაპარაკი? ამ შეკითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას პასუხის გაცემა მართებს, პასუხი კი ჯერჯერობით ასეთია: "პანკისის ხეობაში არ იმყოფება არც ერთი ადამიანი, რომელიც რამენაირად შეიძლება იყოს დაკავშირებული ბესლანში მომხდართან”. ასეთი განცხადება ორშაბათს გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამაც.
XS
SM
MD
LG