Accessibility links

logo-print

თურქეთი შეეშფოთებულია ერაყში თურქმენების სიკვდილის გამო


თურქეთმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მან შეიძლება შეწყვიტოს ერაყში მოკავშირეებთან თანამშრომლობა.

ანკარის შეშფოთების მიზეზი გახდა გასულ კვირაში ჩრდილო ერაყის ქალაქ ტალ არაფში მეამბოხეების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციისას ადგილობრივ თურქმენ სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა თურქეთის ტელევიზიით განაცხადა, რომ "თურქეთმა სრულიად ნათლად უთხრა შეერთებულ შტატებს, რომ თუკი მოვლენები ამგვარად განვითარდება, ერაყში თანამშრომლობას წერტილი დაესმება."

თურქეთსა და ამერიკას შორის უთანხმოებაა თავად ტალ აფარში დაღუპულ სამოქალაქო პირთა რიცხვის გამოც. ანკარა აცხადებს, რომ სულ ცოტა 60 ეთნიკური თურქმენი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული და 50 ათასამდე ადამიანმა სახლები მიატოვა და გაიქცა. ვაშინგტონის თანახმად, ამერიკის ჯარებმა მტრის 57 მეომარი გაანადგურა.

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ ეს ქალაქი ერაყელ მეამბოხეთა ერთ-ერთი დასაყრდენია ამ რეგიონში.

მაგრამ საქმე ის არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში. მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთი სერიოზულად არის განრისხებული მომხდარის გამო. ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ექსპერტის გარეთ სტენფილდის აზრით, ანკარის ამგვარი რეაქცია ორი მიზეზით აიხსნება.

[სტენფილდის ხმა] "ტალ აფართან დაკავშირებით თურქეთის მთავრობას ძირითადად ორი რამ აწუხებს. ჯერ ერთი, იქ ძირითადად სახლობენ თურქმენები. ისინი კი ეთნიკურად ენათესავებიან თურქებს. ანკარა თავს მოვალედ მიიჩნევს, დაიცვას ეს ადამიანები, განსაკუთრებით, ქურთებისგან."

როგორც სტენფილდმა უთხრა ჩვენს რადიოს, ანკარის განრისხების მეორე მიზეზი არის გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრი იად ალავი და ამერიკელები შეტყუებულ იქნენ ქურთების მიერ ტალ აფარში ვითომდა "ალ ყაიდის" და სხვა მეამბოხე ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. ანკარის აზრით, ქურთებმა მშვენივრად იციან, რომ ეს ავტომატუად გამოიწვევდა იქ თურქმენების შევიწროებას და, შესაბამისად, თურქეთსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ერაყელი ქურთები უარყოფენ ამ ბრალდებებს.

ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის მწვავე რეაქცია იმაზეც მიანიშნებს, რომ ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს ერაყში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ყოველთვის კმაყოფილი არ არის.

ერაყის ოკუპაციის წინ ანკარა ცდილობდა აქტიური როლი ეთამაშა ჩრდილო ერაყში და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არ დაუშვებდა ამ რეგიონში ქურთების მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.

ამჟამად ამ რეგიონში თურქეთის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ მათი ამოცანები შემოიფარგლება ერაყში გადასული თურქი ქურთებისთვის თვალყურის დევნებით.

დღემდე ჩრდილო ერაყში თურქები და ერაყელი ქურთების ძირითადი პოლიტიკური პარტიები რთულად მაგრამ მაინც ახერხებდნენ თანაარსებობას. ამერიკელთა ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ამ წონასწორობას დარღვევას უქადის.

სპეციალისტების აზრით, უკანასკნელი ინციდენტი მოწმობს, რომ თურქეთი - რომელსაც ტრადიციულად დაძაბული ურთიერთობები აქვს ქურთებთან - შეეგუა მათთან ურთიერთობის დღევანდელ მდგომარეობას და სტატუს კვოს შენარჩუნება ურჩევნია, ვიდრე იქ ვითარების კიდევ უფრო გამწვავება და დესტაბილიზაცია.
XS
SM
MD
LG