Accessibility links

პუტინი თავისი ძალაუფლების განმტკიცებას აპირებს


რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში, როგორც ჩანს, არსებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახალი წინადადება,

რომლითაც ის ორშაბათს გამოვიდა და რომელსაც უკვე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. პუტინი აცხადებს, რომ ინიციატივის -ფაქტობრივად, ცენტრის უფლებამოსილებების გაფართოების - მიზანია, უფრო ეფექტიანი გახდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის ხარვეზები ბესლანში დატრიალებულმა ტრაგედიამ ცხადჰყო. მაგრამ ამ სიტყვების ყველას არ სჯერა: ოპონენტები ფიქრობენ, რომ პუტინი ბესლანის ტრაგედიით სარგებლობს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ჩვენ ორივე მხარის არგუმენტებში გარკვევას შევეცადეთ.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “ტერორიზმთან ბრძოლა ჩვენი საერთო და მთავარი მიზანია და მისი მიღწევები პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად არის მობილიზებული სახელმწიფოსა და საზოგადოების რესურსები”. მაშ ასე, პუტინმა მთავარ მიზნად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა, მაგრამ თავის ინიციატივაზე საუბრისას ყურადღება არ გაუმახვილებია უშიშროების ზომებზე.

აქცენტი გაკეთდა ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში. მაგალითად, ბოლო უნდა მოეღოს რუსეთის რეგიონებში გუბერნატორების პირდაპირ აჩევნებს - მომავალში კანდიდატებს, რომელთაც თვით პრეზიდენტი წარადგენს, რეგიონული პარლამენტები აირჩევენ; და ბოლო უნდა მოეღოს სახელმწიფო სათათბიროში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევას - მომავალში ყველა დეპუტატს პარტიული სიით აირჩევენ.

[ლიუბოვ სლისკას ხმა] “ვფიქრობ, ახლა მართლაც საჭიროა საარჩევნო კანონის შეცვლა და იმაზე ფიქრი, რომ პარლამენტში იყვნენ პარტიები, რომლებიც იზრუნებენ ქვეყანაში მოსაგვარებელ საკითხებზე, რომლებიც არ მოჰყვებიან ოპოზიციური შეხედულებებით სპეკულირებას. თუ იქნება ოპოზიციური პარტია სახელმწიფო დუმაში, ის ღირსეულად უნდა შევიდეს დუმაში, მის უკან სერიოზული ელექტორატი უნდა იდგეს”. ასე ასაბუთებს პუტინის ინიციატივისადმი თავის მხარდაჭერას ლიუბოვ სლისკა- სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე.

მაგრამ არიან ინიციატივის მოწინააღმდეგეებიც და ისინი ერთ ელემენტარულ შეკითხვას სვამენ: რა შუაშია საარჩევნო კანონში ცვლილება, როცა საქმე ეხება ტარორიზის წინააღმდეგ ბრძოლას? დეპუტატ ვლადიმირ რიჟკოვს მოვუსმინოთ: [ვლადიმირ რიჟკოვის ხმა] “მოველოდით სერიოზულ, შინაარსობრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამის მაგივრად მივიღეთ ძველი პოლიტიკური ხრიკები, რომელთა შესახებ უკვე რამდენიმე წელია ცნობილი. კრემლი დიდი ხანია ოცნებობს გუბერნატორების დანიშვნასა და ჭირვეული მაჟორიტარების მოცილებაზე. მაგრამ რა შუაშია ბესლანი? და მორალურად რამდენია არის გამართლებული ასობით მძევლის, მათ შორის ბავშვების დაღუპვით სარგებლობა ძველი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად - პრეზიდენტის პირადი ძალაუფლების განსამტკიცებლად და არა ტერორიზმთან საბრძოლველად...”

გამოთქვამენ მოსაზრებასაც, რომ პუტინის ინიციატივა (თუნდაც გუბერნატორების პიდაპირი არჩევნების გაუქმება) კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პუტინი უარყოფს ამ ბრალდებას. მოსკოველი პოლიტოლოგი გეორგი სატაროვი კი ამბობს: [გეორგი სატაროვის ხმა] “კონსტიტუციაში წერია, რომ რუსეთი არის ფედერაციული სახელმწიფო. პუტინი და გუბერნატორები განსხვავებული მანდატებით არიან აღჭურვილი: პუტინი ფედერალური მანდატით, გუბერნატორები - ფედერაციის სუბიექტების მანდატებით. აქ კი ხდება შერევა, ანუ ისპობა ფედერალიზმი. ეს არის პრინციპული ცვლილება მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში და ამ ცვლილების შედეგები არც გათვლილია და არც გაანალიზებული. თუ მოვლენებს თავ-თავიანთ სახელებს დავარქმევთ, ლაპარაკია ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებაზე”.
XS
SM
MD
LG