Accessibility links

logo-print

რა ელის საქართველოს დსთ-ს სამიტზე


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მიემგზავრება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი

ქვეყნების პრეზიდენტთა სამიტი იმართება. თუმცა პრეზიდენტებამდე ყაზახეთში მთავრობის მეთაურები ჩადიან. წინასწარი ინფორმაციით, ასტანას ეწვევა მიხეილ სააკაშვილი. როგორც ცნობილია, პარლამენტის მემარჯვენეთა ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, დსთ-ს ლიდერთაგან მოითხოვოს სოხუმი-მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის დაგმობა და მიაღწიოს კიდეც ამ მოთხოვნის შესრულებას; წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო უნდა გამოვიდეს თანამეგობრობიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს ასტანაში უფრო სხვა საკითხებზე მოუწევთ ლაპარაკი.

ყაზახეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვიც ჩადის და თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელებთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებაზე აპირებს ლაპარაკს. შეთანხმება ასეთი სივრცის შესახებ უკვე არსებობს და მთავრობის თავმჯდომარეები ასტანაში განიხილავენ მისი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ, პირველი რიგის დოკუმენტებს. ოღონდ განხილვაში მონაწილეობენ მხოლოდ ის პრემიერები, რომელთა ქვეყნები ხსენებულ შეთანხმებას უკვე შეუერთდნენ. საქართველო მათ რიცხვში არ არის.

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ასტანაში მიემგზავრებიან უაღრესად გამწვავებული რუსულ-ქართული ურთიერთობის ფონზე. კარგა ხანია, საქართველოს რუსეთისგან არ განუცდია ისეთი დაწოლა, როგორსაც დღეს განიცდის. რუსეთი ზღუდავს საქართველოსთან საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის მიმოსვლას; აცხადებს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო დარტყმას მიაყენებს ტერორისტებს და ვარაუდობს, რომ ტერორისტები, შეიძლება, საქართველოში იმყოფებოდნენ; ხსნის სარკინიგზო რეისს “სოხუმი-მოსკოვი”; ჯერჯერობით ჟურნალისტთა და კრემლის ანონიმ წყაროთა მეშვეობით, ღიად ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ენერგეტიკული რეპრესიები ზამთარში. ასეთ კონტექსტში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლაზე ლაპარაკი, შესაძლოა, მთლად პროდუქტიული არ გამოდგეს. თანამეგობრობის დატოვება საქართველოსთვის კრიტიკული კოზირია, რომლის გამოყენება უფრო მწვავე ვითარებაშია შესაძლებელი. რუსეთის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები არ არის ზღვარი, სადაც წყდება ამ ქვეყნის პრესი საქართველოზე. შეგახსენებთ, საქართველო 1999 წელს გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემიდან. მოსკოვი დაჟინებით მიანიშნებს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ამ სისტემაში. არადა, კოლექტიური უსაფრთხოებიდან გამოსვლა იმხანად ნიშნავდა ნატოსთან პარტნიორულ ურთიერთობებზე გადასვლას და რუსეთთან ერთად საზღვრებისა და საჰაერო სივრცის კონტროლზე უარის თქმას. რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთთან კონტრაბანდისტული ხვრელის ამოქოლვით, რასაც ის ფორმალურად ეკონომიკური საზღვრის გადაკეტვად აღიქვამს. ასე რომ, საქართველოს ლიდერებს ასტანაში კიდევ ერთხელ მოუწევთ ლაპარაკი იმაზე, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები და რამდენად გულისხმობს მათი რეალიზება პრორუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში - იმავე ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და საბაჟო კავშირში - საქართველოს ინტეგრაციას.
XS
SM
MD
LG