Accessibility links

შესაძლებელია თუ არა პანკისის ეპოპეის განმეორება საქართველოში


კრემლის მიერ გამოცხადებული პრევენციული სამხედრო დარტყმების კონტექსტში საქართველოზე, როგორც პოტენციურ სამიზნეზე, საუბარი კულუარებიდან თანდათან

მაღალ ტრიბუნებზე ინაცვლებს. საქართველოს პარლამენტი კოდორის თავზე სამშაბათს გვიან ღამით, სავარაუდოდ, ორი რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენას ამის პირველ ნიშნად მიიჩნევს. ამ ყველაფერს კი ფონად გასდევდა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ მაილსის 13 სექტემბრის განცხადება პანკისის ხეობაში რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტის არსებობის შესახებ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებაშიც და ექსპერტებშიც სერიოზული გაკვირვება გამოიწვია.


საქართველოში თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ახსნა-განმარტების მისაცემად ელჩი მაილსი პირველად დაიბარეს მთავრობაში. მიზეზი საკმაოდ სკანდალურია: საქართველოს ხელისუფლების არაერთი მტკიცებულების საპირისპიროდ, ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი.

ნიშანდობლივია, რომ ელჩმა ეს სიტყვები რუსეთის მიერ პრევენციული დარტყმების ტაქტიკის საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გამოყენების კონტექსტში წარმოთქვა და ბევრს თავიდან მოეჩვენა, რომ ჟურნალისტებმა ელჩის ნათქვამი არასწორად გაიგეს. მაგრამ 14 სექტემბერს საელჩოს ოფიციალურ საიტზე პრესკონფერენციის ზუსტი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ყოველგვარი ეჭვები გაიფანტა.

“ჩვენ რამდენჯერმე გვქონია საქართველოს ხელისუფლებასთან მსჯელობა ამ საკითხზე და არ მინდა დღეს ამაზე ვრცლად ვისაუბრო, მაგრამ მოკლე პასუხი იქნება: დიახ, პანკისის ხეობის სიახლოვეს ჯერ კიდევ არის რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი.”

ელჩ მაილსის ამ განცხადებამ, ხელისუფლების გარდა, დამოუკიდებელი ექსპერტებიც სახტად დატოვა. მით უფრო, რომ ამერიკის საელჩოს იმავე საიტზე გამოქვეყნებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში ტერორისტების თავშესაფარი აღარ არსებობს.

პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ორი წლის წინ თავად მონაწილეობდა პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის შემუშავებაში, რიჩარდ მაილსის განცხადებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “არ ვიცი ახლა მე, საიდან უნდა შემოსულიყვნენ ეს ტერორისტები ამ ხეობაში. მე მსგავსი არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია და მოტივიც არ მესმის ამგვარი განცხადებისა, მართალი გითხრათ.”

რაც შეეხება თავად პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს, რომლებიც დღეს მრავლად ირეოდნენ უზენაესი სასამართლოს შენობაში, ისინი გადაჭრით უარყოფენ მათ ხეობაში საერთაშორისო ტერორისტების არსებობას.

[პანკისელი ქალის ხმა] “საერთოდ არ არის არაფერი ტერორისტები. რუსებმა ხომ ვიღაცას უნდა დააბრალონ /რუსულად ამბობს ამ წინადადებას/. და იმიტომ არის. ეს ყველაფერი სიცრუეა. არავითარი, არც მოტაცება არის და არც არაფერი. ძაან სპაკოინად არის ყველაფერი.”(სტილი დაცულია)

თანაც, შეერთებული შტატების ელჩის ამ სიტყვების კომენტირებისათვის სამშაბათს უკვე აღარავის ეცალა. 14 სექტემბერს დილით კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი ანტიტერორისტულ სამიზნედ კოდორის ხეობას ამზადებს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ ტერორისტები უცებ აღმოჩნდნენ კოდორის ხეობაში. სხვათა შორის, კოდორის ხეობაში მისასვლელი გზა, რეალურად, არის აფხაზეთიდან და თუ იქიდან ტერორისტები შედიან, რუსეთმა, ალბათ, ამაზე უნდა გააკეთოს ძირითადი აქცენტირება.”

ამ განცხადების შემდეგ კოდორის ხეობაში სასწრაფოდ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. კულუარებში საუბრობენ მეორე პოტენციურად სახიფათო მიმართულების, პანკისის ხეობის, დაცვის გაძლიერებაზე. არ გამოირიცხება მცირე მოცულობის ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რათა საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ხეობას მტკიცე ურდული ადევს.
XS
SM
MD
LG