Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გამოიწვევს ”ტექდათვალიერებისა” და ”სავალდებულო დაზღვევის” გაუქმება


მოულოდნელი და არაორდინარული იდეების მოყვარულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფინანსური ამნისტიის, მცირე მეწარმეების გადასახადებისაგან

გათავისუფლებისა და ამ ტიპის სხვა დაპირებებს კიდევ ერთი ინიციატივა დაუმატა. 13 სექტემბერს სააკაშვილმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ 2007 წლამდე გაუქმდება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივებს?

[ავტომობილის ხმა]

ავტომობილების ასეთი ხმაური, რომელსაც თან ახლავს მუქი ფერის, ჯანმრთელობისთვის საზიანო, გამონაბოლქვი, უცხო არ არის თბილისის ქუჩებისთვის. ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ასეთი ავტომობილებისგან ქუჩების გაწმენდაც არის. თუმცა, წლების განმავლობაში ამ სისტემაში არსებული კორუფციის წყალობით, როგორც დედაქალაქში, ასევე დანარჩენ საქართველოში უამრავი გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს.

[სააკაშვილის ხმა] ”2007 წლამდე ჩვენ აღარ მოვთხოვთ არც ტექდათვალიერებებს არც სავალდებულო დაზღვევას. ამაზე კანონს მე შევიტან პარლამენტში. აი, როცა დავრწმუნდებით, რომ კორუფცია აღარ არის და ხალხს უფრო მეტი საშუალება ექნება მაგ დროისთვის, რომ გადაიხადოს, მერე ხელახლა აღვადგენ.”

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 სექტემბერს გააკეთა, რასაც, ერთი შეხედვით, მძღოლების აღტაცება უნდა გამოეწვია, რომლებსაც ტექდათვალიერებაზე დროისა და თანხის ტყუილად ხარჯვა უწევდათ.
თუმცა მძღოლების არცთუ მცირე ნაწილი დიდი ენთუზიაზმით არ მოჰკიდებია სააკაშვილის საჩუქარს:

[მძღოლის ხმა] ”რა ვიცი, აბა, შეიძლება იყოს გამართლებული, შეიძლება არა. ბევრი უწესრიგო მანქანა გამოვა ქალაქში და, მე მგონი, მაინც არ არის გამართლებული, რომ ტექდათვალიერების გარეშე მანქანამ იმოძრაოს.”

მძღოლებს უფრო მიზანშეწონილად მიაჩნიათ სავალდებულო დაზღვევის გაუქმება:

[მძღოლის ხმა] ”დაზღვევა არაფერი არ იყო, ის დაზღვევა. იმიტომ არაფერში არ იყენებდი მაგ დაზღვევას.”

ავტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო დაზღვევით, ძირითადად, მესამე პირები, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზარალებული მოქალაქეები, სარგებლობდნენ. სწორედ მათი უფლებების დასაცავადაა დაწესებული დაზღვევის ეს სახეობა. მხოლოდ გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულთა კომპენსაციისთვის 524 ათასი ლარი აქვთ გაცემული. მომავალი წლიდან დაახლოებით ამ მოცულობის თანხის გადახდა მკურნალობისა და სხვა ხარჯებისთვის დასაფარად თავად დაზარალებულებს მოუწევთ.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაუქმებით სადაზღვევო კომპანიებიც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. მხოლოდ გასულ წელს ამ ტიპის დაზღვევით სადაზღვევო კომპანიებში 2 მილიონ 240 ათასი ლარის სადაზღვევო რესურსი შეიქმნა.

[ივა დავითაიას ხმა] ”ამ თვალსაზრისით, ნამდვილად არ არის სასარგებლო მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის. ეს იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლეს ქვეყანაში აღნიშნული დაზღვევა ასევე სავალდებულო ხასიათს ატარებს და ის აქტიურად მუშაობს.”

ეს იყო სადაზღვევო კომპანია ”ბი-სი-აის” მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ივა დავითაია, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ტექდათვალიერებისა და სავალდებულო დაზღვევის სფეროში კორუფცია, მართლაც, მძვინვარებდა. თუმცა კი მისი დაძლევა ადმინისტრაციული მეთოდებითაცაა შესაძლებელი ისე, რომ კერძო ბიზნესს თუ უბრალო მოქალქეების ინტერესს ზიანი არ მიადგეს.
XS
SM
MD
LG