Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად თავდაცვისუნარიანობა და სოციალური სფერო ცხადდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტრო მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. 2005 წლის ძირითადი ეკონომიკური კანონპროექტის წინასწარი განხილვა ჯერ

მინისტრთა კაბინეტში მიმდინარეობს. დოკუმენტის ძირითად პარამეტრებზე შეთანხმების შემდეგ პროექტი საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეცემა განსახილველად. რა პრიორიტეტები იქნება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში?

სანამ ხელისუფლება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმატებული შესრულებით ტკბება, ფინანსთა სამინისტროში 2005 წლის ბიუჯეტს ამზადებენ. საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრების, კონტრაბანდის შემცირებისა და წლის დასაწყისში ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ პროკურატურის მიერ განხორციელებული ხმაურიანი აქციებისა და ბიუჯეტში ამ გზით მობილიზებული რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წყალობით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, სახელმწიფოს მთავარი ეკონომიკური კანონის შესრულებას, როგორც ჩანს, წინ ვერაფერი დაუდგება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2004 წლის პირველ 8 თვეში ხაზინაში მობილიზებულია იმდენი თანხა, რამდენიც იყო მთელი გასული წლის განმავლობაში. ამასთან, წინა წლებისაგან განსხვავებით, ბიუჯეტში შემოსული თანხები ”რეალური ფულია” და არა ჩათვლებით და ათასგვარი მიწერებით ქაღალდზე აკუმულირებული ციფრები. ასე თუ ისე, ხელისუფლება წლევანდელი საბიუჯეტო წლის წარმატებით ამაყობს და მომავალი წლის კანონპროექტზე იწყებს მსჯელობას.

2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მომავალ კვირას წარმოადგენს. მთავრობის ორშაბათის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა, ქვეყნის ნომერ პირველი ფინანსისტი აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ორი პრიორიტეტი გამოიკვეთა: თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული ხარჯები და სოციალური შეღავათების მონეტიზაცია, რომლის დროსაც ნაკლებად შემოსავლიანი მოსახლეობა დახმარებას პირდაპირ მიიღებს.
ქვეყნის თავდაცვისუნარიონობისთვის განსაზღვრული ხარჯების ოდენობა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და მის ”გამომზეურებას” მთავრობა უახლოეს პერიოდში გვპირდება. რაც შეეხება სოციალურ ხარჯებს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის აღიარებული, მისი ოდენობაც უცნობია, თუმცა, ნოღაიდელის განცხადებით, მისი ძირითადი ნაწილი გასულ წლებში დაგროვილი დავალიანებების გასტუმრებაზე იქნება მიმართული:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”მეორე მიმართულება, რომელიც არის პრიორიტეტული, ეს არის სოციალური შეღავათების მონეტიზაცია და ეს იქნება პირდაპირ მიმართული ნაკლებად შემოსავლიანი ფენებისათვის. ამის გარდა, ამოცანა, რომელიც მთავრობას აქვს დასახული, ეს არის უკიდურესი სიღარიბის დაძლევა და წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების დაფარვა სრულად.”

თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, სიღარიბის დაძლევისა და დავალიანებების დაფარვის გარდა, საფინანსო უწყება მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის სფეროსა და ენერგეტიკას მიიჩნევს. რაც შეეხება ბიუჯეტის კონკრეტულ პარამეტრებს, ნოღაიდელი 2005 წლის ხარჯვითი ნაწილის ზრდის მაჩვენებლების წარმოდგენას მომავალ კვირას აპირებს.
XS
SM
MD
LG