Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაეს სასამართლოში შოთა ჭიჭიაშვილის პროცესი დაიწყო


14 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე იური ტაბუცაძის ხემძღვანელობით, საინფორმაციო საშუალებების მიერ “საქართველოს ნომერ

პირველ ტერორისტად” შერაცხული მევლუდ, იმავე შოთა, ჭიჭიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ჭიჭიაშვილთან ერთად უზენაეს სასამართლოში სოფელ დუისის მკვიდრ თენგიზ ქარეულიძესაც ასამართლებენ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, განსასჯელებს ბრალი ადამიანის გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში ედებათ. პროკურატურის მტკიცებით, ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს, გატაცებაც. მოგითხრობთ სასამართლო პროცესის დეტალებზე.

[პროკურორ ზაზა გრიგოლიას ხმა]” ბრალი ედება მევლუდ ჭიჭიაშვილს მასში, რომ მან ჩაიდინა ბანდიტიზმი, შექმნა ბანდა და ხელმძღვანელობდა მას პირებზე და ორგანიზაციებზე თავდასხმის მიზნით; მანვე, ჰქონდა რა ჩადენილი განზრახ მკვლელობა, სხვა პირთა თანამონაწილეობით, დამამძიმებელ ვითარებაში ანგარებით ჩაიდინა…”(სტილი დაცულია)

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელსაც პროკურორი ზაზა გრიგოლია თითქმის მთელი ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა, 1975 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დაბადებულ შოთა ჭიჭიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე, 236-ე, 209-ე, 104-ე, 179-ე და 143-ე მუხლების ნიშნით ჩადენილ არაერთ დანაშაულში ედება. პროკურორის მტკიცებით, ჭიჭიაშვილმა ბოროტმოქმედთა ჯგუფი ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოაყალიბა და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ჩაიდინა ათობით უმძიმესი დანაშაული, მათ შორის - მკვლელობა, ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, ყაჩაღობა და სხვა.

[ზაზა გრიგოლიას ხმა] “…მანვე ჩაიდინა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა…”(სტილი დაცულია)

ჭიჭიაშვილის საქმე, ჯამში, 24 ტომისაგან შედგება და მასში განსაკუთრებული ადგილი პოლიციის თანამშრომლების მკვლელობას, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილისა და ესპანელი ბიზნესმენების გატაცების ეპიზოდებს უკავია. სხვათა შორის, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ბრალდებით, ჭიჭიაშვილის გვერდით განსასჯელის სკამზე თენგიზ ქარეულიძეც ზის. ჭიჭიაშვილი ტაქტიკას არ ცვლის და დუმილის უფლებას იყენებს. ანალოგიურად იქცევა ქარეულიძეც, თანაც არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალის აღიარებაზე უარს ამბობს. მათ მაგივრად განმარტებებს ადვოკატები იძლევიან. მაკა ჩეჩელაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჭიჭიაშვილის ტერორისტად ხსენებას აპროტესტებს:

[მაკა ჩეჩელაშვილის ხმა] “მისი მდგომარეობის დამძიმების მიზნით იქნა ეს ყველაფერი გაკეთებული, წარმოჩენილიყო ეს პიროვნება როგორც კრიმინალი, როგორც ტერორისტი, როგორც უარყოფითი ადამიანი.”

[ირმა ჭკადუას ხმა] “არსებობს ერთადერთი ფარატინა ოქმი, სურათის ამოცნობის ოქმი, სადაც ბუნდოვნად არის ამოცნობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ისინი ერთადერთნი არიან, ვინც ხელს ადებს ქარეულიძეს…”

განსასჯელი ქარეულიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლოს შუამდგომლობითაც მიმართა:

[ირმა ჭკადუას ხმა] “აუცილებელია ხომ ანტონიო ტრიმინიოსა და ფრანცისკო როდრიგესის დასწრება პროცესზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად.”

ცნობისათვის: ძიების მასალებით, ესპანელი ბიზნესმენები 2000 წლის 30 ნოემბერს კახეთის გზატკეცილიდან გაიტაცეს და თითქმის ერთწლიანი ტყვეობიდან თავი 2 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ დაიხსნეს. ამ გარემოების გათვალისწინებით, დამაჯერებლად ჟღერს პროკურორ გრიგოლიას შემდეგი პასუხი:

[ზაზა გრიგოლიას ხმა] “საქმეში არის მასალები - ესპანელი ბიზნესმენები კატეგორიულ უარს აცხადებენ, საერთოდ, საქართველოს ნახვაზე და, საერთოდ, საქართველოში ოდესმე მოხვედრაზე.”

ერთი სიტყვით, დაზარალებულ ესპანელებს საქართველოში ჩამოსვლის არანაირი სურვილი არა აქვთ, მათი სასამართლოში მიყვანის სხვა რაიმე საშუალება კი არ არსებობს. ასე რომ, პროცესი, რომელიც 15 სექტემბრისთვის გადაიდო, ცხადია, ესპანელი ბიზნესმენების გარეშე გაგრძელდება. სამაგიეროდ, სასამართლო დარბაზში გამოცხადდებიან სხვა დაზარალებულები, რომელთა რაოდენობა, პროკურორის მტკიცებით, ოთხ ათეულს აღწევს. მანამდე კი მხარეები მტკიცებულებათა გამოკვლევის წესზე შეთანხმდნენ: საქმე ეპიზოდებად დაიყოფა. 15 სექტემბრის დილის თერთმეტი საათისათვის დანიშნული პროცესი კი დათიკაშვილის ეპიზოდის განხილვით გაიხსნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG