Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ანანიაშვილი იწყებს


ნინო ანანიაშვილი იწყებს - გასული კვირის მიწურულს ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ახალი ხელმძღვანელი ჟურნალისტებს

შეხვდა და თეატრის გეგმებზე ესაუბრა. ამ პრესკონფერენციაზე ნინო ანანიაშვილმა, ამავე დროს, სიურპრიზები შესთავაზა საბალეტო დასის წევრებს.

[ხმა] “ბალეტის კოლექტივი, შეგიძლიათ მოიწიოთ, ვინც დგახართ, ახლოს დადექით... შინაურულად ჩაჯექით.”

ამ “შინაურ პრესკონფერენციას” ოპერის თეატრის საბალეტო დასის წევრებთან ერთად კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. ნინო ანანიაშვილმა, პირველ რიგში, გიორგი გაბაშვილს გადაუხადა მადლობა:

[ნინო ანანიაშვილის ხმა] “ბატონო გიორგი, ეს, ალბათ, თქვენი დამსახურება იყო, თქვენ დააჯერეთ საქართველოს პრეზიდენტი და მეც დამაჯერეთ, რომ უცბად მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მეც ვღელავდი, დიდხანს ვფიქრობდი, ახლა ღელვას ვაგრძელებ, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს ხალხთან ვიქნები და შევძლებ უფრო მეტი გავაკეთო თბილისის დასისთვის.”

საბალეტო დასის პირველ შეკრებაზე ანანიაშვილმა პრესას თავისი ახალი გუნდი წარმოუდგინა - დასის გენერალური მენეჯერი კახა საკანდელიძე, დასის გამგებელი თეონა ჩარკვიანი. ნინო ანანიაშვილმა აღნიშნა, რომ, მართალია, საბალეტო დასს ჯერ მუშაობა არ დაუწყია, ოპერისა და ბალეტის თეატრს უკვე შეემატა ორი ახალგაზრდა მსახიობი - ანა მურადელი და ლაშა ხოზაშვილი. ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან მიიღეს 5, ანანიაშვილის თქმით, “ძალიან ნიჭიერი გოგონა”. ნოემბერში კი თეატრს ვასიკო ახმეტელი უნდა დაუბრუნდეს. ამ გვარის და სახელის ხსენებამ დიდი ოვაციები გამოიწვია დარბაზში.

[ნინო ანანიაშვილის ხმა] “იმედი გვაქვს, რომ ნოემბრიდან დაგვიბრუნდება ვასიკო ახმეტელი.” [ხმაური]

ანანიაშვილის თქმით, ოპერის თეატრის საბალეტო დასი არა მარტო იზრდება, არამედ იკვრება კიდეც, რასაც, ცხადია, ხელს უწყობს არა მარტო შემოქმედებითი სტიმული - მსახიობებს სჯერათ, რომ სახელოვანი ბალერინა თეატრში რეფორმებს განახორციელებს... ხელს უწყობს მატერიალური დაინტერესებაც. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ოპერის თეატრის თანამშრომლების ხელფასი ახალ სეზონში მნიშვნელოვნად გაიზრდება, დამტკიცდება ბალეტის განვითარების მიზნობრივი პროგრამაც, რომელიც დამატებითი თანხების მოზიდვას ითვალისწინებს. დასის ახალი ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ეს არ იქნება წყალში გადაყრილი ფული; ბალეტის მსახიობებს მუშაობა შეუძლიათ, ისინი მაშინაც კი მუშაობდნენ, როცა ტრანსპორტის ფული არ ჰქონდათ თეატრამდე მისაღწევად. მიუხედავად ამისა, ნინო ანანიაშვილი “შინაურულად”, მაგრამ მაინც აფრთხილებს საბალეტო დასის წევრებს:

[ნინო ანანიაშვილის ხმა] “ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ყველამ, უნდა ვიყოთ ჩვენს მიმართ მომთხოვნები... გადავრთოთ ჩვენი აზრები მუშაობაზე.”

მუშაობა კი მსახიობებს, მართლაც, ბევრი მოუწევთ. ანანიაშვილის ინფორმაციით, საბალეტო სეზონი თეატრში 5 ნოემბერს გაიხსნება. საბალეტო დასის ახალი ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ამ სეზონში ხუთ პრემიერას გამართავს. თავდაპირველად სამი ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერას წარმოადგენს, იმ სპექტაკლს, რომელიც ნინო ანანიაშვილმა იაპონიაში იცეკვა თბილისის თეატრის საბალეტო დასის წევრებთან ერთად, მათ შორის - რატმანსკის “იაპონურ სიზმრებს”. დეკემბერში ნავარაუდევია “გედის ტბის” ახალი რედაქციის დასრულება, ახალი კოსტიუმებითა და ახალი დეკორაციით ( მხატვარი გიგა ლაპიაშვილი). ანანიაშვილის თქმით, კლასიკის აღდგენა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ გასტროლებზე ჩამოსულებს საცეკვაო ჰქონდეთ. ამავე მიზნით იწყება მუშაობა “დონ კიხოტის” ახალ რედაქციაზე, რომელსაც მაყურებელი აპრილში ნახავს. “კლასიკის დასახვეწად” თეატრმა რუსი ქორეოგრაფები მოიწვია, მათ შორის - ალექსეი ფადეიჩევი, რომელიც თბილისში 17 სექტემბერს ჩამოვა. რუსების გარდა, თბილისს ბრიტანელი ქორეოგრაფებიც ეწვევიან - მომავალი წლის მაისში მათ “ამაო სიფრთხილე” უნდა დადგან. გარდა ამისა, მარტში ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯორჯ ბალანჩინის სპექტაკლებს წარმოადგენს.

[ნინო ანანიაშვილის ხმა] “ასე რომ, ავადმყოფობა არ შეიძლება, იყავით ჯანმრთელად.”

ამ სიტყვებით დაასრულა ნინო ანანიაშვილმა თავისი პირველი, “შინაური”, შეხვედრა ოპერის თეატრის საბალეტო დასთან. “შინაური” შეხვედრა - ღია იყო... ქართული მედია მას სრული შემადგენლობით დაესწრო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG