Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარების გზებს ეძებს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა კვლავინდებურად შეშფოთებულია ირანის ბირთვული პროგრამის გამო,

რომელიც, სააგენტოს დირექტორის აზრით, საშუალებას არ გვაძლევს, დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. თუმცა, იმავე მოჰამედ ბარადეის თქმით, ჯერჯერობით არც იმის მტკიცებულება არსებობს, თეირანი საიდუმლოდ მუშაობდეს ბირთვული იარაღის შექმნაზე.

გუშინ ვენაში დაიხურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომა, რომლის მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ირანის ბირთვულ პროგრამაზეც იმსჯელეს. ექსპერტთა დონეზე მოლაპარაკებები სხდომის დახურვის შემდეგაც გაგრძელდა, რასაც საბოლოოდ გაეროს ხსენებული სააგენტოს შესაბამისი რეზოლუცია უნდა მოჰყვეს.

სხდომის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას, მოჰამედ ბარადეიმ იმედი გამოთქვა, რომ კრიზისის მოგვარება პოლიტიკური გზით მოხერხდება:

[მოჰამედ ბარადეის ხმა] "ჩემი აზრით, საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენი ირანს, რომ ყველა პირობა აქვს იმ სარგებლის მისაღებად, რომელსაც მას მოუტანს ბირთვული პროგრამების გამჭვირვალეობა. იგი უნდა ცდილობდეს, მოლაპარაკებათა ამ რთულ სტადიაში რაც შეიძლება მეტი ნდობა დაიმსახუროს. ვფიქრობ, ეს შეიძლება გახდეს და გახდება კიდეც დასაწყისი უფრო ფართო დიალოგისა, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური გზით მოვაგვაროთ."

ბარადეი და მისი უწყება რთულ მდგომარეობაში არიან. ირანთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ წარმოადგინეს, ვაშინგტონს მეტისმეტად რბილად ეჩვენება. შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ თეირანი საიდუმლოდ მუშაობს ატომური იარაღის შექმნაზე და დაჟინებით მოითხოვს ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების შემოღების საშუალებას მისცემს იმ შემთხვევაში, თუ ირანმა ურანის გამდიდრება არ შეწყვიტა.

როგორ მოიქცევა დასავლეთი, თუ თეირანმა მისი მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა? ლონდონელი სამხედრო ექსპერტის, ალექს ვატანკას აზრით, დასავლეთი ბევრს ვერაფერს იღონებს.

[ალექს ვატანკას ხმა] "რა შეიძლება მოიმოქმედონ ევროპელებმა? მათ შეუძლიათ, დაეთანხმონ ამერიკელებს და ირანის საკითხი განსახილველად გადასცენ უშიშროების საბჭოს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია რუსეთის პოზიცია: ამგვარ პოლიტიკას ის მხარს არ დაუჭერს. ასე რომ, უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის გატანა პრობლემის მოგვარების იმედს არ იძლევა."

არადა, თუ გაეროს დახმარებით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, შეერთებული შტატები, როგორც ზოგი ექსპერტი ფიქრობს, სამხედრო გზას მიმართავს. თუმცა, თვით ვაშინგტონი ასეთი განზრახვის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება მას უფლებას ანიჭებს, მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებდეს ბირთვული საწვავის სრულ ციკლს, რაც, სხვათა შორის, ურანის გამდიდრებასაც გულისხმობს. და როგორც ჩვენი მეორე რესპონდენტი, შაჰრამ ჩუბინი ფიქრობს, საუბარი ახლა სწორედ იმაზეა, რომ ირანს ჩამოერთვას სრული ციკლის განხორციელების უფლება, ანუ შეიცვალოს თვით ხელშეკრულების ტექსტი.

[შაჰრამ ჩუბინის ხმა] "ამ იდეის მთავარი მიზანი ის არის, რომ ქვეყნებს, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე არ მუშაობენ, ეს უფლება ჩამოერთვათ. სამაგიეროდ, მათ უნდა შესთავაზონ ალტერნატიული წყაროები: ან მრავალეროვნული ცენტრების სახით, როგორც ეს ბარადეის ესახება, ან ურანის გამდიდრების უფლების მქონე ქვეყნების მიერ ამ უფლების არმქონეთათვის გარანტიების მიცემის გზით."

ასეთია ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის ექსპერტის, შაჰრამ ჩუბინის მოსაზრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩუბინის მიერ ნახსენებ იდეას ხორცი შეესხა, ქვეყნები, რომლებიც ურანს ამდიდრებენ, კიდევ უფრო მკვეთრად გამოეყოფიან სახელმწიფოებს, რომლებიც ამ უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG