Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური სახე


მიმდინარე კვირის ორშაბათს მკითხველს შეეძლო ოთხი გაზეთის პირველ გვერდზე ეხილა შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფოტო. გაზეთებმა

“კვირის პალიტრა” და “მთელი კვირა” დაბეჭდეს ვრცელი ინტერვიუები ირაკლი ოქრუაშვილთან, “ქრონიკა” მხოლოდ ფოტოთი შემოიფარგლა, ხოლო გაზეთმა “ახალი ვერსია” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მკითხველს მოუთხრობს ძალოვანი უწყებების პირველ პირებს შორის მიმდინარე კულუარულ ომზე. რატომ დაინტერესდა ორშაბათის პრესა ირაკლი ოქრუაშვილით?

თუ ქართული პოლიტიკის ზოგადი აქცენტები გაინტერესებთ, ორშაბათის პრესას ყურადღებით უნდა გაეცნოთ. ყოველ ორშაბათს სხვადასხვა გაზეთის ფურცლებზე ჩნდება ერთი და იგივე პიროვნება, მავანი პოლიტიკური ფიგურა, რომლის მიმართ ჟურნალისტებს რატომღაც ერთდროულად უჩნდებათ ინტერესი. 13 სექტემბრის პრესაში ასეთი ფიგურა ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რაც მიანიშნებს, რომ დაგეგმილი თუ არა, ჩაფიქრებული მაინც არის მისი როლის ზრდა პოლიტიკურ ინტერიერში.

შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის და, ზოგადად, ძალისმიერი პოლიტიკის ბურჯია. ირაკლი ოქრუაშვილის “ძლიერი ხელი” თავდაპირველად გორში გამოჩნდა, შემდეგ პროკურატურაში შეიჭრა, მოგვიანებით პოლიციას გადასწვდა და სამომავლოდ, შესაძლოა, სხვა უწყებებშიც ამოქმედდეს. ამაზე მეტყველებს კულუარული ინფორმაცია და ამასვე ადასტურებს პოლიტიკური ლოგიკაც.

მიხეილ სააკაშვილს ახალი “რკინის კაცი” მუდმივად გადაჰყავს იქ, სადაც მოცემულ მომენტში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ხორციელდება. ამიტომ, თუ ცხინვალის პრობლემის მოსაგვარებლად ქართული სახელმწიფო სამხედრო ოპერაციებს დაგეგმავს, მოსალოდნელია, რომ იმ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს სწორედ ოქრუაშვილი უხელმძღვანელებს. დღეს პოლიციის მინისტრი აცხადებს, რომ მას არ აწუხებს ილუზია, თითქოს ცხინვალის პრობლემის მოგვარება მშვიდობიანად იყოს შესაძლებელი. იქვე ოქრუაშვილი ბარამიძეს პოლიტიკურ ალღოს უწუნებს.

ამ აგრესიული განცხადებების ფონზე, გასათვალისწინებელია, რომ ოქრუაშვილს ჯერჯერობით მხოლოდ შინაგანი ჯარი ექვემდებარება. არადა, თვითონვე ამბობს ინტერვიუებში, რომ შინაგანი ჯარი დღევანდელი ფუნქციით აღარ უნდა არსებობდეს: ან სამოქალაქო სტრუქტურად უნდა გარდაიქმნას, ანდა თავდაცვის სამინისტროს შეუერდეს.

როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ამგვარად ხედავს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარის ფუნქციას, ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ან პოლიციის მინისტრი შორიდან აპირებს თვალყურის დევნებას, როგორ აღადგენს სახელმწიფოს იურისდიქციას ცხინვალში ქართული ჯარი გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, ან იგი თავად აპირებს ჯარის წინამძღოლობას.

აქაც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი, პოლიციის მინისტრი სულ ომზე, მტრებზე და მათ განადგურებაზე საუბრობს; ამიტომ ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობა სწორედ მას ენდობა და მას უჭერს მხარს. მეორე: ოქრუაშვილმა პირადად ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის გამოც პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურა. მესამე: თავდაცვის სამინისტროს პირველი პირი კანონმდებლობით სამოქალაქო პირია, რაც, ბარამიძის მსგავსად, ოქრუაშვილსაც უხსნის გზას ამ პოსტისკენ; მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: პოლიტიკაში ადამიანები მოქმედებენ სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით. თუკი ოქრუაშვილი პრეზიდენტის გარემოცვის გავლენიანი წევრია, ცხადია, მას აქვს ბერკეტები, რომ მოვლენების ეპიცენტრს არ მოსწყდეს. შესაბამისად, თუ დაიგეგმება სპეცოპერაცია ცხინვალში, თუნდაც ერთკვირიანი, როგორც თავად ოქრუაშვილი ვარაუდობს, ცხადია, იგი შეეცდება ამ ოპერაციას პირადად უხელმძღვანელოს. პოლიციის მინისტრი მშიშარა კაცი არ არის, არც პასუხისმგებლობას გაურბის, არც საზოგადოების აზრს უწევს დიდად ანგარიშს და სამომავლო ამბიციებზეც უარს არ ამბობს. სახელისუფლო კულუარებში მას პრემიერ-მინისტრობასაც უწინასწარმეტყველებენ. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს მხოლოდ ცხინვალის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, თანაც, იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემის გადაწყვეტაში პირადად ირაკლი ოქრუაშვილის ძალისხმევა ჩაიდება.

მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოების ყურადღებას იქცევს საგაზეთო ინტერვიუებით, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სიუჟეტებით, კულუარული ბრძოლით და, რაც მთავარია, საჯარო ძალისმიერი პოლიტიკით. ვიდრე პრეზიდენტი ძალისმიერი პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს, ოქრუაშვილი მისი გარემოცვის დედაბოძად რჩება.
XS
SM
MD
LG