Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ელექტრონული დედამიწა”, ბრიტანული აქცენტით


20 სექტემბერს თბილისში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მდებარეობს, დაიხურება თანამედროვე ბრიტანული

ვიდეოარტის გამოფენა, სახელწოდებით “ელექტრონული დედამიწა”. ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა ქართული მედია “ელექტრონულმა დედამიწამ” მაინცდამაინც არ ააღელვა. ჩემი აზრით, ეროვნული მასკულტურა წინააღმდეგობას უწევს ყველაფერს, რაც მის მიმართ ირონიას გამოხატავს.

მასკულტურას, იმავე “პოპკულტურას”, ქართული მედია დაპყრობილი რომ აქვს, ამას თავად ქართულ ტელე და რადიოარხებზე, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში აღიარებენ. “ასეა მთელ მსოფლიოში” – იმართლებენ თავს პოპკულტურის მგზნებარე პროპაგანდისტები, თუმცა იმას აღარ ამბობენ, რომ მთელ მსოფლიოში თუ არა, ეგრეთ წოდებულ “ცივილიზებულ მსოფლიოში” მაინც პოპკულტურას ალტერნატივაც აქვს... საქართველოში ალტერნატიული კულტურა არსებობს, მაგრამ მედია, როგორც წესი, ასეთ ხელოვნებას ახლოს არ იკარებს...

და აი, ალტერნატიული კულტურა “ცივილიზებული მსოფლიოდან”, იმავე ბრიტანეთიდან, გვეწვია – 20 სექტემბრამდე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, წარმოადგენს პროექტს “ელექტრონული დედამიწა”, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრების - ოლივერ პეინის, ნიკ რელფის, რობ კენედისა და სხვათა -ნამუშევრებს. წესით და რიგით, ჩვენს ახალგაზრდებს აქ ბევრი რამ უნდა მოსწონებოდათ – “ელექტრონული დედამიწის” ავტორები ხომ თავიანთი თაობის პორტრეტს გვიხატავენ – მუსიკალური კლიპების, ციფრული ტექნოლოგიების, კომპიუტერების, დისკოტეკებისა და სისწრაფის თაობის პორტრეტს... თაობისა, რომელსაც თავისი კერპიც ჰყავს – ენდი უორჰოლი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილმა მხატვარმა ვოლფგანგ ტილმანმა, მაგალითად, თავისი ვიდეოკომპოზიცია, სახელწოდებით “ალები”, ადამიანის პლასტიკისა და მუსიკის ურთიერთობაზე ააგო – მხოლოდ ვიდეოარტს შეუძლია აღბეჭდოს რა ხდება ადამიანის სხეულში, როცა იგი ამა თუ იმ მუსიკას უსმენს; სტეფან სათკლიფმა თავისი ნამუშევარი ძალიან საინტერესოდ “მონათლა" – “ძალიან გთხოვთ, მომეცით ის, რაც მინდა”... და განა არსებობს დედამიწაზე ახალგაზრდა, რომელსაც ასეთი სურვილი არა აქვს – დედამიწა ხომ “ელექტრონულია” – გრძნობები და ვნებები ხალხს ადვილად გადაეცემა მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათ შორის, ეს თავისებური აუტიზმიც, რომელსაც ბრიტანელები დასცინიან, მაგრამ მაინც ვერ ელევიან.

ასეთი გრძნობები და ვნებები არც საქართველოსთვისაა უჩვეულო. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ბრიტანული ვიდეოარტით ჩვენი მედია არ დაინტერესებულა – საქართველო ჯერ არ არის “ელექტრონული”, ქვეყანაში დენის დეფიციტია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG