Accessibility links

logo-print

ტურიზმის სხვა სახე: ეკოლოგიური ტურიზმი, როგორც მასობრივი ტურიზმის ალტერნატივა


მოგეხსენებათ, ადამიანების ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილების პრაქტიკას დიდი ისტორია აქვს. შეძლებული ადამიანები საუკუნეების განმავლობაში მოგზაურობდნენ

მსოფლიოს შორეულ მხარეებში ახალი და უცხო კულტურების, ენების თუ სამზარეულოების გაცნობის მიზნით; მეოცე საუკუნეში ამ პრაქტიკამ ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი მიიღო, რასაც, თავის მხრივ, ტურიზმის ცნების დამკვიდრება მოჰყვა. დღეს ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ, მასობრივ ინდუსტრიას წარმოადგენს. თუმცა მასობრივი ტურიზმის პრაქტიკას ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ალტერნატიული ფორმა გამოუჩნდა, რომელსაც ეკოლოგიური ტურიზმი ეწოდა და რომელმაც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ეფექტური დაცვის ხელშეწყობა დაისახა მიზნად. დღეს სწორედ ამ განსხვავებული სახის ტურიზმსა და საქართველოში მისი განვითარების პერსპექტივებზე მინდა გესაუბროთ.

[მატარებლის ხმა]

როდესაც რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად მატარებელში ვიჯექი და თბილისიდან ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისში მივემგზავრებოდი, საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა იმის შესახებ, თუ რა დამხვდებოდა იქ. საქმე ის გახლდათ, რომ ამ მოგზაურობის ინიციატორიც და ორგანიზატორიც ჩემი გერმანელი მეგობარი ულრიკე ბრენდელი იყო. ულრიკე გარემოს დამცველ ორგანიზაცია Greenpeace- ში მუშაობს და მისი მარელისში ჩასვლის სურვილი იმით იყო განპირობებული, რომ ეს სოფელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ერთ-ერთი შესასვლელი პუნქტის ფუნქციას ასრულებს. ეს პარკი კი, თავის მხრივ, 1995 წელს შეიქმნა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის – იმავე WWF-ის – და გერმანიის მთავრობის დახმარებით და დღეს, 76 000 ჰექტარამდე ფართობის მიხედვით, ერთ-ერთ უდიდეს ეროვნულ პარკს წარმოადგენს ევროპაში.

[წვიმის ხმა]

ჩვენი მარელისში ჩასვლა წვიმიან ამინდს დაემთხვა. ულრიკეს წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი ადგილები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ მარელისში აშენებულ სასტუმროში, რომელიც დღეს ეროვნული პარკის კუთვნილებას წარმოადგენს და რომელსაც ადგილობრივი ოჯახი უწევს ადმინისტრირებას. როგორც ამ ოჯახის წარმომადგენელმა გიორგი მაღრაძემ მითხრა, სასტუმროს, ძირითადად, ევროპიდან ჩამოსული ადამიანები სტუმრობენ:

[გიორგი მაღრაძის ხმა] “გერმანელების აშენებულია, WWF-ი არის ფირმა. მოდიან, ძირითადად, გერმანელები დასასვენებლად. ქართველები ერთი ოჯახი გვყავდა ერთი კვირის წინ. შვეიცარიელები იყვნენ, ინგლისელები, ჰოლანდიელები; მოსწონთ ბუნება; ისვენებენ და მიდიან. ორი დღით, სამი დღით ჩამოდიან.”

ერთი შეხედვით, დასავლეთ ევროპიდან ჩამოსული ტურისტების მარელისით დაინტერესება, შესაძლოა, უჩვეულო ჩანდეს იმის გათვალისწინებით, რომ, საერთოდ, ტურიზმის განვითარება საქართველოში ჯერაც სამომავლო პერსპექტივად ისახება, რამაც ქვეყანას ახალი შემოსავლის წყარო უნდა გაუჩინოს. ტურიზმი დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინდუსტრიას წარმოადგენს და, შესაბამისად, მასზე მრავალი ქვეყანაა ეკონომიკურად დამოკიდებული. მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მასობრივი ტურიზმის ფენომენს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. სიამოვნების მიღების მიზნით მოგზაურობა, როგორც წესი, მდიდარი ქვეყნების შეძლებული მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი; შედარებით ღარიბი ქვეყნები კი ტურისტებისთვის საინტერესო მხარედ გადაქცევას ცდილობენ და ეკონომიკურად დამოკიდებული ხდებიან ტურისტული კაპიტალის შემოსვლაზე. ეს, ბევრის აზრით, ღარიბი ქვეყნების კულტურასა და გარემოზე დესტრუქციულ გავლენას ახდენს და მსოფლიოში არსებული უთანასწორობის გაძლიერებას ემსახურება.

შესაბამისად, 80-იანი წლებიდან მსოფლიოში იწყებს დამკვიდრებას სხვა სახის ტურიზმი, რომელიც მასობრივი ტურიზმის ალტერნატივად შეიძლება მივიჩნიოთ. დღეს ტურიზმის ალტერნატიული ფორმების ყველაზე გავრცელებული სახელწოდება ‘ეკოტურიზმია’, რაც ბუნებრივ გარემოში ფრთხილ მოგზაურობას და რესურსების გონივრულ მოხმარებას გულისხმობს. ულრიკე ბრენდელის აზრით, ეკოტურიზმი მოგზაურობის პროგრესული ფორმაა:

[ულრიკე ბრენდელის ხმა] “ჩემი აზრით, ეკოტურიზმი ტურიზმის ის ფორმაა, რომელიც რესურსების გონივრულ და მდგრად გამოყენებას ითვალისწინებს – გარემოს დაბინძურების და დანაგვიანების დაუშვებლობას, მოცემული სივრცის ზედმეტად ბევრი ტურისტისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი შენობებისგან დაცვას. ეკოტურიზმი არსებულ გარემოსთან ორგანულად შერწყმას ცდილობს და არ ანგრევს არსებულ ბუნებრივ სტრუქტურებს. ეკოტურიზმი რესურსების გაზრდასა და მათ მდგრად გამოყენებას ისახავს მიზნად.”

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ მარელისში აშენებული სასტუმრო სწორედ ამ სახის ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. სასტუმრო გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება; ეს პარკი კი ეკოტურიზმისთვის, მართლაც, იდეალურ გარემოს წარმოადგენს, ვინაიდან განსაკუთრებით მდიდარია ფლორის ნიმუშებით, ფაუნის წარმომადგენლებით და ხელუხლებელი ტყეებით. როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობაში მითხრეს, ეროვნულ პარკს სხვა დაცული ტერიტორიებისგან – მაგალითად, ნაკრძალებისგან – ის განასხვავებს, რომ, განსაზღვრული ტერიტორიების გარდა, პარკში ტურიზმის შეთავსებაა შესაძლებელი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის კოორდინაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ზურაბ ავალიშვილმა ეროვნული პარკის ცნება ასე განმიმარტა:

[ზურაბ ავალიშვილის ხმა] “ეროვნული პარკის ცნება ნიშნავს, რომ არსდება ტერიტორია, რომელიც, გარდა ტერიტორიის დაცვისა და ეკოლოგიური საკითხებისა, ამ ტერიტორიის შიგნით არის ზონები, რომლებსაც ჩვენ ბუფერულ ზონებს ვუძახით და სადაც დაუშვებელია ყოველნაირი აქტივობა - ტურისტების აქტივობაც. ანუ სუფთა სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს. საბჭოთა კავშირის დროს იყო აღკვეთილები, ზაპავედნიკები და ა.შ. – მაგრამ თუ ზაპავედნიკები დახურული იყო მთლიანად, აქ ჩვენს ეროვნულ პარკებში არის ზონები, სადაც შეიძლება ტურისტების მიმოსვლა – ცხადია, რაღაც ჩარჩოებში და კონკრეტულ მარშრუტებზე.”(სტილი დაცულია)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ითვალისწინებს რვა კონკრეტულ მარშრუტს, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკური მომზადების ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და ერთიდან სამ დღემდე გრძელდება. პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობისთვის საჭირო აღჭურვილობა ქირავდება – იქნება ეს საძილე ტომრები, კარვები თუ ცხენები. ზურაბ ავალიშვილი ფიქრობს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განსაკუთრებული სიმდიდრე და ბიომრავალფეროვნება, უცხოელი მოგზაურების გარდა, საქართველოს მცხოვრებლებსაც გაუჩენს ეკოლოგიურ ტურისტად ქცევის სურვილს:

[ზურაბ ავალიშვილის ხმა] “ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ქართველი, ადგილობრივი ტურისტებიც საკმაოდ მომრავლდნენ პარკის ტერიტორიაზე და ოჯახებით გადიან ერთი ან ორი დღით ბუნებაში, ნახულობენ, თუ რა და როგორ არის. ჩვენი გიდები უხსნიან რა გარემოში არიან. გიდებიც, რომლებიც თითოეულ ჯგუფს, თითოეულ ტურისტს გაჰყვებიან და ყველაფერ ამის შესახებ ესაუბრებიან, ადგილობრივები არიან. ეს გიდებიც მომზადებულები გვყვანან - შესაბამისად, სერტიფიცირებულები არიან: დაწყებული პირველი დახმარებიდან, - ღმერთმა ნურავის დააჭირვოს, – დამთავრებული იმ საკითხებით, რაც პარკს შეეხება, ეკოლოგიას თუ ეკოტურიზმს.” (სტილი დაცულია)

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირება წარმატებულად მიმდინარეობს. მათ მხოლოდ ერთი ასპექტი აფიქრებთ – ის, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიიდან დაახლოებით 19 კოლომეტრში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა მიდის. მომავალ კვირას ყოველკვირეული რუბრიკა ‘სხვა სახე’ ამ თემებზე საუბარს განაგრძობს და ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთზე გავლის შესახებ მოგითხრობთ.
XS
SM
MD
LG