Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიახლე ოპოზიციის ფლანგზე - კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ახალ პარტიას ქმნიან


საქართველოში ხელისუფლების ოპოზიციის ფლანგზე სიახლეა: ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ახალი მემარჯვენე იდეოლოგიის პარტია ემატება. ეს “ეროვნულ

ძალთა გაერთიანება - კონსერვატორებისა” და “ საქართველოს ერთიანობის კავშირის” ბაზაზე ხდება. ერთის ლიდერი ზვიად ძიძიგურია, მეორის- კობა დავითაშვილი. ამ ორ ლიდერთაგან ვინ გახდება ახალი პარტიის თავმჯდომარე, ამას შიდაპარტიული არჩევნები გადაწყვეტს. კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ქმიან პარტიას, სადაც პოსტები დემოკრატიული პრინციპებით - ნამდვილი არჩევნებით - გადანაწილდება.


კობა დავითაშვილის “საქართველოს ერთიანობის კავშირი” და ზვიად ძიძიგურის “ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები” დღეიდან ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენენ. ახალი გაერთიანების სახელწოდება პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი. ის ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. ყრილობა აირჩევს პარტიის თავმჯდომარესაც.

“ეროვნულ ძალთა გაერთიანება -კონსერვატორებისა” და “საქართველოს ერთიანობის კავშირის” ერთ პარტიად გაერთიანება კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა 15 სექტემბერს მოწვეულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს. მოვიყვან ამავე პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განმარტებებს ახალი პარტიის მიმართულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ: პარტია იქნება მემარჯვენე ორიენტაციის , იქნება აგებული დემოკრატიულ პრინციპებზე და მასში ყველა მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს დემოკრატიული არჩევნები. ახალი პარტია იქნება ოპოზიციური, თუმცა ოპოზიციაში ყოფნა მისი ლიდერების თვითმიზანი არ არის და იქნება შემტევი პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩემს შეკითხვას - “ როგორი იქნება
“ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორებისა” და “საქართველოს ერთიანობის კავშირის” გაერთიანების პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები?” - კობა დავითაშვილმა ასე უპასუხა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები იქნება ანალოგიური იმისა, რაც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს”.

ნათქვამი სერიოზულ სამომავლო ბრძოლაზე მიანიშნებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი გაერთიანების ლიდერებს აქვთ ბრძოლის გამოცდილება. ” ნაციონალური მოძრაობისა “ და კობა დავითაშვილის გზები “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაიყარა, უფრო ზუსტად, მას შემდეგ, რაც, პრეზიდენტის ინიციატივით, შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია და პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანიას კანდიდატურა დასახელდა. რაც შეეხება ზვიად ძიძიგურს, “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” დიდი საპარლამენტო უმრავლესობისგან მისი გამიჯვნის მიზეზი კობა დავითაშვილის ინიციატივაზე უმრავლესობის ლიდერების რეაქცია გახდა, კერძოდ, საპენსიო დავალიანებების გაცემის ჟვანიასეული მექანიზმის გასასაჩივრებლად ხელმოწერების შეგროვებისას დეპუტატებზე ზეწოლა ხელმოწერების უკან გამოსათხოვნელად. ძიძიგურმა მიიჩნია, რომ მისი ადგილი არ იყო ისეთ უმარვლესობაში, სადაც დეპუტატებს უკარნახებენ, რა შეიძლება გააკეთონ და რა არა.
“ნაციონალური მოძრაობა-დემოკარტებისგან” გამიჯნულ ორ ლიდერს ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება ოპოზიციის ფლანგზე შექმნილმა კრიზისმა უკარნახა. ახალი პარტია იქნება ხელისუფლების ოპოზიციაში და დაუპირისპირდება ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს (როგორც საგარეოს, ისე საშინაოს), რადგან კურსი ახალი გაერთიანების ლიდერებისთვის მიუღებელია.

[კობა დავითაშვილის ხმა} “საგარეო კურსის მიუღებლობაში ვგულისხმობთ აშკარა კუდის ქიცინს რუსეთის ხელისუფლებისადმი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან; საშინაო კურსში მიუღებელია რეკეტის და უკანონობის ის მეთოდები, რომლებითაც მართავს ქვეყანას ხელისუფლება; ჩვენთვის მიუღებელია ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ გვსურს დემოკრატიული საზოგადოება. “

კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა მოუწოდეს ნაციონალურ მოძრაობაში იდეისთვის და არა სკამებისთვის მისულ ადამიანებს დატოვონ სახელისუფლებო პარტია და შეუერთდნენ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას.
XS
SM
MD
LG