Accessibility links

logo-print

თბილისის მერია “საავტომობილო საცობებს” ახალი სატრანსპორტო კვანძების გახსნით ებრძვის


ვისაც საქართველოს დედაქალაქში ავტოტრანსპორტით ერთხელ მაინც უმგზავრია, დაგვეთანხმება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის ქუჩები

სატრანსპორტო ნაკადს ვეღარ აუდის. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე, სადაც “საავტომობილო საცობები” მთელი დღის განმავლობაში წარმოიქმნება. შექმნილი სიტუაცია ვერც ახალი შუქნიშნების დამონტაჟებამ გააუმჯობესა და ვერც ავტოინსპექტორების უშუალო ჩარევამ. მაგრამ, როგორც ჩანს, თბილისის მერიამ პრობლემის გადაჭრის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. გადაწყდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო კვანძი, ეგრეთ წოდებული “სამკუთხედი”, რომელიც, ვარაზისხევთან ერთად, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს მოიცავს. თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ ამ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შემოღება საგრძნობლად გაზრდის ტრანსპორტის გამტარუნარიანობას. რას ფიქრობენ სიახლის შესახებ თბილისელები?


[ისმის ნიჩბების ხმა]

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ფილარმონიის წინ, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გასაყართან, ადრიანი დილიდან გამოჩნდნენ. ისინი აქ, როგორც განმიმარტეს, ბეტონის ჯებირებისგან ახალ სატრანსპორტო კვანძს აშენებენ.

[მამაკაცის ხმა] “ამას აქ - ბელტის დაგებას და რამეს - ჩვენ ვაკეთებთ… დღეს დავიწყეთ. ალბათ, ერთ-ორ დღეში მოვრჩებით… მოვასწრებთ, აუცილებლად მოვასშრებთ.”

სამუშაოს დასრულება, როგორც თბილისის მერიაში ამიხსნეს, 18 სექტემბრამდე უნდა მოესწროს. სწორედ ამ დროისათვის იგეგმება ეგრეთ წოდებული “სამკუთხედის” პრეზენტაცია.

სამკუთხედი სამი პირობითი გვერდის - ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებისგან შედგება. სიახლის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სამ ქუჩაზე ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს. კერძოდ: “სამკუთხედის” მიხედვით, ვარაზისხევში მანქანები მხოლოდ ქვემოდან ზევით იმოძრავებენ, თუმცა გახვევა ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
ვაკიდან გმირთა მოედანზე მიმავალი ტრანსპორტი კი გაივლის მელიქიშვილის ქუჩას, ფილარმონიის პირდაპირ დატრიალდება მარცხნივ და დაუყვება კოსტავას ქუჩას.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირიდან ვაკეში მოხვედრის მსურველებს: საავტომობილო ნაკადი, კოსტავას ქუჩის გავლით, ჯერ გმირთა მოედანზე სპეციალურად აგებულ ჯებირს დაარტყამს წრეს, შემდეგ კი ვარაზისხევით მოხვდება ვაკეში.

სიახლემ, როგორც თბილისის პრემიერი ბიძინა ბრეგაძე აცხადებს, შესაძლოა, ზოგიერთი მძღოლის უკმაყოფილება გამოიწივოს, თუმცა მას ესმის რომ:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] “ყველაფერ ახალთან შეგუება უჭირს ადამიანს. იმდენად კარგი ინიციატივაა, რომ მე იმედი მაქვს, გაამართლებს და თბილისელებს უფრო გაუადვილდებათ გადაადგილება დედაქალაქში.”

ინიციატივა რომ კარგი და დროულია, ამას, პროფესიონალ მძღოლებთან ერთად, რიგითი თბილისელებიც ადასტურებენ. ჯერ მძღოლების აზრი მოვისმინოთ:

[მამაკაცის ხმა] “ალბათ, იციან სპეციალისტებმა და უკეთესი პირობები შეიქმნება. ამიტომ აკეთებენ გზას, რომ ჰქონდეს წარმადობა და პრობკები რომ არ წარმოიშვას.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “კოსტავაზე ძაან დიდი საცობები იყო და მანდ გაიწმინდება, მაგრამ ერთი ეგაა, რომ შეიძლება ზემოთა ქუჩები გადაიტვირთოს - ბარნოვი და ზემოთ.”

კმაყოფილებას ვერც ფეხით მოსიარულენი მალავენ.

[ქალბატონის ხმა] “გზებთან დაკავშირებით მაინც არაფერი არ მესმის, ვინაიდან მძღოლი არა ვარ, მაგრამ, ალბათ, მაინც უკეთესი იქნება.”

[მამაკაცის ხმა] “მე მგონი, კარგი საქმე კეთდება ამით: მოძრაობა განიტვირთება და თუ რამე გამწვანდება და გალამაზდება, ეს ჩვენ ქალაქს ძალიან დაამშვენებს და წაადგება. ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნიდა - სულ საცობები იყო, სულ გადატვირთული იყო მოძრაობა ძალიან.” (სტილი დაცულია)

სიახლით, ალბათ, ყველაზე მეტად მაინც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იხეირებენ. “საავტომობილო საცობებისაგან” გზების გასუფთავებას ხომ მათი დროისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი მიაქვს. პატრულ-ინსპექტორ ირაკლი ჯანაშვილს მე კოსტავას ქუჩაზე გამოველაპარაკე.

[ირაკლი ჯანაშვილის ხმა] “საცობების თავიდან აცილების მიზნით კეთდება, გაჩერებები აქ არ იქნება და, მოძრაობის წესების თანახმად, არ იქნება საცობები და ხალხს გაუადვილდება მოძრაობა. ამიტომ კეთდება ეს. ეხმარება ხალხს და მძღოლებს მოძრაობაში.”

თუმცა ერთი “სამკუთხედი”, ერთი ახალი სატრანსპორტო კვანძი რომ თბილისის ზომაზე მეტად გადატვირთულ ქუჩებს ვერ განმუხტავს, იმთავითვე ცხადია. მძღოლები ყველაზე რთულ და გაუვალ უბნებად გამსახურდიასა და აღმაშენებლის გამზირებს მიიჩნევენ. ასე რომ, დედაქალაქის მერიას საერთო მდგომარეობის გამოსასწორებლად კიდევ არაერთი სატრანსპორტო კვანძისა და გეომეტრიული ფიგურის აგება მოუწევს.
XS
SM
MD
LG