Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველის პოსტზე პრეზიდენტმა პარლამენტს სოზარ სუბარის კანდიდატურა წარუდგინა


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში ქვეყნის სახალხო დამცველის ერთადერთი კანდიდატის სოზარ სუბარის მოსმენამ 15 სექტემბერს დადებითად ჩაიარა.

დეპუტატების აზრით, სოზარ სუბარს აქვს შანსი და პოტენცია, სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა დამცავ რეალურ სტრუქტურად აქციოს. ფრაქციებისა და კომიტეტებისგან ერთსულოვანი მხარდაჭერით აღჭურვილი სოზარ სუბარი უახლოეს დღეებში პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე წარდგება. სახალხო დამცველის პოსტზე იგი საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის წერილი ქვეყნის პარლამენტში 13 სექტემბერს შევიდა. თუმცა მისი ფაქტობრივი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ადრე გახდა ცნობილი: დაახლოებით ორთვე-ნახევრის წინ მიხეილ სააკაშვილმა მესამე სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ომბუდსმენის პოსტზე მისთვის სოზარ სუბარი სავსებით მისაღები კანდიდატურა იყო. სოზარ სუბარი, იგივე სუბელიანი, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში დაიბადა. განათლებით ისტორიკოსია. დამთავრებული აქვს ასევე თბილისის სასულიერო აკადემია. არის 40 წლის. აქვე მრავალფეროვანი სამუშაო ბიოგრაფია: იყო მეცნიერ-თანამშრომელი, მედავითნე, სკოლის დირექტორი, ჟურნალისტი. ომბუდსმენის პოსტზე წარდგენის დროისთვის იგი თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი პროექტის დირექტორია.
სოზარ სუბარს რადიო “თავისუფლების” ერთგული მსმენელი კარგად იცნობს: მის მიერ ჩვენი ეთერისთვის მომზადებული გადაცემების გამოკვეთილი ორიენტირი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იყო. შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი პირველია იმ ქართველ ჟურნალისტთა შორის, რომლებმაც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში სცადეს კალამი. პრინციპულობა, ობიექტურობა და გულისხმიერება ის თვისებებია, რომელთაც სოზარ სუბარი ჟურნალისტურ - და არამარტო ჟურნალისტურ - საქმიანობაში ავლენდა. მართალია, უმცირესობაში მყოფ სკეპტიკოს დეპუტატთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მის ამ თვისებებს, ომბუდსმენად მისი დამტკიცების შემთხვევაში, სერიოზული გამოცდა ელის, მაგრამ თავად სუბარი ოპტიმისტურადაა განწყობილი:

[სოზარ სუბარის ხმა]”მე პირობას ვდებ, რომ ეს იქნება ოფისი, რომლის თითოეული წევრი იმუშავებს მაქსიმალურად და იმუშავებს 24 საათი და ატმოსფერო შეიქმნება ისეთი, რომ ნაკლებად დაირღვეს ადამიანის უფლებები და მე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ძალიან მალე აღარ უნდა იყოს ლაპარაკი ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის წამება და ნარკოტიკის ჩადება და, უბრალოდ, გაცილებით მაღალ სტანდარტებზე მოგვიხდება საუბარი.”

სოზარ სუბელიანი 2000 წელს უკვე იყო ომბუდსმენობის კანდიდატი. მაშინ საქართველოს პარლამენტმა, უფრო კი ქვეყნის პირველმა პირმა, საკითხი ნანა დევდარიანის სასარგებლოდ გადაწყვიტა. დრო და ვითარება შეიცვალა და ქვეყნის პირველი პირის რჩეული ამჯერად სოზარ სუბარია. მას პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი მოხაზული აქვს:

[სოზარ სუბარის ხმა]” არის თემები, რომლებზეც უნდა დამთავრდეს საუბარი. მართლა არ შეიძლება, რომ დენით შეერთება კიდევ დარჩეს დიდხანს დღის წესრიგში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლი, რომ მე არაფერს არ ვაკეთებ და ჩემს მუშაობასაც აზრი არა აქვს. რა ვიცი. და არის თემები, იგივე საგანმანათლებლო, იგივე ის, რომ მართლა მთელი მოსახლეობა იყოს აქტიური და მეტად ჩაერთოს თავისი უფლებების დაცვაში, რაც უკვე სახელმწიფოს მართვაში ჩართულობასაც ნიშნავს. ეს არის დიდი ხნის სამუშაო და, ამ მხრივ, დიდი სიამოვნებით გადავდებ თავს.”(სტილი დაცულია)

[ნაზი არონიას ხმა]” საზოგადოება მას იცნობს თავისი თავისუფალი აზრის გამო , როგორც ადამიანის უფლების ერთ-ერთ დამცველს, და რაკი მან მოიპოვა ეს ავტორიტეტი, დღეს არ ჩანს სხვა ვინმე, ვინც ასეთი შეულახავი რეპუტაციით, ვინც თავისი დაგროვილი გამოცდილებით ამ სფეროში, იქნებოდა მისი ალტერნატივა. ამიტომაც არის ის უალტერნატივო.”

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნაზი არონია ფიქრობს, რომ ომბუდსმენს საქართველოში კანონით დიდი უფლებები აქვს მინიჭებული და სოზარ სუბარი ამ არსენალის მაქსიმალურად გამოყენებას შეძლებს. ომბუდსმენის ინსტიტუტის ცვლილებების პროექტზე მუშაობა კი, როგორც ჩანს, მოქმედი ომბუდსმენის პირობებში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG