Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის წინ ''რადიო თავისუფლებას'' ესაუბრა


16 სექტემბერს დაიწყო ევროკომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის ოთხდღიანი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში.

მთელი ისტორიის მანძილზე ეს არის ევროკომისიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში. საქართველოს რომანო პროდი პარასკევს ბაქოდან ეწვევა. სამხრეთკავკასიურ ტურნეს ის 19 სექტემბერს ერევანში დაასრულებს. რას უნდა მოველოდეთ ამ ვიზიტისგან? ამის შესახებ რომანო პროდი ბაქოში გამგზავრებამდე ჩვენს რადიოს ესაუბრა.

რომანო პროდის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ზაფხულში დაიგეგმა – მაშინ, როცა ევროკავშირის საბჭომM ამ რეგიონის ქვეყნების "სამეზობლო ინიციატივაში" ჩართვა გადაწყვიტა. შესაბამისად, ამ ოთხი დღის მანძილზე დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემაც ამ პროგრამის დეტალების დაზუსტება იქნება.

სამხრეთი კავკასიის სამივე სახელმწიფოს კარგა ხანია აწუხებს კითხვა – ღიაა თუ არა მათთვის ევროკავშირის კარი, რაზეც მათ პირდაპირ ოფიციალურ პასუხს ვერავინ აძლევს. ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა ევროკავშირის მორიგ გაფართოებაზე საუბრისგან თავის არიდებაა. ევროკომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის მიაჩნია, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მზამზარეულს არაფერს უნდა ელოდნენ ევროკავშირისგან. პროდის აზრით, ვროკავშირში შესვლაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, სამხრეთი კავკასიის სამმა ქვეყანამ სჯობს ის შესაძლებლობები გამოიყენონ, რომელსაც მათ ევროკავშირის სამეზობლო ინციატივაში ჩართვა აძლევს. ჩვენს რადიოსთან საუბარში პროდიმ განაცხადა:

[პროდის ხმა]
"ჩვენ სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს ვეუბნებით: "ევროპა დიდი ბაზარია. მომავალში, როცა თქვენი ეკონომიკა განვითარდება, შეძლებთ ევროპაში საქონლის ექსპორტირებას და არა მხოლოდ ენერგომატარებლებისა. გარდა ამისა, ევროპა არის დიდი ინვესტორი და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც სამხრეთი კავკასიიდან შორს არ მდებარეობს. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ ინვესტირებისთვის. ჩვენ ამისათვის უნდა მოვამზადოთ კლიმატი ამ სამ ქვეყანაში. ჩვენი დახმარების პროგრამებით ყოველთვის ვუწყობთ ხელს სამი ქვეყნის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვეხმარებით საბაჟო სამსახურებს, რომ ამ ქვეყნებს შორის ადამიანებისა და საქონლის მოძრაობა გაიოლდეს".

რაც შეეხება სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანებას, პროდი შენიშნავს, რომ ეს შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ ევროპის საზღვრები არ დადგინდება. ევროკომისიის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები ევროპის ყველა ქვეყანას ანიჭებს უფლებას იყოს ევროკავშირის წევრი. მაგრამ, სირთულე იმაშია, რომ ევროპის საზღვრები არ არის მკაცრად განსაზღვრული და დროთა განმავლობაში იცვლება. პროდი შენიშნავს იმასაც, რომ ახლა, როცა ევროკავშირს ათი ახალი წევრი შეემატა, ცუდი დროა საზღვრების შესაცვლელად. ევროპის საზოაგდოებრიობამ უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი ყოველდღე არ იცვლება, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი და განმარტავს:

[პროდის ხმა]
"ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყანა ევროპას არ ეკუთვნის. ისინი არ ეკუთვნიან ახლა და არ არის დაგეგმილი, რომ შეუერთდნენ "ევროკავშირის ევროპას". მაგრამ სამეზობლო პოლიტიკის დოქტრინა, რომელზეც დიდხანს და საფუძვლიანად ვმუშაობდით, ითვალისწინებს მეგობრული და თანამშრომლური კავშირების გაღრმავებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახლო მომავალში ევროკავშირის წევრებად არ მოიაზრებიან".

ევროკომისიის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ 2015 წელს ევროკავშირის საზღვარმა ერთის მხრივ თურქეთს და მეორეს მხრივ საქართველოსა და სომხეთს შორის გაიაროს. ამასთან დაკავშირებით პროდიმ დააზუსტა ისიც, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია დაიწყებს თუ – არა თურქეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ასეთი მოლაპარაკებების დაწყება, ხომ, პრაქტიკულად, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

რომანო პროდი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლსაც შეეხო და განაცხადა, რომ როდესაც საქმე სამხრეთი კავკასიის მომავალს ეხება, რუსეთის ევროკავშირის მთავარ პარტნიორად მოიაზრება. პროდი პირდაპირ შეფასებას არ აძლევს რუსეთის ხელისუფლების ამასწინანდელ განცხადებას პრევენციული დარტყმების შესახებ, მაგრამ გამოთქვამს რწმენას, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული კავკასიაში დესტაბილიზაციით:

[პროდის ხმა]
"ჩემის აზრით, რუსეთი ახლა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაშია დაინტერესებული. მე ასე მგონია და თანაც ვიცი, რომ რუსები ბრძენი ხალხია და არ აინტერესებთ რომელიმე კონფლიქტის გაფართოება".

რომანო პროდის მიაჩნია, რომ ევროკავშირს, როგორც რუსეთის "ძლიერსა და დამოუკიდებელ" მეგობარს, შეუძლია სამხრეთი კავკასიის ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობა, თუმცა, გამორიცხავს ევროკავშირის სამხედრო ჩარევას ამ პროცესებში. ამასთან, ამ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ საშუალებად მშვიდობიან გზას მიიჩნევს:

[პროდის ხმა]
"მესმის (და მე ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებ), კავკასიის სამი სახელმწიფოს პრობლემები იმდენად რთულია, რომ მათი ძალით გადაჭრა შეუძლებელია".

ევროკომისიის პრეზიდენტი არ აზუსტებს - ავნებს, თუ არა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტურ ზონებში ძალის ფართოდ გამოყენება.

რომანო პროდი ირწმუნება, რომ ევროკავშირი სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან არც ერთს არ ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, რეგიონის არც ერთ ქვეყანას საქართველოს გარდა დონორთა საერთაშორისო კონფერენციიდან არაფერი მიუღია და მსგავსი კონფერენციის ჩატარება სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ჯერჯერობით არც არის დაგეგმილი. ევროკომისიის პრეზიდენტიც ადასტურებს, რომ რეგიონის სამ ქვეყანას შორის დღემდე საქართველოს ყველაზე მეტი ფული აქვს მიღებული ევროკავშირისგან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG