Accessibility links

logo-print

რა შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვის ასტანის სამიტი


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტის წინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ტრადიციისამებრ, უკიდურესად დაიძაბა. თუ წინა სამიტების

ისტორიას გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ თითქმის ყველა მათგანი რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ნაწილობრივი განმუხტვით მთავრდებოდა ხოლმე. ამჯერად რა შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვის ასტანაში გამართული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტი?

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტმა, რომელიც ამჯერად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თანამეგობრობის მეთაურებმა კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაადასტურეს ერთგულება ადრე მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რომელიც კრძალავს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან ნებისმიერი ურთიერთობის დამყარებას ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადრინდელი და დღევანდელი გადაწყვეტილებები შეზღუდვებს არ აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კომერციულ საქმიანობაზე.”

ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ სიტყვებით გაამართლა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოხუმი-მოსკოვის სარკინიგზო შეტყობინების ცალმხრივად აღდგენა. პუტინისეული განმარტება უპასუხოდ არ დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე ძალიან მიხარია, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძემ დაადასტურა დსთ-ს გადაწყვეტილებათა სიცოცხლისუნარიანობა. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენს გაკვირვებას იწვევს სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბატონ ფადეევის მოღვაწეობა სოხუმში და იმ ფაქტის ტირაჟირებაც, რომ რუსეთის სამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ თანამშრომლობენ სეპარატისტებთან. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი აკრძალულია დსთ-ს გადაწყვეტილებებით, თუმცა ჩვენ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად.”

დიალოგი, უფრო სწორად კი, დისკუსია სააკაშვილსა და პუტინს შორის, მართლაც, გაგრძელდა ჯერ დსთ-ს სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე, შემდეგ კი დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე. დისკუსიის თემა კვლავ აფხაზეთი და მასზე გადაჯაჭვული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იყო.
[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ჩვენ ჯერ კიდევ სოჭში საქართველოს წინა პრეზიდენტთან მოვილაპარაკეთ, რომ მოგვეხდინა სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაცია, უპირველეს ყოვლისა, გალის რაიონში. დამოუკიდებელი ექსპერტების გაანგარიშებით, დაახლოებით 50 – 60 ათასი დევნილი უკვე დაბრუნებულია.”

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”აფხაზეთის ერთ რაიონში ქაოტურად დაბრუნებულ დევნილებზე თუ ვილაპარაკებთ, ისინი იქ დაბრუნებულნი არიან ყოველგვარი უფლებების გარეშე, მონების სტატუსით. ისინი შეიძლება იქიდან ნებისმიერ დროს გამოდევნონ, მათ წართმეული აქვთ მშობლიური ენის შესწავლის უფლება და მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდება ტერორი. ცხადია, ეს ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას.”

სააკაშვილსა და პუტინს შორის ამგვარი კამათნარევი დიალოგი სხვა საკითხებზეც წარმოიშვა, თუმცა რა შედეგი მოიტანა პრეზიდენტების ამგვარმა ურთიერთობამ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ასევე უცნობია პუტინისა და სააკაშვილის დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შედეგი. ოფიციალური ინფორმაცია იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა მხოლოდ ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

რა იგულისხმება ამ ეკონომიკურ საკითხებში, ეს უფრო ნათელი ახლო მომავალში გახდება. ჯერჯერობით კი რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი ისევ ჩაკეტილია, ხოლო ქართული თვითმფრინავებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება ჯერაც არავის გაუუქმებია.
XS
SM
MD
LG