Accessibility links

ბიუჯეტი წინასწარ გადახდილ თანხებს უკან აბრუნებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესის მხრიდან ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი თანხების უკან დაბრუნება დაიწყო. ექსპერტები ამ ჟესტს აფასებენ როგორც კარგი ტენდენციის

ჩამოყალიბებას და მიაჩნიათ, რომ, წინა წლებისაგან განსხვავებით, მთავრობამ მეწარმეების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება დაიწყო. რა თანხები უბრუნდება ბიუჯეტიდან ბიზნესს და რა კატეგორიის გადასახადებზეა გაკეთებული აქცენტი?

ფინანსთა სამინისტრომ, წინა წლებისაგან განსხვავებით, მეწარმეების მიმართ არსებული ვალდებულებების გასტუმრება დაიწყო, რის შედეგადაც გადამხდელებს ბიუჯეტისთვის ზედმეტად გადახდილი თანხები უკან უბრუნდებათ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახაზინო სამსახურში განხორციელებულმა რეფორმამ შესაძლებელი გახადა გადამხდელების მიერ ზედმეტად და არასწორად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი ეფექტურად წარმართულიყო.

მხოლოდ სექტემბრის თვის პირველი ათი დღის განმავლობაში ხაზინამ გადამხდელებს 525 ათასი ლარი დაუბრუნა.
”საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, გადამხდელების მოთხოვნათა საფუძველზე, ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინაში სათანადო დოკუმენტების წარდგენას განაგრძობენ. თანხის დაბრუნება ხორციელდება ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიშის ქვეანგარიშზე დაგროვილი თანხების ხარჯზე“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

ხაზინამ, საგადასახადო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, 15 გადამხდელ ორგანიზაციას ერთი კვირის განმავლობაში არასწორად და ზედმეტად გადახდილი 87 ათასი ლარი დაუბრუნა. საბაჟო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, არასწორად და ზედმეტად დარიცხული თანხა 10 გადამხდელს დაუბრუნდა, საერთო თანხამ 61 ათასი ლარი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო საქონლის სტიმულირების უზრუნველსაყოფად, ექსპორტიორი გადამხდელებისთვის გრძელდება დამატებული ღირებულების და აქციზის გადასახადში ზედმეტობის ხარჯზე წარმოქმნილი თანხების დაბრუნება.

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი მისასალმებელია და, თუ სამომავლო ტენდენციად იქცა, ბიზნესს ამით თავისი საქმიანობისა და ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვა გაუადვილდება:

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] „ ეს არის საკმაოდ ნორმალური მოვლენა, რომელიც დარეგულირებულია კანონით, მაგრამ, მეორე მხრივ, პრობლემა იმაშია, რომ გასულ წლებში ეს სულ იყო პოლემიკის საბაბი, იმიტომ რომ ბიზნესსტრუქტურები წინასწარ იხდიდნენ, მერე სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა ამ ვალდებულებაზე ან უარის თქმა, ან გადავადება, ან მომავალ წლებში ჩათვლა და ამას შემდეგ ემატებოდა ახალი ვალდებულებები და ყოველთვის ეს იყო წინააღმდეგობა მთავრობასა და მსხვილ კომპანიებს შორის. მთავარი, ჩემი აზრით, არის არა ის, დღეს რაც ხდება, არამედ ის, მომავალში რა იქნება. თუ მოვალში იქნება ეს დაბალანსებული და დარეგულირებული და გათვალისწინებული იქნება წარსულის ცუდი გამოცდილება, ეს იქნება ბიზნესისთვისაც კარგი, იმიტომ რომ ბიზნესს გათვლები არ გაუჭირდება, იმიტომ რომ ასეთი ურთიერთობა ბიუჯეტთან, პირველ რიგში, ართულებს გათვლებს.”(სტილი დაცულია)

თანხების ბიუჯეტიდან უკან დაბრუნება ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, მაგრამ აქამდე მთავრობა ამ ვალდებულების შესრულებით თავს არ იწუხებდა. შესაბამისად, ამჟამინდელი პროცესი, შესაძლოა, კარგ ტენდენციად ჩამოყალიბდეს, თუმცა მას სათანადო სამართლებრივი დარეგულირება და, რაც მთავარია, მაქსიმალური გამჭვირვალობა სჭირდება, რათა ახალი კორუფციული ხვრელის გაჩენას არ შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG