Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სისტემა - მექანიზმი უმცირესობათა თანაბარუფლებიანი მონაწილეობისათვის


ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 361 ეგრეთ წოდებული არაქართულენოვანი სკოლა და 190 დამოუკიდებელი სექტორია, სადაც სწავლება ეროვნული

უმცირესობის ენაზე მიმდინარეობს. რეფორმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს, ბუნებრივია, გვერდს ვერც ნაციონალურ სკოლებს აუვლის. როგორ და რა ენაზე უნდა სწავლობდნენ უმცირესობები საქართველოში? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება თბილისშიც შეძლონ?

[ისმის კამათის ხმები]

“განათლება, როგორც მექანიზმი უმცირესობათა თანაბარუფლებიანი მონაწილეობისათვის” - ეს იყო იმ კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც სასტუმრო ”მარიოტში” გაიმართა და რომლის ორგანიზატორებად, საეთაშორისო ორგანიზაციებთან - “იუსტიტია ეტ პაქსსა” და “კორდეიდთან” ერთად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვევლინნენ. ქვეყნის მართვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმცირესობათა თანაბარუფლებიანი მონაწილეობა რომ აქტუალური და პრობლემური საკითხია, კონფერენციის მსვლელობის დროსაც გამოჩნდა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა კი ფილოლოგ ლევან ღვინჯილიას შემდეგმა სიტყვებმა გამოიწვია:

[ლევან ღვინჯილიას ხმა] “რატომ მოვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, ისეთმა, როგორიც ვარ მე, მოითხოვთ გასწავლონ მეზობელი ქვეყნის ისტორია. როდის უნდა დამთავრდეს ამ ისტორიულ სამშობლოზე საუბარი და ამით აპელირება. ნუთუ არ არის რამდენიმე საუკუნე საკმარისი იმისათვის, რომ სომეხმაც და აზერბაიჯანელმაც საქართველო აღიაროს თავის სამშობლოდ და არ იყოს აპელირება გაუთავებლად ისტორიულ სამშობლოზე…” (სტილი დაცულია)

ლევან ღვინჯილიამ ასე უპასუხა ახალქალაქში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის”, წარმომადგენელს არარატ ესოიანს. ეს უკანასკნელი კი მიიჩნევს, რომ ნაციონალურ სკოლებში ყველა საგნის სახელმწიფო ენაზე სწავლებას, ისევე როგორც სომხეთის ისტორიის შესაძლო აკრძალვას, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები იძულებით ასიმილაციად აღიქვამენ, რაც, ჯამში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თნაბარუფლებიანი მონაწილეობის ნაცვლად, ეთნიკურ უმცირესობათა კიდევ უფრო მეტად გაუცხოებას შეუწყობს ხელს. არარატ ესოიანი განათლების სამინისტროს მიზნის მისაღწევად შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს:

[არარატ ესოიანის ხმა] “უნდა მომზადდეს სპეციალისტები, გარემო. უნდა შევამზადოთ, ხალხი, მორალური თვალსაზრისით. დავუმტკიცოთ და შევქმნათ გარანტიის მექანიზმი, რომ არ მოხდება მათი ასიმილირება… უნდა გავარკვიოთ ხალხი იმაში, თუ როგორ ასწავლიან მათ მშობლიურ ენასა და ისტორიას… სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, არ გვინდა სომხეთის ისტორიის სწავლებაო, რა თქმა უნდა, შეშფოთების საბაბიც გვექნება.”

ეგრეთ წოდებული ნაციონალური სკოლები, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობას წარმოადგენს, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ეთნიკური უმცირესობებისათვის ასიმილაციისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი წინააღმდეგია ამ ტიპის სკოლების მოშლისა. იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “არ წავართვათ მათ ეროვნული, მაგრამ შევიტანოთ იქ სამოქალაქო ღირებულებები. ამიტომ საჭიროა ამ სკოლებში კი არ გავაუქმოთ ეროვნული ენები, არამედ შევიტანოთ ქართული ენა, რამდენიმე საგანი, სიტყვაზე, ქართული, ისტორია და რაღაც სხვა საგნები, რათა ადამიანს ჰქონდეს საშუალება იაზროვნოს როგორც ქართულად, ისე მშობლიურ ენაზე”.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ყოველივე ამის შესახებ განათლების სამინისტროში. მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია განმარტავს:

[ბელა წიფურიას ხმა] “არავინ არ ემუქრება ამას. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ასევე სრულფასოვნად ისწავლებოდეს სახელმწიფო ენა, ჩვენი რეალობა გვაჩვენებს, რომ არ არის მიღწეული მიზანი. პირიქით, ეს ერთ-ერთი მთავარი მისაღწევი მიზანია. და, ამასთანავე, ისწავლებოდეს სამოქალაქო კულტურა.” (სტილი დაცულია)

და მართლაც, ალბათ, განათლების სისტემის ყველაზე დიდი ხინჯი ის არის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის თხუთმეტი წლის თავზე ერთ ქვეყანაში დაბადებული ერთი ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან ურთიერთობას, სახელმწიფო ენის ნაცვლად, კვლავ სხვა, როგორც წესი, რუსული ენის დახმარებით ამყარებენ. ბელა წიფურიას თქმით, რეფორმა, რომელიც განათლების სისტემაში ტარდება, ამ ნაკლის აღმოფხვრასაც ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG