Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში არჩევნებს საერთაშორისო მეთვალყურეები გააკონტროლებენ


შვიდი კვირაც და ამერიკელები არჩევნებში გადაწყვეტენ, ვინ იქნება მათი პრეზიდენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში

- ისევ მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, თუ დემოკრატი კანდიდატი ჯონ კერი. არჩევნები, როგორც ვარაუდობენ, ისევე დაძაბული იქნება, როგორც 2000 წელს, როცა ბუშმა სულ 57 ხმით აჯობა ელ გორს. წელს არჩევნებს საერთაშორისო მეთვალყურეები დაესწრებიან, რაც შეერთებული შტატებისთვის უჩვეულო პრაქტიკაა.

2 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებს მეთვალყურეთა ორი ჯგუფი გააკონტროლებს. ერთია ეუთოს მეთვალყურეთა ჯგუფი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიწვია. მეორე კი ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "გლობალ იქსჩეინჯი", რომელსაც სან ფრანცისკოში უდევს ბინა.

ეუთოს მუშაობა საყოველთაოდ ცნობილია. რას წარმოადგენს "გლობალ იქსჩეინჯი" და როგორ წარმოუდგენია ამ ორგანიზაციას ამერიკაში არჩევნების მეთვალყურეობა?

ერთ-ერთი მეთვალყურის, კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ მაკდონალდის თქმით, მისი ჯგუფი კონცენტრირებული იქნება სამ ძირითად საკითხზე: იმაზე, რომ ღარიბებმა და უმცირესობათა წარომომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში; რომ საარჩევნო მანქანებმა გამართულად იმუშაოს და რომ მდიდარმა კომპანეიებმა და კერძო პირებმა უკანონოდ არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა.

ჯგუფის წევრის, სამხრეთაფრიკელი ბრიგალია ბამის თქმით, მეთვალყურეები შეეცდებიან ამერიკის გამოცდილება სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც გამოიყენონ.

როგორც არგენტინელი ორასიო ბონეო ამბობს, შესაძლოა, უჩველოდ ჟღერს შეერთებულ შტატებში მეთვალყურეთა გაგზავნა, მაგრამ ნაკლოვანებები ყველა არჩევნებში არსებობს, მათ შორის ამერიკაშიც. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან შენიშნა, რომ ეუთომ მეთვალყურეები გააგზავნა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, საფრანგეთი და ესპანეთი.

"გლობალ იქსჩეინჯის" მეთვალყურეები ამერიკის ხუთ შტატში იმუშავებენ. განასკუთრებული ყურადღება მიექცევა ფლორიდისა და ოჰაიოს შტატებს, სადაც ყველაზე უფრო მწვავე საარჩევნო ბატალიებია მოსალოდნელი.

2000 წლის არჩევნებზე ფლორიდაში მრავალი ამომრჩეველი ჩიოდა, რომ მათ, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ასევე პრობლემები შექმნა საარჩევნო მანქანების გაუმართაობამ. ფლორიდის შტატის შედეგებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯორჯ ბუშის გამარჯვებაში.

რას მოელიან მეთვალყურეები, როგორ იქნება აღქმული მათი მუშაობა? ამ შეკითხვაზე პასუხად ბონეომ თქვა, რომ ამას მათთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მეთვალყურეებმა პროფესიონალიზმი გამოავლინონ და არ იყონ მიკერძოებული. ამასთან, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი დასკვნები შედეგებზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.

[ბონეოს ხმა] "უნდა მოგახსენოთ, რომ მეთვალყურეობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მეთვალყურეებს არასოდეს არა აქვთ აღმასრულებელი ძალაუფლება. ასე რომ, საქმე მხოლოდ ის არ არის, რას იტყვი და რა ინფორმაციას მოიპოვებ, არამედ ისიც, როგორ გაავრცელებ მას და როგორ იქნება იგი აღქმული ხალხის მიერ და დაგიჯერებენ თუ არა."
XS
SM
MD
LG