Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მეათე სტუდია”


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 557-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ "მეათე სტუდიას". ჩვენი რადიოჟურნალის დღევანდელი, 557-ე გამოშვება, თუ შეიძლება ითქვას, კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათისაა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ზოგადი განათლების ზოგიერთ ასპექტზე და ვეცდებით გავარკვიოთ, რას ნიშნავს უნარების ტესტი; "მეათე სტუდიის" მეორე ნახევარი კი მთლიანად კულტურის სფეროს დაეთმობა. ჯერ გიამბობთ ცნობილ ამერიკელ მუსიკოსსა და შემსრულებელზე ჯორჯ დიუკზე, რომლის კონცერტს მოუთმენლად ელიან თბილისელი მელომანები; შემდეგ კი იტალიური კინოს ორ დიდ წარმომადგენელზე: რეჟისო ვიტორიო ტავიანიზე და მსახიობ სოფია ლორენზე გიამბობთ. რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ახალი სასწავლო წელი და ზოგადი განათლების ზოგიერთი ასპექტი

დავით კაკაბაძე:
საავტორო სასწავლო-კვლევითი კომპლექსი “ბალავარი” წლების მანძილზე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ პროექტი სახელწოდებით “ახალ საუკუნეში - ახალი განათლებით”, რომლის მეორე ქვეპროექტი - “სკოლა-უნივერსიტეტი” - “ბალავარის” კურსდამთავრებულთათვის გულისხმობს ხელშეწყობას ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საქმეში. ამ პროექტისა და ახალი სასწავლო წლისთვის მზადების შესახებ “ბალავარის” დირექტორს, ლალი ბერძენიშვილს ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
[ბერძენიშვილის ხმა] “ახალი სასწავლო წლისათვის მზადება მიზანმიმართულად იმიტომ ვერ დავგეგმეთ, რომ ჩვენ 10 სექტემბრამდე ხელთ არ გვქონდა სკოლისათვის ერთ-ერთი ძირითადი, სტრატეგიული დოკუმენტი - სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას საგნების მიხედვით, მოსწავლეთა მაქსიმალურ და აუცილებელ დატვირთვას და იმ მიღწევების ჩამონათვალს, რომელსაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთვარებიათვის”.

“ბალავარის” დირექტორი განმარტავს, რომ სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლებში ადგენენ სასკოლო სასწავლო გეგმას, კვირეულ საათობრივ დატვირთვას მასწავლებელთათვის, თავად მასწავლებლები კი შეიმუშავებენ სასავლო პროგრამებსა და კალენდარულ გეგმას.
მაგრამ, როგორც ლალი ბერძენიშვილი აღნიშნავს, ფაქტობრივად, სასწავლო გეგმა დღესაც არ არსებობს:

[ბერძენიშვილის ხმა]“მივიღეთ მხოლოდ საათობრივი ბადეები ანუ საათების განაწილება საგნების მიხედვით. ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს ამ მეტად სტრატეგიულ დოკუმენტთან მიმართებაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა: გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც სასწავლო გეგმაზე მომუშავე ჯგუფი აუცილებლად უნდა შეხვედროდა სკოლების ადმინისტრაციათა წარმომადგენლებს და ალბათ ის სერიოზული ხარვეზები, რაც საათობრივ ბადეშია დაფიქსირებული, აღმოიფხვრებოდა”.

სკოლის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე მასწავლებელთა გულის მოსაგებად მიღებული ეს გადაწყვეტილება სკოლებში ქაოსს და შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციებსაც გამოიწვევს.
როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, ამგვარი ვითარება შეიძლება შეიქმნას იმის გამო, რომ ახალი გეგმით მასწავლებლის ანაზღაურება ხდება გასული სასწავლო წლის სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ახალ სასკოლო გეგმასთან. გარდა ამისა, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საგნებში საათების საერთო რაოდონება კლასების მიხედვით მნიშვნელოვნად მცირდება. ეს კი, “ბალავარის” დირექტორის თქმით, ნიშნავს იმას, რომ პედაგოგის სამუშაო დროის განტვირთვა მოხდება მოსწავლეთა დაზარალების ხარჯზე...
ახალ სასწავლო გეგმას პოზიტიური მომენტებიც ახლავს. ლალი ბერძენიშვილი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯს, რომ საავტორო სკოლებს, გიმნაზიებსა და ლიცეუმებს გარკვეული თავისუფლება ეძლევათ, - ამ დაწესებულებების სასწავლო გეგმებს სამინისტრო აღარ დაამტკიცებს და მხოლოდ გაეცნობა.

[ბერძენიშვილის ხმა] “ვფიქრობ, სწორად გათვალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევდა არა მარტო სკოლათა კოლექტივების, არამედ მშობელთა დიდ მღელვარებასაც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ე.წ. თავისუფლება მხოლოდ ერთ წელს გარძელდება”.

როგორია “ბალავარის” დირექტორის დამოკიდებულება ზოგადი განათლების შესხებ ახალი კანონპროექტის მიმართ, რომლის გარშემოც ბოლო დროს არა ერთი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა.

[ბერძენიშვილის ხმა] “პირველი მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი არის ის, რომ ირღვევა ბავშვის უფლებათა კონვენცია და ამ კანონით მომუშავე სკოლები საქართველოს მოქალაქეებს ვერ მისცემენ მაღალი დონის განათლებას, ხარისხიან განათლებას”.

რაც შეეხება “ბალავარის” პროექტებს. წელს ამოქმედდა ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღებას გულისხმობს. გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ერთი წლის წინ, სორბონის რენე დეკარტის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და “ბალავარის” დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რის საფუძველზეც “ბალავარს” ოთხი ადგილი გამოეყო სორბონის უნივერსიტეტში. სორბონაში გამგზავრებამდე კი ჩატარდა კონკურსი, რომელშიც 6 კანდიდატი მონაწილეობდა.

[ბერძენიშვილის ხმა]“მათ შორის “ბალავარის” სამი მოსწავლე იყო, ერთი კურსდამთავრებული, ორი კი - ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჩვენთან. სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის გადაწყვეტილებით სამი მათგანი უკვე ჩაირიცხა სორბონის უნივერსიტეტში, ორი - ადმინისტრაციული მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, ერთი - ლინგვისტიკის ფაკულტეტზე”.

დავით კაკაბაძე:
ეს იყო სასწავლო-კვლევით კომპლექს “ბალავარის” დირექტორი ლალი ბერძენიშვილი, რომელსაც გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

რას ნიშნავს უნარების ტესტი?

დავით კაკაბაძე:
განათლების თემაზე საუბარი ამით არ დაგვიმთავრებია. სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალობა ემატება შეკითხვებს განათლების რეფორმის შესახებ. პოლიტიკას განათლების სფეროში ჯერჯერობით ის ადამიანები უწევენ ოპონირებას, რომელთა არგუმენტები ძირითადად ზედსართავ სახელებამდე დაიყვანება, ან, უბრალოდ, ეჭვს იწვევს. მაგალითად, მოწაფეთა შესაძენ უნარ-ჩვევებზე ლაპარაკისას ერთმა ოპონენტმა განაცხადა, ბავშვებს სკოლაში სექსი და დედ-მამის დაბეზღება უნდა ასწავლონო. არადა, ჯერჯერობით არავის უნახავს ტესტი, რომლითაც ეს უნარ-ჩვევები უნდა შეამოწმონ. ესეც არ იყოს, უნარებს მოსწავლეებს შეუმოწმებენ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს. სასკოლო პროგრამა კი ჯერ ისე არავის შეუდგენია, რომ, სასწავლო დისციპლინათა დაუფლების გარდა, ბავშვებს უნარების გამომუშავებაში ეხმარებოდეს. დავით პაიჭაძე დაინტერესდა სწორედ იმ ტესტით, რომლის მსგავსსაც აბიტურიენტები უნივერსიტეტებში მოსახვედრად ჩააბარებენ. საამისოდ ის შეფასების ეროვნულ ცენტრს ეწვია და ტესტების ერთ-ერთ ავტორს, სოფო დოლიძეს ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
ბევრჯერ ითქვა, რომ საბჭოთა განათლების სისტემა ორიენტირებული იყო ბავშვის მეხსიერებაზე, შესაბამისად, ცდილობდა, მოსწავლისათვის, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. დღეს ორიენტირები იცვლება და განათლების სისტემა უფრო ლოგიკურ, სისტემურ აზროვნებაზე, გარესამყაროსთან ბავშვის თავისუფალ, უშიშარ მიმართებაზე იღებს გეზს. შეფასების ეროვნულ ცენტრში მითხრეს, რომ ბავშვი დროს დაახარჯებს არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ შეთვისებულის გააზრებას.

[სოფო დოლიძის ხმა] “ჩვენ მოსწავლესაც და სტუდენტსაც ისევ ვაწვდით ინფორმაციას, მაგრამ მთავარი ჩვენთვის ამ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმა და გადამუშავებაა და არა მისი დამახსოვრება და შენახვა. გადამუშავების პროდუქტი არის ცოდნა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ისევ მცოდნე და ინფორმაციის მქონე საზოგადოებას ვიღებთ, მაგრამ ეს ცოდნა სხვანაირად არის შენახული. ძალიან ზოგადად, როცა განმარტავენ ზოგად უნარებს, განსაზღვრავენ მას, როგორც გარემოს მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირების უნარს. ის ძალიან მეხმარება მე გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.”

შეფასების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი სოფო დოლიძე ერთ-ერთია, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებელი უნარ-ჩვევების ტესტის ნიმუშებზე მუშაობს. მას სიტყვა ჩამოვუგდე უნარზე, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლებას მოწყურებულ ადამიანს - ეს გახლავთ ტექსტზე მუშაობის უნარი. აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც მხატვრული ტექსტი - მოსწავლეს ჰუმანიტარული და ტექნიკური მასალის ანალიზი უნდა შეეძლოს.

[სოფო დოლიძის ხმა] “ჩვენს ტესტში არსებობს ნაწილი - წაკითხული ტექსტის გააზრება. ეს არის, ძირითადად, სამეცნიერო ტექსტი, პოლემიკური ტექსტები, რომლებთანაც, ალბათ, მოუწევთ ურთიერთობა სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში. რას ნიშნავს წაკითხულის გააზრება უნარების თვალსაზრისით? საერთოდ, უნარების შემოწმება აგებულია მიმართებების წვდომაზე. მიმართებების წვდომა ხდება სიტყვებს, წინადადების ნაწილებს, სხვადასხვა წინადადებებს შორის, აბზაცებს, სხვადასხვა მონაკვეთებს შორის და ა.შ.”.

მე ვთხოვე სოფო დოლიძეს, ჭაშნიკად კონკრეტული ამოცანა წაეკითხა ტესტების კრებულიდან, რომელსაც ბროშურის სახით, ასე, 3-4 კვირაში გამოაქვეყნებენ, რათა 2005 წელს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მოსურნეთათვის ცნობილი იყოს, რისი დაძლევა მოუწევთ მისაღებ გამოცდებზე. ტესტი გულისხმობს ამოცანისთვის 4 პასუხის დართვას, რომელთაგან ერთია სწორი. სწორედ ამ ერთი სწორი პასუხის მიგნებით ადასტურებს გამოსაცდელი თავის ამა თუ იმ უნარს.

[სოფო დოლიძის ხმა] “დავალებაში მოცემულია მუქი შრიფტით გამოყოფილი ორი სიტყვა, რომელთა შორის არსებობს გარკვეული მიმართება. დაადგინეთ, რა სახისაა ეს მიმართება. პასუხთა ვარიანტებში ასევე მოცემულია ურთიერთდაკავშირებული სიტყვების წყვილი. შეარჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც სიტყვათა შორის მიმართება გამუქებულ სიტყვათა ურთიერთმიმართების ანალოგიურია, ანუ მსგავსია. საწყისი წყვილია “პოეტი და ლექსი”, რომელშიც უნდა დავადგინოთ მიმართება. ოთხი სავარაუდო პასუხია:

1.
მეზღვაური - გემი 3. მზარეული - კერძი
2.
მძღოლი - საჭე 4. მებაღე - ნიადაგი”.

სოფო დოლიძეს ამ ტესტით მიმართების ერთი მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ტესტში არის ლოგიკური ამოცანები, სადაც მოსწავლემ მსჯელობებს შორის უნდა დაამყაროს მიმართება და ა.შ. ამ ამოცანათა დაძლევა მოუწევთ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს. სოფო დოლიძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10 და მე-11 კლასებში უკვე გამოსცადეს ტესტები და მოსწავლეები მათ ამოხსნას ხალისით მოეკიდნენ. ასე რომ, შეთავაზებული სიახლეები ცოტა უფრო სერიოზულ ოპონირებას საჭიროებს, ვიდრე ახალგაზრდობის გარყვნაში ინიციატორთა დადანაშაულებაა.
დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]
თბილისელი მელომანები ჯორჯ დიუკის კონცერტის მოლოდინში
დავით კაკაბაძე:
“ისტერნ პრომოუშნი” მელომანებს ახალ საჩუქარს უმზადებს - მალე საქართველოს ლეგენდარული ჯორჯ დიუკი ესტუმრება. 25 სექტემბერს "ფიუჟენის ლეგენდა” თბილისში კონცერტს გამართავს. მომღერალი, პიანისტი, შოუმენი, ჯორჯ დიუკი ზაფხულში, თბილისის ჯაზფესტივალზე არ ჩავიდა, მაგრამ გასტროლებზე უარი არ უთქვამს. მეტიც, სილამაზის კონკურსის, “მის საქართველო 2004”-ის ორგანიზატორთა მტკიცებით, ჯორჯ დიუკი წელს კონკურსის გალა-კონცერტზე, ბათუმშიც იმღერებს. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია დღეს ამ მუსიკოსის მრავალმხრივ ნიჭსა და შესაძლებლობებზე გვიამბობს.

გიორგი გვახარია:

[მუსიკა]

“ისთერ პრომოუშენის” მესვეურები ჩვეულ ტაქტიკას არ ღალატობენ - უპირატესობას ანიჭებენ ვარსკვლავებს, რომლებიც განსხვავებული თაობებისთვის გასაგებ მუსიკას უკრავენ - განსხვავებული თაობობის და განსხვავებული გემოვნების ადამიანებისთვის.

ჯორჯ დიუკი კი, როგორც მუსიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ კონკრეტულ ჟანრს, “ფიუჟინს” ანიჭებს უპირატესობას, მთელი ცხოვრება განსხვავებულ მუსიკას ქმნიდა. იგი 1946 წელს დაიბადა, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-რაფაელში და თავიდანვე განსხვავებული თაობის მუსიკოსებთან მოუხდა მუშაობა. პირველად იგი ჯაზის გიგანტმა, დიზი გილესპიმ აღმოაჩინა; იმპროვიზაციის უნარი დიუკმა თავიდანვე გამოავლინა. თუმცა ფართო მსმენელმა მისი ნიჭი მაინც მაშინ დააფასა, როცა ჯორჯმა ელ ჯეროსთან ერთად გამართა პირველი კონცერტები.

70-იან წლებში ჯორჯ დიუკს არჩევანის გაკეთება მოუხდა - ან “ჯაზ-როკი”, ან “პოპ-ჯაზი”... პირველი მეტისმეტად ინტელექტუალური იყო, მეორე - მეტისმეტად მარტივი. დიუკმა “ოქროს შუალედი” აირჩია - ლათინურამერიკული რიტმებით გამდიდრებული, თუ გამარტივებული ჯაზ-როკი, იგივე “ფიუჟინი”. იგი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ამ არჩევანით - ჯორჯ დიუკის მუსიკა კიდევ უფრო დემოკრატიული გახდა და, რაც მთავარია, კარგად გაიყიდა

[მუსიკა]

წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდარული შემსრულებლის მუსიკა თბილისშიც კარგად გაიყიდება. დიუკის კონცერტზე განსხვავებული გემოვნების ადამიანები იმას მიიღებენ, რაც უყვართ მუსიკაში. ხოლო ვისაც ხელოვნებაში არ უყვარს ასეთი “ფენოვანი ნამცხვრები” და სწორედ ასეთ სტილს უწოდებს “კომერციას”, გაგახსენებთ, რომ 70-იან წლებში ჯორჯ დიუკი წარმატებით თანამშრომლობდა ფრენკ ზაპასთან, ადამიანთან, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა მუსიკის მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებას.

სარეკლამო რგოლებით ირკვევა, რომ ჯორჯ დიუკი “მის საქართველო- 2004”-ის გალა-კონცერტის სტუმარი იქნება. ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამთლიანდება ამ კონცერტზე ჯორჯ დიუკის ბენდის “ანტიკომერციული მუსიკა” და მაღალფეხება ქართველი გოგონების დეფილე... ძნელი წარმოსადგენი რომაა, ამიტომაცაა საინტერესო. საქართველოში, მითუმეტეს ბათუმში, სადაც ეს წარმოდგენა უნდა გაიმართოს, ყველაფერია შესაძლებელი

[მუსიკა]

ვიტორიო ტავიანი 75 წლის ხდება

დავით კაკაბაძე:
პოლუსები ერთმანეთს იზიდავს. ეს ჭეშმარიტება იშვიათად გამართლებულა ისე, როგორც ძმები ვიტორიო და პაოლო ტავიანების შემთხვევაში. იტალიელი კინორეჟისორები ხასიათით დიამეტრულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ფილმების გადაღების პროცესში საუკეთესო გუნდად ითვლებიან. არასოდეს უშლიან ერთმანეთს ხელს, პირიქით - მუდამ ერთმანეთს ავსებენ. "როცა ორი ნახევრად ნევროტიკი შეიყრება ერთად, შედეგად ერთ სრულ ბარაქიან ნევროზს მიიღებთო", თქვა ერთხელ პაოლომ, რომელიც ორი წლით უმცროსია თავის ძმაზე. როგორც ამბობენ, პაოლოს უყვარს ურთიერთობები, ყურადების ცენტრში ყოფნა. ხოლო მისი უფროსი ძმა, ვიტორიო, რომელსაც 20 სექტემბერს 75 წელი უსრულდება, უფრო გულჩათხრობილი და მორცხვია. მასზე ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
ძმები ტავიანების შემოქმედება იტალიური ნეორეალიზმის სოციალური კრიტიკიდანაა ამოზრდილი. ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეები იყვნენ, როცა გულმოდგინედ უღრმავდებოდნენ რობერტო როსელინის უკვდავ კინოსურათს, "პაიზას", ლუკინო ვისკონტის შემოქმედებას და საბჭოთა რეალიზმს. 1929 წელს ტოსკანაში დაბადებულმა ვიტორიომ, რომელიც კინორეჟისორობაზე ოცნებობდა, ოცი წლის ასაკში მიატოვა იურიდიული ფაკულტეტი და რომში გადავიდა.

თავიანთ პირველ დოკუმენტურ ფილმში, "სან მინიატო, 1944 წლის ივლისი", რომელიც 1954 წელს გამოვიდა, ტავიანებმა თემად აიღეს თავიანთი სიყმაწვილის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა: 1944 წლის ივლისში, მათ მშობლიურ ქალაქში ნაცისტების მიერ ტაძარში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში 60 ადამიანი დაიღუპა.

თითქმის 30 წლის შემდეგ ეს თემა კიდევ ერთხელ ჩნდება კინოფილმში "სან ლორენცოს ღამე", ოღონდ აშკარად უფრო ოპტიმისტური ასპექტით. ეს ფილმი დღემდე ითვლება ტავიანების ერთ-ერთ ყველაზე უფრო ლამაზ და უშუალო ფილმად.

ტავიანები თავიანთი ფილმებისთვის მასალას მუდამ თავად პოულობენ, თავად წერენ სცენარებს და თავადვე დგამენ. მათთვის უცხოა ქიშპობა. "არცერთი არ აწყვეტინებს მეორეს დაწყებული აზრის განვითარებას. და მიუხედავად ამისა, მუდამ საქმე გვაქვს უწყვეტ დიალოგთან, თითოეული მათგანი მეორეს უწყობს ხმას, ისინი გამსჭვალული არიან ურთიერთპატივისცემით, შემწყნარებლობით," ვკითხულობთ ტავიანების შესახებ დაწერილ ერთ გამოკვლევაში. ამ დიალოგის, ამ თანამშრომლობის შესახებ აღფრთოვანებას ვერ მალავდა ერთი მსახიობი, რომელიც ტავიანების ფილმის, "დილა მშვიდობისა, ბაბილონის" გადაღებაში იღებდა მონაწილეობას: "ისინი ერთმანეთს ენდობიან, არასოდეს კინკლაობენო." ეს არაჩვეულებრივი ფილმი ორ იტალიელ ძმაზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში ეძებენ ბედს, იპოვიან კიდეც, მერე კი ისევ უმტყუნებთ იღბალი, პატივს მიაგებს ჰოლივუდს. სხვა მსახიობებთან ერთად მასში ვხდვებით ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან იზაბელ იუპერი, მარჩელო მასტროიანი და გრეტა სკაკი.

1997 წელს გამოდის მათი ფილმი "არჩევითი ნათესაობა" გოეთეს ცნობილი ნაწარმოების მიხედვით. "გოეთე ყოველთის ახლობელი იყო ჩვენთვის. საერთოდ, მისი თხზულებები უდიდესი ბრძოლის ველია სასიყვარულო ომებისთვის," ამბობენ რეჟისორები.

კინოს ისტორიაში დაუვიწყარი ფურცელი ჩაწერეს ტავიანებმა 1977 წელს გადაღებული ფილმით "პადრე პადრონე". ფილმში, რომელიც გავინო ლედას ავტობიოგრაფიას ემყარება, საქმე ეხება სარდინიელ მეცხვარეს, რომელიც თავისი სამშობლოს არქაული ჩამორჩენილობისგან თავისუფლდება და მწერალი ხდება. "პადრე პადრონემ" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო.

1986 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ძმები ტავიანები კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ოქროს ლომით.

ხანდაზმული რეჟისორები ძველებური შემართებით მუშაობენ და ისეთი პირი უჩანთ, რომ ჯერ არ ფიქრობენ თავიანთი კინოკარიერის დასასრულზე. 2001 წლის ბოლოს დიდი წარმატებით ჩაიარა ტოლსტოის რომანის, "აღდგომის" მათეულმა ეკრანიზაციამ.

გოეთე, ტოლსტოი თუ პირანდელო - ლიტერატურა და კინო ტავიანებისთვის ყოველთვის განუყოფელი იყო. კინოს ისინი ასე განმარტავენ: "ფილმი არის რიგი სურათებისა, შთაბეჭდილებებისა და დრამატული მოვლენებისა, რომლებიც საფეხურებრივად ერწყმის ერთმანეთს და ამბად იქცევა."

[მუსიკა]

სოფია ლორენი - 70

დავით კაკაბაძე:
ვენეციაში, ამ რამდენიმე დღის წინათ დამთავრებულ კინოფესტივალზე სოფია ლორენი საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. როცა ის სცენაზე გამოჩნდა - მხრებმოშიშვლებული და ღრმა დეკოლტეთი - იქვე მდგომი და მასზე, სულ ცოტა, 40 წლით უმცროსი კინოვარსკვლავები უცებ ჩრდილში მოექცნენ. ასე აღწერენ ამ სცენას იმ საღამოს, ვენეციის პალაცო დელ ჩინემაში მყოფი კორესპონდენტები. ერთი მათგანი ჰოლივუდის ახლანდელ ვარსკვლავებს ურჩევს, თუ გსურთ მამაკაცების ყურადღება დაიმსახუროთ, სოფია ლორენის გვერდით ნუ დადგებითო.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საუბარია ქალზე, რომელსაც მომავალ ორშაბათს, 20 სექტემბერს, 70 წელი უსრულდება.

"ასაკს რა მნიშვნელობა აქვსო", მომაჯადოებელი ღიმილით ამბობს მსახიობი, რომელმაც საუკეთესო როლებში თავი სწორედ განუმეორებელი ქალური მიმზიდველობით დაგვამახსოვრა. "სარკეში რომ ვიხედები, დღესაც მიჩნდება სურვილი, საკუთარ თავს ვუთხრა: ყოჩაღ სოფიაო!" ამ ხუმრობაში სიმართლის წილი დიდია, თუმცა საამისოდ იტალიელი მამაკაცების კერპი ცდას არ აკლებს: ყოველ საღამოს, თუ რაიმე გამონაკლისი არ მოხდა, ცხრა საათზე წვება დასაძინებლად, დღეს კი ტანვარჯიშით იწყებს, რასაც მოჰყვება ნახევარსაათიანი გარბენი ჟენევის ტბის პირას მდებარე საკუთარ პარკში.

ქალი, რომელსაც იტალიელები დღეს უკვე სიყვარულით "მამა სოფიას" უწოდებენ, უცნაურად აერთიანებს ერთმანეთში ფრივოლურობასა და ზნეობრიობას, იგი ერთდროულად თითქოს ხელმისაწვდომიც არის და მიუკარებელიც, მიწიერიც და არაამქვეყნიურიც.

გაიხსენეთ მისი ფილმები. თუნდაც "ქორწინება იტალიურად", რომელშიც მას გვერდს უმშვენებს მუდმივი და ალბათ საუკეთესო პარტნიორი მარჩელო მასტროიანი. ან "ჩოჩარა", სადაც ის თამაშობს დედას, რომელსაც, მეორე მსოფლიო ომის დროს, ქალიშვილთან ერთად გააუპატიურებენ. სოფია ლორენი მაშინ 26 წლის იყო და, როგორც თვითონ ამბობს, პირველად სწორედ ამ ფილმში იგრძნო თავი ჩამოყალიბებულ მსახიობად. ეს გარემოება არც მრავლისმნახველ ექსპერტებს გამორჩენიათ მხედველობიდან: "ჩოჩარაში" შექმნილი შთამბეჭდავი სახისთვის სოფია ლორენმა 1961 წლის კანის ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი და ამერიკის კინოაკადემიის პრემია - "ოსკარი" დაიმსახურა. კიდევ ერთი "ოსკარი" - ყოველი კინოხელოვანისთვის ეს სანუკვარი ჯილდო - იტალიელ მსახიობს სამი ათეული წლის შემდეგ, კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

"ცხოვრებაში გაცილებით მეტს მივაღწიე, ვიდრე ოდესმე მიოცნებიაო", გაანდო რომში დაბადებულმა და ნეაპოლის მუშათა უბანში გაზრდილმა მსახიობმა ერთ ჟურნალისტს. თუმცა, დედამისი, რომელიც ქალიშვილს უმამოდ ზრდიდა, თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ სოფია - უხეშად თუ ვიტყვით - თავისი სილამაზის გასაყიდად მოევლინა ქვეყანას. მისი დაჟინების შედეგი იყო, რომ 14 წლის გრძელფეხა და ტანადმა გოგონამ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა დაიწყო. 16 წლისამ კი გაიცნო ადამიანი, რომელმაც მთელი მისი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა.

მერე რა, რომ კარლო პონტი სოფიაზე ერთი თავით დაბალი და 21 წლით უფროსი იყო, და თან არც გარეგნული მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, მას ხელს უწყობდა პროფესია და კინოს სამყაროში მოხვეჭილი დიდი სახელი: იგი იმხანად უკვე ცნობილი პროდიუსერი გახლდათ. და საბოლოოდ, სწორედ კარლო პონტიმ აქცია სოფია ლორენი მსოფლიო კინოს ვარსკვლავად. საერთოდ, პონტი-ლორენის წყვილს კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წყვილად აღიარებენ, თუმცა პირად ურთიერთობაში მათ გაცილებით მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ, ვიდრე შემოქმედებით ცხოვრებაში.

პონტის ცოლი ჰყავდა, განქორწინება კი იტალიაში იმხანად აკრძალული იყო. კანონიერად დაქორწინება პონტიმ და ლორენმა მხოლოდ 1966 წელს, და ისიც პარიზში მოახერხეს, რისთვისაც მათ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მოუხდათ.

კინოეკრანზე სოფი ლორენის პარტნიორები იყვნენ რიჩარდ ბარტონი და მარლონ ბრანდო, ჯონ უეინი და კერი გრანტი - მრავალი ქალის სათაყვანებელი მამაკაცები. და, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ერთ-ერთ მათგანთან, კერი გრანტთან, მორალის თვალსაზრისით სანიმუშო ქცევით ცნობილ ქალბატონს, სასიყვარულო ურთიერთობაც აკავშირებდა.

მაგრამ გადასაღებ მოედანზე სოფია ლორენს არავისთან ისეთი გატაცებით არ უმუშავია, როგორც ზემოთ უკვე ნახსენებ მარჩელო მასტროიანისთან. "იტალიური კინოს განუყრელი წყვილი" - მრავალი წლის მანძილზე ასე მოიხსენიებდა მსოფლიო პრესა ლორენ-მასტროიანის დუეტს. თავად ლორენმა კი ერთხელ თქვა: ჩვენ ერთი სხეულის ორი ნაწილი ვართო.

სოფია ლორენს ასზე მეტი საეკრანო სახე აქვს შექნილი. შარშან გამოვიდა მისი ვაჟის, ედოარდო პონტის სურათი "უცხოთა შორის", რომელშიც ლორენი ხანში შესულ დიასახლისს თამაშობს. ეს როლი დღევანდელი ლორენისთვის სულაც არ არის უცხო: არცთუ დიდი ხნის წინათ მან სამზარეულოს წიგნი გამოსცა, ახლა კი პატარა შვილიშვილზე ოცნებობს. იტალიელებს კი მაინც არ სურთ დაიჯერონ, რომ მათი საყვარელი სოფია მოხუცდა. თუმცა, ამას ვერც ისინი იჯერებენ, ვინც სოფია ლორენი ამ რამდენიმე დღის წინათ ვენეციის კინოფესტივალზე, პალაცო დელ ჩინემაში ნახა.

[მუსიკა]

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
სოფია ლორენთან გამოთხოვება ადვილი არ არის. მას ერთ ცნობას დღევანდელ კალეიდოსკოპშიც მივუძღვნით. მარიამ ჭიაურელი იტალიელი ვარსკვლავის სილამაზის საიდუმლოს გაგიმხელთ:
მარიამ ჭიაურელი:
ერთი საიდუმლო დავით კაკაბაძემ უკვე გაგანდოთ: სოფია ლორენი, თურმე, ადრე იძინებს - 9 საათზე ის, როგორც წესი, ლოგინში წევს!
მაგრამ სილამაზის შენარჩუნება მოგეხსენებათ, იოლი საქმე არ არიტს და მარტო ადრე დაძინებით საქმეს ვერ უშველი. არსებობს კიდევ ექვსი კანონი: უარი ალკოჰოლზე, უარი სიგარეტზე, უარი შემწვარ ბადრიჯანზე, ყოველ დილას 20 წუთი ფიზკულტურა, ვარდის წყალი და ვიტამინ A-ს შემცველი კრემი სახის კანისთვის. დაბოლოს - ყველაზე მთავარი: სოფია ლორენი გვიმხელს, რომ მისი სილამაზის მთავარი საიდუმლო სიყვარულია!
ამორე - სიმღერა
თავის საიდუმლოს გვიმხელს ამერიკელი ხორცსავსე ლამაზმანიც - პამელა ანდერსონი, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს მოხიბლული ტელესერიალში “ბეიუოტჩ¨ ნარინჯისფერ საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი მაშველის როლში. “რა დასამალია, ჩემს კარიერას უწინარეს ყოვლისა ჩემს გარეგნობას და ხელოვნურ მკერდს უნდა ვუმადლოდეო”... ამბობს ანდერსონი და გვიდასტურებს ვარაუდს იმათ, ვისაც თვალი მოუკრავს ზემოხსენებული ტელესერიალის რამდენიმე კადრისათვის მაინც. რაც შეეხება საიდუმლოს - ის მშვენიერი ქერა მაშველის სამსახიობო ხელოვნებას ეხება: ციტატა “წარმოვიდგენ ხოლმე მამაკაცს, რომელიც ძალიან მომწონს და მინდა, თავი მეც მოვაწონო. მერე კი კამერაში ვიყურები ისე, თითქოს ამ მამაკაცს ვუცქერდე”. ციტატის დასასრული. სულ ეს არის.
მუსიკა კინოფილმ "ბეიუოჩიდან"
რაგინდ მომხიბვლელიც უნდა იყოს პამელა ანდერსონი, ანაზღაურებით რეკორდებს ვერ ამყარებს - განსხვავებით ტომ კრუსისაგან. მსახიობმა ამ დღეებში მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც მას, სავარაუდოდ, 360ც მილიონამდე დოლარს შესძენს. ლაპარაკია ცნობილ კინორეჟისორ სტივენ სპილბერგის ახალ ფილმზე “მსოფლიოთა ომი” და მასში მიწვეული ტომ კრუსი ჰონორარს კი არ მიიღებს, არამედ მოგების ათ პროცენტს ... ეს კი, წინასწარი გათვლებით, 360 მილიონამდე დოლარი იქნება, თანხა, რომლითაც ტომ კრუსი რეკორდს მოხსნის - ასეთი ანაზღაურება აქამდე არც ერთ მსახიობს არ ღირსებია.
და კიდევ ერთი ცნობა კინოს შესახებ, რომელიც ჩვენს მსმენელს, ალბათ განსაკუთრებით დააინტერესებს, რახან ქართველ კინოხელოვანს ეხება - სამწუხაროდ არა სარეკორდო ანაზღაურების კონტექსტში.
პარასკევს ესპანეთში დაიწყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალი - სანსებასტიანის კინოფესტივალი, რომელიც 25თ სექტემბრამდე გასტანს. ლაპარაკია ფესტივალზე, რომელშიც მთავარი პრიზი შარშან ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმს ერგო: გერმანიაში გადაღებულ “გასროლის შიშს” - სხვათა შორის პირველ გერმანულ პროდუქციას, რომელმაც სან-სებასტიანში გამარჯვება მოიპოვა. დიტო ცინცაძე წელსაცაა სან-სებასტიანში ჩასული - ოღონდ არა საკონკურსო ფილმის რეჟისორის, არამედ ჟიურის წევრის ამპლუაში.

დავით კაკაბაძე:
ამით ჩვენი დღევანდელი "მეათე სტუდია" დამთავრდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG