Accessibility links

logo-print

სახელმწიფოს ერთი ინიციატივის შესახებ


საგანმანათლებლო რეფორმის შესახებ კამათი და აზრთა დაპირისპირება ჯერჯერობით საოჯახო თუ სამეგობრო წრეს არ გასცილებია; თუმცა რეფორმის ტემპი და შინაარსი

პედაგოგებისა და მეცნიერების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

განათლების სამინისტრო თავს არიდებს საზოგადოებრივ დისკუსიას და განმარტებით საქმიანობას, მაგრამ მისი ზოგიერთი ინიციატივა განსაკუთრებულ ახსნას მოითხოვს. დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე გესაუბროთ.

ვინც პარლამენტის სხდომებს თვალყურს ადევნებს, კარგად იცის, რომ სახელისუფლო გუნდიდან ასპარეზზე გამოდის პოლიტიკოსთა ახალი თაობა, რომელიც დებატებში უპირატესობას ანიჭებს ტრაფარეტულ აზრებს და ლოზუნგურ მეტყველებას. მათი რიტორიკა დაცლილია ჰუმანიზმისგან, რადგან მაღალი ტრიბუნიდან ზედაპირული არგუმენტებით კამათი თავისთავად გულისხმობს საზოგადოების უგულებელყოფას და ამით მის შეურაცხყოფას.

შესაძლოა, გასაკვირი არც იყოს, რომ პოლიტიკოსთა ახალი - რევოლუციური - თაობა გაცილებით სუსტია, ვიდრე მისი წინამორბედი. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წევრთა უმრავლესობას შეადგენენ, გაიზარდნენ ღირებულებათა მსხვრევის - ომის, აგრესიის, გაჭირვების - პერიოდში, როდესაც განათლების სისტემა მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებდა. ამიტომ 20-დან 30 წლამდე ასაკის თაობა შესანიშნავ საყრდენად იქცა რევოლუციისთვის, მაგრამ საკმაოდ შეუსაბამო აღმოჩნდა პარლამენტისთვის. ნებისმიერი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ის სივრცეა, სადაც ადამიანი სასარგებლო შეიძლება იყოს თავისი სინდისით და ინტელექტით. ამიტომ დღევანდელი პარლამენტი ყველაზე თვალსაჩინო სარკეა იმ შედეგისა, რომელიც განათლების სისტემის უსუსურობამ საქართველოს მოუტანა.

რა მოხდა ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის 13-წლიან პერიოდში? ქვეყანაში თანდათან მოიშალა სასწავლო პროცესი როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლებში. ეს იყო კანონზომიერი შედეგი იმ თანხისა და ყურადღებისა, რაც სახელმწიფომ განათლების სისტემაში ჩადო. ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა უცხოეთის კარგ უნივერსიტეტებში სწავლა, ცოდნისა და უმეცრების ზღვარზე აღმოჩნდა. ზოგადი განათლების დონე ნელ-ნელა დაეცა და ამ ფაქტორმაც, დიდ გაჭირვებასთან ერთად, გამოიწვია მემარცხენე იდეოლოგიის პარტიათა გაძლიერება. ამას კი მოჰყვა კონსტიტუციური წესრიგის რღვევა და რევოლუცია.

დღეს არსებობს საფრთხე, რომ რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარმოშვას რევოლუციური საგანმანათლებლო რეფორმა: სწრაფი, უხარისხო და ჰუმანიზმისგან დაცლილი. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სკოლის მოსწავლეებს მათი მომავლის შესახებ ღია საზოგადოებრივ დისკუსიას კი არ სთავაზობს, არამედ სთავაზობს 10 ლარს, სწორედ ამ საფრთხეს ადასტურებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლება განათლებაზე და არ უნდა წარმოიდგინოს თავი მამად, რომელიც შვილს თუმნიანს აჩუქებს. უადგილო მამაშვილური დამოკიდებულება მთელი თაობის მიმართ, ძნელია, არ შეფასდეს, როგორც პრიმიტიული და შეურაცხმყოფელი.
XS
SM
MD
LG