Accessibility links

logo-print

ამნესტი ინტერნეიშნელი აკრიტიკებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბუშისეულ მეთოდებს


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშნელის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღება ეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რასობრივი ნიშნით მიდგომას.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეერთებული შტატების პოლიცია განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას პირებზე ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთი აზიიდან, ვინაიდან ისინი ტერორისტის გავრცელებულ სტერეოტიპს ერგებოდნენ. "ამნესტი" მიიჩნევს, რომ ეს არ არის სამართლიანი მიდგომა, მაგრამ, ამავე დროს, ძალზე სახიფათოა უშიშროების თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნაკლები ყურაღდება ექცევა ნამდვილ ტერორისტებს, რომლებიც სხვა ჯგუფებს შეიძლება განეკუთვნებოდნენ.

32 მილიონამდე ამერიკელი ჩივის, რომ ისინი რასობრივ ან რელიგიურ ნიადაგზე უსამართლოდ გახდნენ გადამეტებული ყურადღების საგანი. 87 მილიონი კი შიშობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამგვარი ყურადღების საგანი შეიძლება გახდეს.

11 სექტებმრის ტერაქტებიდან სამი წლის შემდეგ აეროპორტის პერსონალი და პოლიცია სულ უფრო და უფრო მეტად გამოარჩევს საეჭვო პირებს შორის იმათ, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთი აზიიდან არიან. მათი ლოგიკით, ეს პირები უფრო მეტად შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ისლამურ ექსტრემიზმთან.

"ამნესტი ინტერნეიშნელის" აზრით, პოტენციურ ბოროტმოქმედთა ამგვარი გამორჩევა, ანუ "პროფილირება", უბრალოდ, დისკრიმინაციაა ოღონდ განსხავებული ფორმით.

უფრო მეტიც, "ამნესტის" მიაჩნია, რომ პროფილირება კატასტროფაა უსაფრთხოების თვალსაზრისით. უშიშროების სამსახურების თანამშრომლები იმდენად არიან გართული წინასწარ შემუშავებული სტერეოტიპის მიხედვით მოქმედებას, რომ დიდი შანსია, ვერ შეამჩნიონ ნამდვილი ტერორისტები.

ამ აზრს იზიარებს იბრაჰიმ ჰუპერი, ამერიკა-ისლამის ურთიერთობათა საბჭოს კომუნიკაციათა განყოფილების დირექტორი. მისი თქმით, მისი ორგანიზაცია, რომლის მიზანი მუსულმანთა მხარდაჭერაა, კარგად აცნობიერებს უსაფრთხოების ზომების გაზრდილ აუცილებლობას. მაგრამ, მისი სიტყვებით, არაბების, სამხრეთაზიელთა და მუსულმანთა მიმართ ყურადღება ძალზე შორს მიდის.

[ჰუპერის ხმა] "საქმე გვქონია მთელ რიგ შემთხვევებთან, როცა მუსულმანები გააჩერეს ან დააპატიმრეს უბრალოდ ვიდეოკამერით გადაღების გამო. ერთ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფმა იკითხა გზა სათევზაო ტბისკენ, რომელიც შემთხვევით ატომური ელექტროსადგურის მახლობლად იყო. ისინი დააკავეს უბრალოდ მათი გარეგნობის გამო."

ჰუპერის თქმით, რასობრივი და ეთნიკური პროფილირება კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან იგი უსაფრთხოების ილუზიას ქმნის.

ამ აზრს ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ჯონ ჰალსმენი, მეცნიერი და ავტორი, რომელიც უშიშროების საკითხებზეა სპეციალიზებული. როგორც ჩვენს რადიოს განუცხადა ჰალსმენმა, ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იქნებოდა ზემოხსენებული ჯგუფების პირთა მიმართ ყურადღების მოდუნება.

[ჰალსმენის ხმა] "ამნესტის უდაოდ ძლიერი და ღირსეული არგუმენტი აქვს. მაგრამ რა ჰქონდათ საერთო 11 სექტემბერს თვითმფრინავების გამტაცებელებს? კოპლებიანი ტანსაცმელი რომ ცმოდათ, მაშინ ძებნას დავუწყებდი ადამინებს კოპლებიანი ტანსაცმლით. ყველას რომ მწვანე თვალები ჰქონოდა, შეიძლება ეს გამეთვალისწინებინა".

ამნესტის ანგარიშის თანახმად, ამერიკის 50 შტატიდან 27-ში არ არის აკრძალული რასობრივი პროფილირება. 47 შტატში არ იკრძალება რელიგიური ნიშნით პროფილირება. "ამნესტი ინტერნეიშნელი" მხარს უჭერს პროფილირების პოლიტიკის აკრძალვისკენ მიმართულ კანონპროექტებს, რომლებიც კონგრესში მუშავდება.
XS
SM
MD
LG