Accessibility links

”ელექტროკავშირის” ახალ შესაძლო ტარიფზე პოლიტიკოსებმა ქულები დაიწერეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს არცთუ ისე მშვიდ ვითარებაში

ახსნა-განმარტებისათვის იბარებდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს, ტრადიციულად, ბოლო პერიოდის ქართული მედიის ერთ-ერთი ტოპ-პერსონის, კახა ბენდუქიძის, პარლამენტარებთან ”გაბაასება” იწვევდა. დაპირისპირების საგნად, ერთი მხრივ, საქართველოს ”ელექტროკავშირის” აბონენტთათვის 1 ოქტომბრიდან დაგეგმილი წუთობრივი საგადასახადო ტარიფის შემოღება იქცა, მეორე მხრივ კი, ”რუსთავის მეტალურგიული კომბინატის” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. ამ საწარმოს, რომელიც თავის დროზე საბჭოთა საქართველოს ინდუსტრიულ სიძლიერეს გამოხატავდა და დღეს ძველი დიდების ნასახიც აღარა აქვს შერჩენილი, როგორც ჩანს, საკმაოდ გავლენიანი ჯგუფებისათვის ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ცხოველი ინტერესი, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს დაპირისპირება ერთი, თუნდაც ხმაურიანი, საკომიტეტო მოსმენით არ ამოიწურება. თუ ”მეტალურგიულ კომბინატთან” დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამ ნათელი არ არის და კონფლიქტის დასრულებას უახლოეს დღეებში არ უნდა ველოდეთ, ”ელექტროკავშირის” თემა გაცილებით უფრო ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებს.

ალბათ, ამიტომ, ან იმიტომ, რომ ეს თემა ბევრისათვის პოლიტიკური დივიდენდების დაგროვების კარგ საშუალებას იძლევა, კვირის ბოლოს საპარლამენტო აუდიტორიებში ”საქართველოს ელექტროკავშირის” წუთობრივი საგადასახადო ტარიფის დაწესებას აპროტესტებდნენ. აურზაური ამ საკითხის გამო იკვეთებოდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, როდესაც ”ელექტროკავშირი”, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით სხვა ოპერატორ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, აბონენტთათვის წუთობრივი გადასახადის დაწესების აუცილებლობის წინაშე დადგა. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, ”ელექტროკავშირმა”, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, კერძო ტელესაკომუნიკაციო კომპანიებს ყოველთვიურად მათთან განხორციელებულ ზარებზე სოლიდური თანხა უნდა გადაუხადოს; შესაბამისად, მან ეს თანხები აბონენტებისგან წუთობრივი გადასახადის დაწესებით უნდა ამოიღოს ან, უბრალოდ, გაკოტრდეს. გადასახადის დაწესება 300 ათასამდე აბონენტის უკმაყოფილებას გამოიწვევს; აბონენტთა - თანაც, არცთუ მცირერიცხოვან აბონენტთა - სოციალური უკმაყოფილება კი მმართველი ძალის იმიჯს აკნინებს, ხოლო იმიჯზე ზრუნვა რომ ამ ძალისათვის სულაც არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ამაში დარწმუნების საშუალება ჩვენ უკვე გვქონდა.

პარლამენტში საგანგებოდ მისული ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე შექმნილი სიტუაციიდან მხოლოდ ორ გამოსავალს ხედავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: 1) გააკეთოს ”ელექტროკავშირმა” წუთობრივი ტარიფიკაცია და მაშინ ნორმალური სიტუაცია შეიქმნება, ან მოვშალოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მან სხვასთან ჩართვის დროს უნდა გააკეთოს წუთობრივი ტარიფიკაცია, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ჩვენ მას ავუკრძალოთ შემოსავლის წუთობრივი დათვლა და გასავალი წუთობრივად დავუთვალოთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავაკოტროთ ”ელექტროკავშირი”.(სტილი დაცულია)

ანუ შექმნილია უცნაური სიტუაცია: სახელმწიფო კომპანია ”ელექტროკავშირმა”, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, თავის კერძო კონკურენტებს ყოველ ზარზე 6 თეთრი უნდა გადაუხადოს და, თუ მანაც ანალოგიური ტარიფიკაცია არ შემოიღო, უნდა გაკოტრდეს; ხოლო თუ 1 ოქტომბრიდან ახალი ტარიფიკაცია აამოქმედა, მას მოსახლეობის რისხვა არ ასცდება. 300 ათასი ”აბონენტ-ამომრჩევლის” უკმაყოფილოდ დატოვებას არც უმრავლესობა და არც ოპოზიცია არ აპირებს. საპარლამენტო პარტიებმა ეს რომც დაუშვან, ამგვარ საკითხებზე მუდამ ჩასაფრებული ლეიბორისტები სათავისოდ გამოიყენებენ მოსახლეობის ჯერჯერობით ”უფასო ყურმილის” გაძვირებას და სასამართლოსაკენ ასგზის გაკვალულ გზას კიდევ ერთხელ აატალახებენ. სხვათა შორის, ექსპერტთა შეფასებით, მათ პროცესის მოგების არცთუ მცირე შანსი ექნებათ. თავისი ინტერესი აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც, ადრე თუ გვიან, ”ელექტროკავშირის” სარფიანად პრივატიზების იმედი აქვს და, თუ ეს ორგანიზაცია გაკოტრდა, კარგი გადამხდელის მოძებნა ფუჭი ოცნება იქნება. არადა, თუ ტარიფი ყველას ერთდროულად არ გაუუქმდა და პარლამენტმა ან სხვა პოლიტიკურმა ორგანომ თუ ძალამ მხოლოდ ”ელექტროკავშირისათვის” ცალმხრივად გააუქმა ახალი ტარიფიკაცია, ამ სახელმწიფო სტრუქტურას გაკოტრება არ ასცდება.

პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ეფუძნებოდა არა იმდენად ეკონომიკურ კანონზომიერებას, რამდენადაც ემოციას და ხალხის სოციალურ მომავალზე პოპულისტური განცხადებები ჭარბობდა. ”ელექტროკავშირის” აბონენტთათვის ტარიფის გაძვირებაზე ყველა პოლიტიკურმა ძალამ სცადა ქულების დაგროვება. ამ სიტუაციაში ყველაზე უფრო უსუსურად და განწირულად გამოიყურებოდა თავად საწარმო ”ელექტროკავშირი”, რომელსაც უმრავლესობა წინასწარ შეუთანხმებელ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებდა. ოპოზიცია და, კერძოდ, ”მრეწველები” ეკონომიკის მინისტრს ხალხის გაყვლეფის მცდელობას აბრალებდა, თავად ბენდუქიძე კი ”ელექტროკავშირს” სიმხდალეში სდებდა ბრალს და სასამართლო დავისაკენ მოუწოდებდა.

თემის განხილვას ზურაბ ტყემალაძისა და კახა ბენდუქიძის სიტყვიერი დუელიც მოჰყვა, რომელიც მეტ-ნაკლებად იმდღევანდელ განწყობას გამოხატავს:

[ზურაბ ტყემალაძე] ”მოსახლეობას გადავახდევინოთ ტარიფი და მოსახლეობა დავსაჯოთ.”
[კახა ბენდუქიძის ხმა] ”თქვენი პოპულისტური გამოსვლა იმის შესახებ, მოსახლეობას როგორ უნდა გადავახდევინოთო, ბიჭო, ხმარობ და უნდა გადაიხადო.”(სტილი დაცულია)

ბენდუქიძეს თუ დავესესხებით, ”ხმარება” ( აქ უნდა ვიგულისხმოთ სატელეფონო მომსახურებით სარგებლობა) ყველგან - ყოველ შემთხვევაში, ნორმალურ ქვეყანაში - ფული ღირს. ”უფასო ყველი მხოლოდ თაგვისათვის არსებობს და ისიც მხოლოდ სათაგურში”. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ლოგიკურია საფასური და რა გათვლებს ეფუძნება ის და, ასევე, რამდენად კონკურენტულია გარემო ამ ბაზრის ყველა ოპერატორისათვის. ამის უზრუნველყოფა კი ნამდვილად სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა, რის აღსრულებასაც ამ სახელმწიფოს მაღალი ჩინები ხშირად, სამწუხაროდ, ელექტორატზე ეფექტურ მანიპულირებას ამჯობინებენ.
XS
SM
MD
LG