Accessibility links

logo-print

რომანო პროდი საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ევროკავშირის უმაღლესი მოხელე თბილისს

სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრებზე რომანო პროდიმ ხელისუფლებას რეფორმების გატარება და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება ურჩია.

ევროკავშირი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში შუამავალი ვერ იქნება, თუმცა ამ კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს - ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი მოხელე განმარტავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების არსებობა საქართველოში რეფორმების შეფერხებას იწვევს. ევროკავშირის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ახალ სამეზობლო ინიციატივასთან მიერთებას სთავაზობს. ინიციატივის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რეფორმის გატარების ვალდებულება დაეკისრება.

[რომანო პროდი] “ამ ვიზიტის დროს ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ახალ სამეზობლო ინიციატივასთან მიერთება. ეს ინიციატივა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის ერთიან ეკონომიკურ ბაზარს და სხვადასვა სახის მნიშვნელოვან დახმარებას ითვალისწინებს.”

ევროკავშირის ახალი ინიციატივის დეტალები ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას გააცნო. სახელმწიფო კანცელარიაში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჟვანია ჟურნალისტებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “ეს არის მართლა საბოლოო გარანტიის მიღება. ევროპულ კავშირში წევრობა ეს არის მართლა ხელშეუხებლობის გარანტია და, ამავე დროს, სწრაფი ეკონომიკური განვითარების და ძალიან მაღალი სოციალური დაცვის გარანტია.”

ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. მისი თქმით, საქართველო თავის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებისათვის მხოლოდ პოლიტიკურ მეთოდებს გამოიყენებს.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა კონფლიქტები გადავწყვიტოთ მშვიდობიანი გზით. აქ ევროკავშირისა და ევროკომისიის როლსა და ხმას, რა თქმა უნდა, დიდი და მნიშვნელოვანი წონა აქვს.”

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG