Accessibility links

ეთერშია რადიო ”თავისუფლების” ”ახალგაზრდული პროგრამა”.


ეთერშია რადიო ”თავისუფლების” ”ახალგაზრდული პროგრამა”.

დღეს ვისაუბრებთ 20 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ, რომელიც ბევრი რამით იქნება გამორჩეული: გადაიდგმება რეფორმით გათვალისწინებული პირველი ნაბიჯები, შეიცვლება მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ძველი - საბჭოთა -სისტემა და სხვა. ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ ასევე კომპიუტერულ სპორტზე და ვიმოგზაურებთ კომპიუტერული თამაშების ვირტუალურ სამყაროში.

სულ ცოტაც და საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყება - წელი, რომელიც ბევრი რამით იქნება გამორჩეული: გადაიდგმება რეფორმით გათვალისწინებული პირველი ნაბიჯები, სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებს, გამოცდების ნაცვლად, ოთხი ძირითადი ტესტის ჩაბარება მოუწევთ, მიღებული ქულები კი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისა და მიმღები კომისიების მაგივრობასაც გასწევენ… თუმცა ეს ყველაფერი სასწავლო წლის ბოლოს იქნება. მანამდე კი წინ 20 სექტემბერია, ახალი სასწავლო წლის პირველი დღე - დღე, რომელიც ცოდნის მიღების სასწაულთან ერთად ახალ შეხვედრებსა და იმედებსაც უკავშირდება. დღეს ჩვენი ახალგაზრდული პროგრამის მეორე ნაწილში მოსწავლეებს, მომავალ სტუდენტებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს შეგახვედრებთ. იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ისინი, რა იმედებითა და განწყობით ხვდებიან ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, ჯიმშერ რეხვიაშვილი მოგითხრობთ.

[ისმის ზარის ხმა]

სხვა დროს ძნელია განსაზღვრა, მაგრამ სექტემბერში ზარი, როგორც წესი, ახალგაზრდებს - მოსწავლეებს, სტუდენტებს - და მათ პედაგოგებს უხმობს. ზომაზე მეტად გაწელილი, თითქმის ოთხთვიანი, საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასწავლო კლასებს ასიათასობით მოზარდი მიაშურებს. იქნებიან ისეთები, ვინც პირველად შეაღებს სკოლის კარს. მათზე წელს განსაკუთრებულად იზრუნეს - პირველკლასელები საჩუქრად ჩანთასა და სახელმძღვანელოების სრულ კომპლექტს მიიღებენ. თუმცა ხელცარიელები არც სხვა მოსწავლეები დარჩებიან.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “2004-2005 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საშუალო სკოლის 650 ათასი მოსწავლე მიიღებს ათ-ათ ლარს, რომ უფრო უკეთესად…”

ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მოსწავლეებისთვის განკუთვნილი თანხა - დაახლოებით 6 მილიონ 500 ათასი ლარი - პრეზიდენტის ფონდმა გაიღო. მიუხედავად მოკრძალებული მასშტაბებისა, საჩუქრის ფასი ყველაზე უკეთ ახალგაზრდა მშობლებმა იციან.

[ქალბატონის ხმა] “პირველკლასელებისათვის, მართლაც, მნიშვნელოვანი დახმარებაა. მართალია, მე არ მყავს პირველკლასელი, მაგრამ ჩანთისა და სახელმძღვანელოების შეძენა მნიშვნელოვანი დახმარებაა პირველკლასელებისათვის.”

[ქალბატონის ხმა] “ჩემი შვილიც იღებს ამ საჩუქარს, მაგრამ იმ ძვირ წიგნებთან შედარებით ძაან მცირედ გვეჩვენება, თორემ მეტი არაფერი.”(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] “კმაყოფილი ვარ, მაგრამ ძალიან მცირე თანხაა. უფრო მეტი უნდა იყოს გამოყოფილი მოსწავლეებისათვის.”

თანხა, მართლაც, მცირეა და, ჯამში, ორი სახელმძღვანელოს შესაძენადაც არ კმარა. თანაც, სკოლებში მისვლამდე არავინ იცის, რომელი სახელმძღვანელოებით მოუწევთ ბავშვებს სწავლა. ამის გამო წინასასკოლო ბაზრობებიც უღიმღამოდ მიმდინარეობს. ყველაზე მეტად კი პირველკლასეთა მშობლები ნერვიულობენ.

[ქალბატონის ხმა] “პირველკლასელი მყავს, წელს შევდივართ პირველად და, რა ვიცი, ძალიან დიდი პრობლემების წინა ვდგავარ, ძალიან ვნერვიულობთ და განვიცდით, რა იქნება… აბსოლუტურად ყველაფრის პრობლემის წინაშე ვდგავარ.”(სტილი დაცულია)

მშობლებისაგან განსხვავებით, პრეზიდენტის საჩუქრის ადრესატი მოსწავლეები მათთვის გამოყოფილი თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვას აპირებენ. ვის ნუგბარისაკენ მიუწევს გული, ვის მხატვრული ლიტერატურისკენ, ვის კი კომპიუტერის შეძენის სურვილი არ ასვენებს.

[გოგონას ხმა] “რაში და, ამ ათი ლარით გოგონები კაფეში ყავას მაინც დავლევთ.”
[ყმაწვილის ხმა] “ფულს ვაგროვებ, იმას დავუმატებ და მერე კომპიუტერს ვიყიდი.”

[გოგონას ხმა] “რამეს ვიყიდი, ალბათ, ამ ათი ლარით - ალბათ, ჩასაცმელს.”

[ყმაწვილის ხმა] “რა ვიცი, რამეს ვიყიდი… არა, ტანსაცმელს კი არა, ფულს ვაგროვებ.”
მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან განსხვავებული საზრუნავი აქვთ პედაგოგებს. მათ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმა აშინებთ. ყველაზე მეტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ნერვიულობენ.

[ქართული ენის მასწავლებლის ხმა] “ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის მტკივნეულია, რამეთუ ქართულის საათებს თითმის ყველა კლასში თითო საათი აკლდება და ყველაზე შეურიგებელი ჩემთვის არის ის, რომ მე-9 კლასში ძველ ქართულს საათი დააკლდა.”(სტილი დაცულია)

თუმცა განათლების სამინისტროს მესვეურები პედაგოგებს არწმუნებენ, რომ მათ ნერვიულობის ობიექტური მიზეზი არა აქვთ. გიგი თევზაძე, განათლების მინისტრის თანაშემწე, განმარტავს:

[გიგი თევზაძის ხმა] “ეს ყველაფერი განხორციელდა დაფინანსების შენარჩუნებით, ანუ როცა ამბობდნენ, დაფინანსებამ დაიკლოო, სწორი არ არის. მასწავლებლები ზუსტად ისე მიიღებენ იმ თავის ანაზღაურებას, როგორც იღებდნენ. უბრალოდ, ამით შეიცვალა და ვიწყებთ დაფინანსების პირობების შეცვლას. სასკოლო სწავლის დაფინანსება წლითიწლობით გაიზრდება, არ დაიკლებს, მაგრამ შეიცვლება ამ დაფინანსების გამოყოფის წესები.”(სტილი დაცულია)

დაფინანსების მსგავსად, ასევე არ იგეგმება პედაგოგების შემცირება. ამის გარანტიას უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი იძლევა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ არ გვყავს არც ერთი ზედმეტი მასწავლებელი და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ზედმეტი სკოლა. მე მინდა ხაზი გავუსვა ამას და პასუხი გავცე ყველას. ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მასწავლებლები და არა გვაქვს საკმარისი რაოდენობის სკოლები. ამიტომ ამ სფეროში არც ერთი ადამიანი არ უნდა შემცირდეს - ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი.”

დაბოლოს, კვლავ იმათ შესახებ, ვისთვისაც სკოლები, პედაგოგები და მთლიანად განათლების სისტემა არსებობს: რას ელიან და რაზე ოცნებობენ ქართველი მოზარდები ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ?

[გოგონას ხმა] “ჟურნალისტი მინდა გამოვიდე და თან თარჯიმანიც, უცხო ენებზეც მინდა ჩაბარება.”
[გოგონას ხმა] “მინდა მოდელი გამოვიდე, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება.”

[ყმაწვილის ხმა] “მე მინდა გამოვიდე ცნობილი ჟურნალისტი და ხალხმა შემიყვაროს.”

უნდა ითქვას, რომ ჩემს რესპონდენტებს სკოლისადმი დამოკიდებულებაც განასხვავებთ. ზოგს სწავლის პროცესი იტაცებს, ზოგს მეგობრებთან ურთიერთობა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სასკოლო კვების მოქმედ სისტემას ემდურიან.

[გოგონას ხმა] “მომწონს გართობა და არ მომწონს სწავლა.”

[ყმაწვილის ხმა] “სკოლაში ის არ მომწონს, რომ ზოგიერთი ისეთი თავზეხელაღებული ბავშვია, რომ სხვა კლასელებს ჩაგრავს.”

[გოგონას ხმა] “რა ვიცი, აბა. უფრო იმიტომ დავდივარ, რომ გავერთო. ისე, სწავლაც მომწონს.”

[ყმაწვილის ხმა] “მე მომწონს ის, რომ სკოლაში ვღებულობ სწავლა-განათლებას და ძმაკაცებს ვიჩენ. ის არ მომწონს, რომ ბუფეტი ფასიანია.”

ძნელი სათქმელია, რამდენად გაიზიარებენ განათლების სისტემის რეფორმით დაკავებული ადამიანები ამ მოსაზრებებს, თუმცა, ალბათ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არც არის: მთავარია, სკოლაში მისულ ბავშვებს რეფორმის დასრულების შემდეგ, საეჭვო ხარისხის ჩანთებისა და ათლარიანი შემწეობის ნაცვლად, გაცილებით მეტი - ხარისხიანი განათლება მივცეთ.

ახლა კი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა წრეში პოპულარულ კომპიუტერულ თამაშებზე ვისაუბრებთ.

როგორც იცით, თბილისი სავსეა ინტერნეტკაფეებითა და კომპიუტერული კლუბებით, სადაც ყოველთვის შეიმჩნევა სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტების სიმრავლე. ისინი, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ახალგაზრდობა, კომპიუტერული თამაშებით არიან გატაცებული. ”გეიმერები” - ასე უწოდებენ კომპიუტერული თამაშის მოყვარულ ახალგაზრდებს - დამოუკიდებლად აყალიბებენ გუნდებს, ეგრეთ წოდებულ კლანებს, და ერთმანეთს კომპიუტერული თამაშების სხვადასხვა სახეობებში ეჯიბრებიან. ასეთ ტურნირებში წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია კლანის სათანადო მომზადება, ვარჯიში. ერთ-ერთ ასეთ ვარჯიშს კახა მჭედლიძეც დაესწრო და ახლა, ერთ-ერთ კომპიუტერულ თამაშთან ერთად, რამდენიმე გეიმერსაც გაგაცნობთ.

[კომპიუტერული თამაშის მუსიკა]
[ისმის კომპიუტერული თამაშის ხმა]
[სანდრო უჯმაჯურიძის ხმა] “ახლა არის ხუთით-სამი... ვაი... ჩავარდი ლავაში. ეს ლავაა, იქ არ უნდა ჩავარდე... ”

ეს არის სანდრო, რომელიც ლავაში მხოლოდ ვირტუალურად ჩავარდა. ამ სამყაროში მისი სახელია ”ტენნო”. იგი კომპიუტერული კლანის, ”ტემპის”, წევრია. ამ ჯგუფმა კომპიუტერული სპორტის წლევანდელ ჩემპიონატზე, რომელიც ქობულეთში გაიმართა, მეორე ადგილი დაიკავა. ”ტენნო” კომპიუტერული თამაშების ვეტერანად ითვლება, რადგან 5 წელზე მეტია, სამედიცინო უნისვერსიტეტში სწავლასთან ერთად, კომპიუტერულ ტურნირებშიც მონაწილეობს. ამჟამად მისი კლანი ”ტემპი” გატაცებულია ანრიალით, ანუ არარეალური ტიპის კომპიუტერული თამაშით. ამ თამაშს ”ანრიალ ტურნამენტ 2004” ჰქვია და გლადიატორების ბრძოლას ასახიერებს, ოღონდ მომავალ დროში, არარეალურ სამყაროში.

[სანდრო უჯმაჯურიძის ხმა] ”აი, ავიდა, ჩამოხტა. სადაც დახტება, გავთვალე დაახლოებით, მოხვდა და ახლა ისიც მესვრის. თუ გამარტყა, მომკლავს...”

[ისმის თამაშის ხმა]

თამაშის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ საუკეთესო მებრძოლები ერთმანეთს ხვდებიან ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

- “მე მაინტერესებს, სად არის აქ სპორტული ელემენტი.”

საუბარში ერთვებიან კლანის სხვა წევრებიც.

[დათო გუგავას ხმა] ”როგორც ჭადრაკში, ითვლი ოპონენტის მოძრაობებს, ითვლი შენს სტრატეგიას და მერე აყენებ დარტყმას. სპორტული ელემენტი ეს არის, ძირითადად...”

ეს არის დათო გუგავა, რომელსაც ახალგაზრდებზე კომპიუტერული თამაშების მავნე ზეგავლენის შესახებაც გავესაუბრე.

[დათო გუგავას ხმა] ”ისევე როგორც უზომო საკვებს და წყალს ვერ მიიღებს ორგანიზმი, ასევეა კომპიუტერული თამაშიც. ზედმეტი არაფერი არ ვარგა. 2-3 საათი თამაშით არაფერი ფუჭდება.”

გეიმერებს ისიც ვკითხე, ძირითადად ბრძოლასა და მკვლელობებზე აგებული კომპიუტერული თამაშები ხომ არ იწვევს აგრესიას ან კომპიუტერული რეალობის ცხოვრებაში გადატანის სურვილს.

[დავით კუპრეიშვილის ხმა] ”...ეს რეალობისგან იმდენად შორს არის, რამდენადაც ნებისმიერი სხვა ფანტასტიკა.”

ეს იყო დავით კუპრაშვილი, მეტსახელად სლეიერი, რომელიც იმ დროზე ოცნებობს, როდესაც ახალგაზრდობაში პოპულარული კომპიუტერული თამაშებით, ანუ კომპიუტერული სპორტით, ქართველი ბიზნესმენებიც სერიოზულად დაინტერესდებიან. ვინაიდან სპონსორების დახმარების გარეშე ქართველი კომპიუტერული სპორტსმენების საერთაშორისო არენაზე ასპარეზობა მხოლოდ აუხდენელ ოცნებად დარჩება.

ახალგაზრდული პროგრამა კახა მჭედლიძემ და ჯიმშერ რეხვიაშვილმა მოამზადეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG