Accessibility links

logo-print

ხადორჰესი - ერთობლივი ჩინურ-ქართული პროექტი ჩაბნელებული კახეთის გასანათებლად


მეთორმეტე წელია ჰიდრორესურსებით მდიდარი საქართველოს უმეტესი ნაწილი ზამთრობით წყვდიადში იძირება. ზოგ რაიონში კი ელექტროენერგიის პრობლემა თავს ზაფხულშიც იჩენს.

კარსმომდგარი რთვლის მიუხედავად, ასეა “საქართველოს ღვინის სამშობლოში”, კახეთის რაიონში, სადაც კვირის დასაწყისში ვიმოგზაურე. თუმცა იმავე კახეთში - კერძოდ, ხადორის ხეობაში - უკვე დასასრულს მიუახლოვდა მშენებლობა ერთობლივი ქართულ-ჩინური პროექტის, ჰიდროელექტროსადგურ ხადორჰესისა, რომლის მიერ გამომუშავებულ ენერგიას წელსვე შეუძლია კახეთის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიით უზრუნველყოს. მაგრამ მშენებლობის დასრულებისას თავი იჩინა პრობლემამ, რომელიც, წესით, საწყის სტადიაზე უნდა გადაწყვეტილიყო და რის გამოც ხადორჰესის აგრეგატებს ცოტა ხანს კვლავ უქმად ყოფნა მოუხდებათ.


დამოუკიდებელი საქართველოს 13 წლიანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ჰიდროელექტროსადგური გამოვიდა მწყობრიდან, ხადორჰესი კი ერთადერთი ჰესია, რომლის მშენებლობაც 2001 წელს დაიწო და, ისიც, ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით. მშენებლობის ადგილად შეირჩა ხადორის ხეობა, რომელიც პანკისის ხეობას ესაზღვრება. პროექტის თანახმად, სამასი მეტრის სიმაღლიდან სადაწნევო მილსადენით დაშვებული მდინარეების - ალაზნისა და სამყურას - ჭავლმა უნდა აამოქმედოს ორი აგრეგატი, რომელიც 24 მეგავატ ელეტქროენერგიას გამოიმუშავებს. მშენებლობისთვის ჩინურმა კომპანიამ 300-ზე მეტი ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სპეციალისტი დაიქირავა. ქისტი ლევან ლაგაზური ერთ-ერთი სამშენებლო ბრიგადის ხელმძღვანელია.

[ლევან ლაგაზურის ხმა]

გარდა ადგილობრივი მუშახელისა, სიჩუანის ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები დაიქირავა და ჩინეთში ორთვიან სასწავლო კურსებზე გაგზავნა. მათ შორის არის თბილისელი ლევან აწურაძე, რომელიც ამჟამად ხადორის ხეობაში, ასევე ჩინელი სპეციალისტების მიერ აგებულ სასტუმროში, ცხოვრობს. ლევანის თქმით, ხადორჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეუძლია მთლიანად დააკმაყოფილოს კახეთის ორი რაიონის - ახმეტისა და თელავის რაიონების -მოსახლეობის მოთხოვნილება. გარდა ამისა, მსგავს ჰიდრონაგებობას სხვა უპირატესობაც აქვს:

[ლევან აწურაძის ხმა]

ჩინეთის მხარემ ხადორჰესის მშენებლობაზე დახარჯა 27 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, რომელიც მათ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურიდან უნდა ამოიღონ. ამჟამად გასაყვანია ერთი ალაზნის გვირაბი, რაც, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ასე რომ, სადგური, ფაქტობრივად, მზად არის გასაშვებად, მაგრამ, როგორც ლევან აწურაძე ამბობს, პრობლემას სწორედ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი წარმოადგენს.

[ლევან აწურაძის ხმა]

ჩინურმა მხარემ, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ ისურვა ამ დელიკატურ საკითხზე საუბარი. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ლევან ხეთაგურმა კი განგვიცხადა, რომ თურმე თავის დროზე ჩინურ მხარესთან ხელშეკრულება კანონის დარღვევით გაფორმდა, ხელშეკრულების ამ ფორმით ამოქმედების შემთხვევაში კი კახეთის მოსახლეობა ვერ შეძლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას:

[ლევან ხეთაგურის ხმა]

მშენებლობის ბოლოს აღმოჩენილი პრობლემის მიუხედავად, ენერგეტიკის სამინისტროში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ვარაუდობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის მესვეურებთან საერთო ენის გამონახვას. მშენებლობის ბოლოში გასული ქართველი ჰიდრომშნებლები კი იმედოვნებენ, რომ ხადორჰესის ამოქმედებით სტარტი მიეცემა მცირე და ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰესების მშენებლობას. სპეციალისტების თქმით, ჰიდრორესურსებით მდიდარ საქართველოში, სულ მცირე, 50-მდე ანალოგიური პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG