Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა არაერთი მოვლენით იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის: გაიხსნა პარლამენტის საშემოდგომო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირა არაერთი მოვლენით იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის: გაიხსნა პარლამენტის საშემოდგომო სესია, ყაზახეთში გაიმართა დსთ-ის სამიტი,

პარლამენტმა დაამტკიცა ახალი სახალხო დამცველი. საქართველოს პრესის მიმოხილვაში გესაუბრებით ამ და ორიოდე სხვა საკითხის შესახებ.

თავდაპირველად პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობას შევეხებით. როგორც 15 სექტემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” აღნიშნავს, “პირველი სესია პარლამენტში მწვავე დაპირისპირებით დაიწყო. რამდენიმე პრობლემატური საკითხის წამოწევის გამო მემარჯვენე ოპოზიცია სახელისუფლებო პარტიის სერიოზული კრიტიკის ცეცხლში მოჰყვა.”

გაზეთის თქმით, “მემარჯვენე ოპოზიცია” რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას არათანმიმდევრულს უწოდებს და ხელისუფლებას ურჩევს, ფედერაციის მიმართ უფრო დაფიქრებული, კატეგორიული და გათვლილი ნაბიჯები გადადგას. ოპოზიცია მთავრობისგან კატეგორიულად ითხოვს პასუხი გასცეს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით დასმულ ათ შეკითხვას. “მემარჯვენეები” აფხაზეთის დელეგაციის საკითხის ხელახლა გადახედვასაც მოითხოვენ. პარლამენტის სესიაზე ამ საკითხის წამოწევა ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა.

ყველაზე მეტად სახელისუფლებო პარტია მდგომარეობიდან ათ კითხვაზე პასუხის მოთხოვნას გამოჰყავს.”

“ნაკლებ რეაქციას არც აფხაზეთის დეპუტაციის უფლებამოსილების საკითხის წამოწევა იწვევს. “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთი წევრის, ფიქრია ჩიხრაძის, განცხადებით, ამ დეპუტაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ხელახლა გადასახედია, ვინაიდან პრეზიდენტი საქმის კურსში არ ყოფილა. ოპოზიცია გაოგნებას ვერ მალავს იმ შეუთანხმებელი პოზიციის გამო, რაც სახელისუფლებო პარტიაში სუფევს.”

ახლა კი დსთ-ის ასტანის სამიტის შესახებ გესაუბრებით. 16 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, “საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინა დღეს გაიმართა ორი ქვეყნის მთავრობათა მეთაურების შეხვედრა, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ “ყველა საკითხი კომპლექსურად, რუსეთ-საქართველოს დაახლოების პირობებში უნდა გადაწყდეს”.

რა საკითხების გადაწყვეტას აპირებს რუსეთი კომპლექსურად?”

გაზეთი წერს: “ირკვევა, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს რუსეთზე ბოლომდე დამოკიდებულს გახდის. რუსეთის მიზანი კი უფრო შორსმიმავალი ჩანს. საქართველო იძულებული უნდა გახდეს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერაზე უარი თვითონვე თქვას.
საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებისთვის კომპრომისულ წინადადებათა პაკეტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ასეთი პაკეტი რუსეთს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია. ამ სხდომაზე გაირკვა, რომ რუსეთს კომპრომისულ ვარიანტად საქართველოში სამხედრო ბაზების დატოვება მიაჩნია. სერგეი ლავროვის განმარტებით, საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები ანტიტერორისტულ ცენტრებად უნდა გადაკეთდეს, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო გავლენა შენარჩუნდება.”

“რუსეთს საქართველოში ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის იდეა თბილისმა შესთავაზა, რუსეთი კი ამ იდეის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. თუმცა, ჟვანიას განცხადებით, ამ წინადადებაზე ქართული მხარე არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდება.”

17 სექტემბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “წინა დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ დსთ-ის სამიტზე “დიდი რუსული პოლიტიკის მეორე დღე დასრულდა.”

გაზეთის ცნობით: “ასტანის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა ჩვეული მჭევრმეტყველებით ამხილა რუსეთის მმართველები აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში და ამის ნათელ მაგალითად სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დაასახელა, თუმცა - სულ ამაოდ: ამით არც ოფიციალური მოსკოვის პოზიცია შეცვლილა და არც რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაუდგამს ვინმეს.”

17 სექტემბრის გაზეთი “ახალი თაობა” წერს: “ყველაფრის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი ამ სამიტს დადებითად აფასებს, ალბათ, იმ მიზეზის გამო, რომ დსთ-მ კიდევ ერთხელ მიიღო დადგენილება, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ დადგენილების მიღებისთვის მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის ყველა ქვეყანას მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებული მადლობა კი - რუსეთს.”

როგორც 15-16 სექტემბრის გაზეთი “ახალი ვერსია” აღნიშნავს, “რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე საქართველო გაეხვია კიდევ ერთ სკანდალში, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის განცხადებამ გამოიწვია: პანკისის ხეობაში კვლავაც რჩებიან საერთაშორისო ტერორისტები და ჩეჩენი ბოევიკები, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი რიცხვი ადრინდელთან შედარებით საგრძნობლად მცირეა.”

გაზეთის თქმით: “ამერიკის ელჩის ამ სკანდალურ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ვაშინგტონი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა ცალსახად განაცხადა, რომ პანკისში შეიარაღებული ჯგუფები აღარ არიან”. “ბაუჩერმა ამ განცხადებით მაილსის შეცდომის გამოსწორება სცადა, თუმცა საკითხავია, საერთოდ რატომ დაუშვა ეს შეცდომა ამერიკის ელჩმა და თანაც მაშინ, როცა საქართველოში ტერორისტების არსებობის შესახებ დაბეჯითებით ირწმუნება რუსეთი და პრევენციული დარტყმებისთვის ემზადება.

რიჩარდ მაილსს ჯერჯერობით არც შეცდომა უღიარებია, არც ბოდიში მოუხდია, არც თავი უმართლებია და არც ბაუჩერის განცხადება გაუპროტესტებია. საქართველოს ხელისუფლება ელჩის განცხადების კომენტირებას ერიდება, თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არც პანკისის ხეობაში და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონში ტერორისტები არ იმყოფებიან.”

“ბრძოლა განმანათლებლების წინააღმდეგ”, “პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ”, “განათლების შესახებ კანონპროექტი ჩავარდება”. ამ სათაურებით გამოეხმაურა გასული კვირის პრესა დაპირისპირებას, რომელიც პედაგოგებსა და განათლების სამინისტროს შორის წარმოიქმნა.

16 სექტემბრის გაზეთი “ახალი თაობა” წერს: “განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს “ზოგადი განათლების შესახებ”, “ზოგადი განათლების მიზნების შესახებ” და “უმაღლესი განათლების შესახებ” მასწავლებელთა აღშფოთება მოჰყვა. საპროტესტო აქციებმა უკვე სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლა. მასწავლებლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისინი, სხვა მოთხოვნებთან ერთად, პირველ რიგში, განათლების მინისტრ ალექსანდრე ლომაიას უპირობო გადადგომასაც მოითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული კანონპრტოექტები ვერ უზრუნველყოფენ ეროვნული ზოგადი და უმაღლესი სკოლის აღორძინებისა და განვითარების მიზნებს. იქ მოცემული დებულებები, სასწავლო საგანთა ჩამონათვალი, სკოლის მართვის ახალი მოდელი, ფაქტობრივად, გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ეროვნული სკოლის განვითარების ძირითად პრინციპებს”.

დაბოლოს, იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს ახალი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის სამოქმედო გეგმა. 16 სექტემბრის გაზეთი “24 საათი” წერს: “როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გაირკვა (საბედნიეროდ, ჟურნალისტებისთვის ამ კომიტეტის სხდომა ღია აღმოჩნდა), გასაკეთებელი საკმაოდ ბევრია. არის საკითხები, რომლებიც, სუბარის თქმით, სულ მალე უნდა გადაწყდეს და რომელთა ირგვლივაც საუბარმა აზრი უნდა დაკარგოს. მაგალითად, იგი პატიმართა წამების ფაქტებს ასახელებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ გასაკეთებელი და შესაცვლელი ამ ინსტიტუტში საკმაოდ ბევრია. სავარაუდოდ, ახალ ომბუდსმენს ეყოლება რამდენიმე მოადგილე, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ამა თუ იმ სფეროში არსებულ მდგომარეობას.
სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყოველთვის შეეცდება გაიზიაროს მათი გამოცდილება.”
XS
SM
MD
LG