Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იყო თუ არა “არაფრისმომცემი” 16 სექტემბრის საპარლამენტო დებატები


ხელისუფლებამ და, მის კვალდაკვალ, პრესამაც ხუთშაბათის საპარლამენტო პოლიტიკურ დებატებს “არაფრისმომცემი” უწოდა. მაგრამ ამგვარი შეფასება უგულებელყოფს იმ ფაქტს,

რომ 16 სექტემბერს საქართველოს მოსახლეობამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პირველად მოისმინა კარგად ორგანიზებული ოპოზიციური აზრი. მინდა გესაუბროთ პოლიტიკური დებატების ტრადიციის შესახებ.

როდის შეიძლება, საპარლამენტო პოლიტიკურ დებატებს ეწოდოს “არაფრისმომცემი”? ალბათ, იმ შემთხვევაში, თუკი დებატების თემა საზოგადოებისთვის უინტერესოა და ორ მხარეს შორის არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა ფორმალური ხასიათისაა. ალბათ, იმ შემთხვევაშიც, თუ დისკუსიის თემა აქტუალურია, მაგრამ მხარეთა პოზიციები იმდენად არაორგანიზებულია, რომ საზოგადოება ვერ იღებს რაიმე ახალ ინფორმაციას ან განმარტებას მთავარი თემის ირგვლივ.

ყველაზე ცხარე პოლიტიკური დებატები იმართებოდა 1992 წლის მოწვევის პარლამენტში, რომლის ფუნქცია კამათითა და ჩხუბით კიდეც ამოიწურა. იმ პარლამენტში 26 პოლიტიკური ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ქვეყანაში კი უმწვავესი კრიზისის ხანა იდგა: ერთდროულად მიმდინარეობდა აფხაზეთის და სამოქალაქო ომი. ამიტომ საპარლამენტო დისკუსია საზოგადოებას მუდმივად აინტერესებდა. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დღესაც ფიქრობს, რომ 1992-95 წლების პარლამენტი ისტორიაში დარჩება, როგორც განუმეორებელი თავისი გულწრფელობით, სიმწვავით და პოლიტიკური ენერგიით.

სრულიად სხვაგვარი იყო დებატები 1995 წლის მოწვევის პარლამენტში. ამ პარლამენტმა თავის ძირითად ამოცანად დაისახა ნაკლები კამათი პოლიტიკურ თემებზე და კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ახალ კონსტიტუციასთან. იმ პერიოდში მოქალაქეთა კავშირი ყველაზე ძლიერი პარტია იყო, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობას გარკვეული იმედები უკავშირდებოდა, საზოგადოება რეფორმებს ელოდა, დანარჩენი პარტიები კი უფრო თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ, ვიდრე ხელისუფლების ჩანაცვლებაზე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორად გაყოფამ ოპოზიცია საბოლოოდ დაასუსტა. პარლამენტში ჩამოყალიბდა ლიდერების სამეული: ზურაბ ჟვანია - ირინა სარიშვილი - მამუკა გიორგაძე. მაგრამ პოლიტიკურ დებატებში სარიშვილი და გიორგაძე უფრო ერთმანეთის დამარცხებას ცდილობდნენ, ვიდრე მოქალაქეთა კავშირთან ჭიდილს. შესაბამისად, არგუმენტების დაპირისპირებას მხოლოდ სანახაობითი ფუნქცია ჰქონდა, რადგან ოპოზიცია სახელისუფლო პარტიას კონკურენციას ვერ უწევდა. მოქალაქეთა კავშირი პარლამენტის ვადის ამოწურვისთვის დარჩა პოლიტიკურ ცენტრად, ხოლო მაშინდელი ოპოზიცია - როგორც ეროვნულ-დემოკრატების, ისე სახალხოელების სახით - დასუსტდა და პოლიტიკის ეპიცენტრს ჩამოშორდა.

სრულიად სხვა დრამატურგია ჩამოყალიბდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტში. ვიდრე პოლიტიკური დებატები იმართებოდა მოქალაქეთა კავშირსა და აღორძინების კავშირს შორის, ეს იყო ორი სახელისუფლო პარტიის კამათი ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლების რეიტინგი დღითი დღე მკვეთრად ეცემოდა. თუმცა, განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტისაგან, სადაც დებატებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა, შევარდნაძისა და აბაშიძის პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირება გულწრფელი და დაუნდობელი იყო.

ვითარება საბოლოოდ გამწვავდა მოქალაქეთა კავშირის დანაწევრების შემდეგ. ჯერ მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ ზურაბ ჟვანიამ საკუთარი პარტიები შექმნეს და, ახალ მემარჯვენეებთან ერთად, პარლამენტში ოპოზიციური ბანაკი ჩამოაყალიბეს. პირველად ქვეყანაში გაჩნდა ოპოზიცია, რომელიც რეალურად ემზადებოდა ხელისუფლების ჩასანაცვლებლად. ამიტომ პოლიტიკური დებატები გამწვავდა, გახანგრძლივდა, პროცედურული ომის სახე მიიღო და იმდენად საინტერესო გახდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ღამეებს ათენებდა შედეგების მოლოდინში. პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში, პოლიტიკურმა დებატებმა შეიძინა პროდუქტიულობა და ამომრჩეველი ხელისუფლების რევოლუციური ცვლილებისთვის მოამზადა.

რა ხდება დღეს? ხუთშაბათის საპარლამენტო დებატები აღმოჩნდა ოპოზიციის პირველი “გაელვება” “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. ცნობილია, რომ პარლამენტი ყველაზე დაცული სივრცეა ოპოზიციის “გამოსაზრდელად”. 16 სექტემბერს პირველად დადასტურდა, რომ ამჟამინდელ პარლამენტში, მისი ფორმალური ერთგვაროვნების მიუხედავად, არსებობს რესურსი ორგანიზებული ოპოზიციური აზრის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ საფიქრებელია, რომ თუ ამ დებატებს “არაფრისმომცემს” ვუწოდებთ, ესე იგი, ჯეროვნად ვერ ვაფასებთ მის მნიშვნელობას.

ამჯერად დებატების თემა იყო აქტუალური, ოპოზიციის შეკითხვები იყო საზოგადოებისთვის საინტერესო და არც მისი არგუმენტები ჟღერდა უსაფუძვლოდ. ის ფაქტი, რომ ოპოზიციას წარმოადგენდა არა ერთი პოლიტიკური ძალა, არამედ - სხვადასხვა, პოლემიკას კიდევ მეტ მნიშვნელობას სძენდა მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში.

შეიძლება ითქვას, რომ, დებატების სიხშირის მიუხედავად, ბოლო ოთხი მოწვევის პარლამენტში ბევრჯერ არ გამართულა ისეთი საეტაპო დისკუსია, როგორიც იყო 16 სექტემბრის დებატები ცხინვალის პრობლემის და, ზოგადად, ხელისუფლების კურსის შესახებ.
XS
SM
MD
LG