Accessibility links

კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება


სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი

რობერტ სიმონსმა ჩაიბარა. ის აცხადებს, რომ ურთიერთობების დამყარებისას ნატო აუცილებლად გაითვალისწინებს ამ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებას.

კავკასიასა და შუა აზიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს საგანგებო დაინტერესებას ყოფილი საბჭოთა ქვეყნებით. ხსენებული პოსტის აუცილებლობა ივნისში, სტამბულის სამიტზე შეთანხმდა. იქვე გადაწყდა საკონტაქტო ოფიცრების დანიშვნა და სამხრეთ კავკასიის - სამ და შუა აზიის – ხუთ ქვეყნასთან ურთიერთობის ახალი სისტემის ჩამოყალიბება.

რობერტ სიმონსი, რომელიც კავკასიისა და შუა აზიის რეგიონების წარმომადგენლად დაინიშნა, ამავე დროს ნატოს პარტნიორობის დარგში გენერალური მდივნის თანაშემწეა. ის და თავად გენერალური მდივანი - იაპ დე ჰოოპ სხეფერი სამიზნე რეგიონებში ჩასვლას სულ მალე გეგმავენ.

15 სექტემბერს, ბრიუსელში გამოსვლისას, სიმონსმა აღნიშნა, რომ ალიანსი კარგად გააცნობიერებს ამ რეგიონებსა და მათ ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებას. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი – საქართველოს მსგავსად – ახლოს დგას ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მოთხოვნასთან. ზოგს კი – ამისაკენ მისწრაფება ჯერ არცკი გამოუხატავს:

[სიმონსის ხმა] “ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თითოეულ რეგიონში და თითოეულ ქვეყანაში თავისებური სიტუაციაა. მაგალითად, კავკასიაში უძველესი ისტორიის მქონე სამი ქვეყანაა, სადაც შიდა კონფლიქტები აღინიშნება. შუა აზია კიდევ უფრო დაშორებულია და ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ავღანეთის საკითხთან მიმართებით. ასე რომ, ჩვენ კარგად ვხედავთ განსხვავებას ქვეყნებსა და რეგიონებს შორის. მაგრამ ჩვენი პროგრამები თითქმის მსგავსია”.

ახალი წარმომადგენელი მუშაობის წარმართვას უპირატესად სამი მიმართულებით აპირებს, ესენია: პარტნიორი ქვეყნებისათვის ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალების მიცემა, სამხედრო სფეროს რეფორმირება და მნიშვნელოვან საკითხებზე მათთან კონსულტაციების გამართვა.

შუა აზიაში ადამიანის უფლებების შესახებ დასმულ შეკითხვაზე სიმონსი პასუხობს – რომ ეს მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ნატოს კომპეტენციას მაინც თავდაცვის რეფორმა წარმოადგენს. თუმცა ალიანსი ცდილობს პარტნიორ ქვეყნათა შეიარაღებული ძალები დემოკრატიული სტრუქტურების დაქვემდებარებაში მოაქციოს და ამით ის ხელს უწყობს დემოკრატიულ რეფორმებსაც.

სიმონსი კომენტარს არ უკეთებს რუსეთის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ტერორიზმთან პრევენციულ ბრძოლას თავის საზღვრებს გარეთაც აპირებს. ამ განცხადების ძირითად სამიზნედ კი, თეორიულად საქართველოს განიხილავენ. ახალი წარმომადგენელის თქმით, ნატო ისურვებდა რუსეთისა და საქართველოს ქმედით თანამშრომლობას, თუმცა აუცილებლად – საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის გათვალისწინებით:

[სიმონსის ხმა] “ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ამავე დროს, ჩვენი უპირატესი მიზანია თავიდან ავიშოროთ კონფლიქტები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს შორის. მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ჩვენ ამ ორი ამოსავალი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ”.

რა შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტს, ნატო ამ ეტაპზე რეგიონში სამშვიდობო კონტიგენტის საკითხს არ იხილავს. და თუ მაინც ვითარება შეიცვლება და მას მოქმედებას მოსთხოვენ, ალიანსი ამ საკითხს გულდასმით გააანალიზებს.
XS
SM
MD
LG