Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს რეფორმირებაზე იმსჯელებს


გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესია, 21 სექტემბერს, სხვა თემებს შორის,

უშიშროების საბჭოს გაფართოების საკითხსაც განიხილავს. წინასწარი ინფორმაციით, ამ მხრივ გარკვეული პროგრესი უკვე შეინიშნება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გერმანია, ინდოეთი და სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები საბჭოს მუდმივ წევრობასთან დაკავშირებით თავიანთ არგუმენტებს წამოაყენებს. ამ საკითხზე უფრო ვრცლად ლელა კუნჭულია გესაუბრებათ.

გაფართოვდება თუ არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო? სწორედ ეს შეკითხვა დომინირებს გაეროს გენერალური ასამბლეის წლევანდელ სესიაზე.
წინასწარი ინფორმაციით, გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ ჩამოყალიბებული ექსპერტთა უმაღლესი კომისია, საბჭოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, კონსენსუსის ზღვარზეა.

კომისიის აქტიურობით კმაყოფილია საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პრინსტონის უნივერსიტეტის, ვუდროუს უმაღლესი სკოლის დეკანი ანა-მარია სლოტერი:

[სლოტერის ხმა]“ეს ცხადყოფს, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი გაწევრიანების რეფორმას საყოველთაო დისკუსიის ფარგლებში განიხილავს. ანუ უკეთ როგორ უნდა გაართვას თავი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იშიშროების საკითხთან დაკავშირებულ ამოცანებს. ეს შესანიშნავია”.

კოფი ანანმა, სლოტერის მიერ ხსენებული, სპეციალური კომისია შეერთებული შტატების ერაყში შესვლის შემდეგ ჩამოაყალიბა. პრევენციული შეტევის რანგში გამართლებულმა ომმა უშიშროების საბჭოს წევრებს შორის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა გამოიწვია. და გენერალურმა მდივანმაც ხსენებული კომისია პრევენციულ ომთან დაკავშირებული საკითხების უკეთ ასახსნელად, ანუ საბჭოს დასახმარებლად შექმნა.

კომისიის მუშაობამ, უშიშროების საბჭოში როლის გაფართოების მხრივ, – გერმანიას, ინდოეთს, იაპონისა და ბრაზილიას - ახალი იმედი გაუჩინა. მოსალოდნელ ცვლილებათა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, არის ვერსია, რომ საბჭოს წევრი ქვეყნების რიცხვი 15-დან 24-მდე გაიზრდება. აქვე მოგახსენებთ, რომ 15 წევრიდან 5 – მუდმივია, ხოლო დარჩენილ 10 წევრს გენერალური ასამბლეა 2 წლის ვადით ირჩევს. უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორისაა: ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი.

გერმანიის ელჩი გაეროში გუნტერ პლოიგერი გაწევრიანების რეფორმას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს:

[პლოიგერის ხმა] “კომისიის ხელმძღვანელობა და რეფორმების გატარების მცდელობა წარმოშობს ახალ იმპულსს. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება, მაგრამ, მე ვფიქრობ, სულ მცირე, ჩვენ გვაქვს შანსი, რეფორმის გატარება მომავალ წელს ხელახლა ვცადოთ. თუ მივაღწევთ წარმატებას, ეს კარგი იქნება გაეროსთვის. მაგრამ თუ ვერა – გაერო ამით ბევრს დაკარგავს. და საერთოდ, ასეთი რამ არ შეიძლება ვინმეს ინტერესებში შევიდეს”.

კომისიის წევრები თავიანთ რეკომენდაციებს კოფი ანანს 1 დეკემბრისთვის მიაწოდებენ. უშიშროების საბჭოს გაფართოების საბოლოო ბედი 2005 წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდება.

მანამდე კი, ექსპერტთა აზრით, კომისიამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს პრევენციულ ომთან დაკავშირებული საკითხების გარშემო და უფრო დეტალურად უნდა განიხილოს ეს პრობლემა. გაეროს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლის ფრედ ეკჰარდის თქმით, კოფი ანანი, პრობლემის გადრკვევის დაჩქარების მიზნით, არაერთხელ შეხვდა კომისიის წევრებს:

[ფრედ ეკჰარდის ხმა] “მას აშკარად უნდა, რომ კომისიის წევრებმა პრევენციული ომის თემას ნათელი სწრაფად მოჰფინონ. ეს არის ის, რამაც ერაყზე თავდასხმის დროს უშიშროების საბჭოში განხეთქილება გამოიწვია და წარმოშვა ფუნდამენტური შეკითხვები ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დონეზე”.

თუმცა მაშინაც კი, თუკი კომისიის წევრები პრევენციული ომის ახალ დოქტრინას მიემხრობიან, საეჭვოა, რომ შეერთებული შტატები გაეროს შეზღუდვებს დაემორჩილოს.
XS
SM
MD
LG