Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოულოდნელი საკადრო გადაწყვეტილება: თბილისის პროკურორის თანამდებობაზე ვალერი გრიგალაშვილს გიორგი ღვინიაშვილით ცვლიან


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი არც დაწინაურება და არც დაქვეითება - ასე აფასებენ გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელები დღევანდელ მოულოდნელ საკადრო გადაადგილებას.

ვალერი გრიგალაშვილი გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად გადაჰყავთ. მის ნაცვლად კი, თბილისის პროკურორად ამ დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, 32 წლის გიორგი ღვინიაშვილს, ნიშნავენ. ხელისუფლება ამ საკადრო გადაადგილების მიზეზებზე არ საუბრობს. თავად ვალერი გრიგალაშვილი ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ჩანდა.





რევოლუციის შემდეგ ქალაქის პროკურორად დანიშნულ დეპუტატ ნოდარ გრიგალაშვილის ძმას ვალერი გრიგალაშვილს ახალი სამსახური მოუძებნეს. იგი დღეიდან იუსტიციისა და უშიშროების სამინისტროებსა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში სისხლის სამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებლობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. ამ დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ღვინიაშვილი კი ქალაქის ახალი პროკურორია. გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ ის უკვე წარუდგინა თანამშრომლებს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჯანაშიას ამ საკადრო გადაადგილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია, თავად გადაადგილებას კი გენერალური პროკურორის მოადგილე არც დაქვეითებას უწოდებს რომელიმე იურისტისათვის და არც დაწინაურებას.

[გიორგი ჯანაშია] “დაქვეითება არ არის არც ერთი პიროვნებისთვის და არც მეორისთვის. ერთი არის, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წამყვანი დეპარტამენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ხოლო მეორე პიროვნება იქნება ქალაქის პროკურორად. დაქვეითება და მეტი სამსახური და ნაკლები სამსახური - საერთოდ, ეს მცნება დღეს აღარ არსებობს. ყველა სამსახური არის ქვეყნისთვის და ხალხისთვის. სადაც დასჭირდებით, იქ უნდა იყო.”(სტილი დაცულია)

ქალაქის ახალი პროკურორის წარდგენას ამ უწყების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გრიგალაშვილიც ესწრებოდა. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კმაყოფილი იგი ნამდვილად არ ჩანდა. ის ფაქტი, რომ გენერალურ პროკურატურაში მისი გადაყვანა მოულოდნელობა იყო, ფაქტობრივად, ვალერი გრიგალაშვილმაც დაადასტურა. გრიგალაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში იგი რამდენიმე გახმაურებული საქმის გახსნას აპირებდა.

[ვალერი გრიგალაშვილის ხმა] “სულ ახლახან გავაკეთეთ ეს სტენდიც, სადაც ახლა ვდგავარ. ვაპირებდით რამდენიმე რეზონანსული საქმის დაწყებას და გახმოვანებას, რა თქმა უნდა, ამისა. მაგრამ ახლა ამას ბატონი გიორგი გააკეთებს. მას შესწევს ამის უნარი, რომ ჩემი დაწყებული საქმეები მიიყვანოს ბოლომდე.” (სტილი დაცულია)

თბილისის ახალი პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ იგი ქალაქის პროკურატურაში გამომძიებლად ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ნამუშევარი აქვს ასევე იუსტიციისა და უშიშროების სამინისტროებში. გენერალურ პროკურატურაში დეპარტამენტის თავმჯდომარედ კი სულ ახლახან დაინიშნა. მომავალ გეგმებზე საუბრისას ღვინიაშვილი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.

[გიორგი ღვინიაშვილის ხმა] “ამ ეტაპზე ისეთ ძირეულ ცვლილებებზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ დიდი ხანი არ არის გენერალურ პროკურატურაში მოხდა დიდი რეორგანიზაცია და, ალბათ, ჯერჯერობით ესეა და მერე ვნახოთ.

რატომ დასჭირდათ ვალერი გრიგალაშვილის მოულოდნელი ჩანაცვლება გიორგი ღვინიაშვილით, ალბათ, მალე გაირკვევა. მანამდე ხელისუფლება კვლავ დუმს, ჟურნალისტებს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG