Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას რუსეთ-საქართველოს ჩაკეტილი საზღვარი


დაახლოებით 20 დღეა, რაც რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა. მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ბესლანში,

მომხდარი ტრაგედის გამო მიიღო. თუმცა საზღვრის ჩაკეტვა მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს შეეხო და არა საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის მონაკვეთს, რომელსაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს. ასევე გახსნილია და ინტენსიური მიმოსვლა ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზეც. რა ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას ამგვარად ჩაკეტილი საზღვარი?

[დავით გამყრელიძის ხმა] ”გადაგვიკეტეს მთელი სატრანსპორტო საშუალებები და ხვალ ჩვენი ბიზნესი და საექსპორტო ბიზნესი რა მდგომარეობაში ჩავარდება, არავინ არ იცის. არავინ არ იცის, რა ზამთარი გველოდება და მთავრობას, საერთოდ, არ გაუაზრებია და არ გაუთვლია ეს.”

ახალი მემარჯვენეების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ეს განცხადება გასულ კვირას, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შეფასებისას, გააკეთა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ასე თამამად ვერ ლაპარაკობს საქართველოს მთავრობა, თუმცა კი ამბობს, რომ ცდილობს გადაწყვიტოს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პრობლემა.

"ამ პუნქტის გადაკეტვა დიდი პრობლემაა როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლებასთან უკვე დაისვა და იმედი გვაქვს, რომ ის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვა სომხეთისთვისაც რომ პრობლემას წარმოადგენს, ამაში მე თვითონ დავრწმუნდი, როდესაც ორიოდე კვირის წინ ზემო ლარსში ვიმყოფებოდი: იქ საზღვრის გახსნას სომხეთის უამრავი მოქალაქე ელოდებოდა. თუმცა ზარალს ყველაზე მეტად მაინც საქართველოს ეკონომიკა განიცდის.

[კახა მიქელაძის ხმა] ”აი, ახლა, სექტემბრის თვეში, ყაზბეგიდან შემოსული ტვირთიდან ჩვენ, სულ მცირე, 3-4 მილიონს ველოდებოდით საბიუჯეტო თანხებს. ეს არის სულ მცირე, ყველანაირი გათვლებით. ამ თვეში პრაქტიკულად ვზარალობთ.”

ეს იყო ჩრდილოეთის რეგიონული საბაჟოს ხელმძღვანელი კახა მიქელაძე. მის მიერ ნახსენები ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ჯიბეში ილექება.

ჩვენი შიდაქართლელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ინფორმაციით, ლარსის ჩაკეტვის შემდეგ საგრძნობლად იმატა აზერბაიჯანული და სომხური ტრანსპორტის გადაადგილებამ ცხინვალის მიმართულებით და პირიქით. ეს იმიტომ, რომ ცხინვალიდან რუსეთში როკის უღელტეხილით გადასვლა მოსკოვს არასდროს აუკრძალავს.

[გოგა აფციაურის ხმა] ”ამდენად, ცხინვალში ბევრი სამართალდამცველი სთავაზობს ტვირთების მფლობელებს გაცილებას როკის გვირაბამდე და შესაბამის ანაზრაურებასაც იღებენ. გარკვეული შემოსავლების რეზერვი გაჩნდა თვითაღიარებული ხელისუფლების ყულაბაში გზის ამ მონაკვეთის ჩაუკეტველობით.”

სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები, თანხის გადახდის სანაცვლოდ, არც ქართველი მგზავრების გატარება-გაცილებაზე ამბობენ უარს, რაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ეკონომიკურთან ერთად სერიოზულ პოლიტიკურ ზარალსაც აყენებს.
XS
SM
MD
LG