Accessibility links

რას უქადის ახალი სასწავლო წელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს


დავით პაიჭაძე, თბილისი 20 სექტემბერს საქართველოში, მართალია, სწავლა დაიწყო, მაგრამ საზეიმო განწყობა ყველას არ გადასდებია. 2004-2005 სასწავლო წელი, წესით, უკანასკნელი უნდა იყოს,

რომლის მანძილზეც სწავლება განათლების განუახლებელ სისტემაში წარიმართება. ამ წელს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი განათლების შესახებ, რომელიც თანდათან უფრო სერიოზულ ოპონენტებს იძენს, ვიდრე ეს ლეიბორისტები ან მოქალაქეთა კავშირის ყოფილი წევრები არიან. 20 სექტემბერს, როგორც სწავლის პირველ დღეს, ძირითადად, საშუალო სკოლებზე ლაპარაკობენ, მე კი სასაუბროდ უმაღლესი განათლების ზოგიერთი პრობლემა შევარჩიე.

განათლების კანონის პროექტს უკვე არა მხოლოდ პოლიტიკოსები ან ყოფილი პოლიტიკოსები, არამედ ის ადამიანებიც ეჭვის თვალით უყურებენ, ვინც განათლების სფეროში საქმიანობს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლათა მასწავლებლებმა ჯერ ვერ შეძლეს თავიანთი უკმაყოფილების დასაბუთებულად გადმოცემა. უმაღლესი სასწავლებლების პროფესურა და ადმინისტრაცია სწავლის დაწყებასთან ერთად აპირებს გააქტიურებას. მაგრამ რას აპირებს თავად განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში? განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე ამბობს, რომ ერთიანი მისაღები გამოცდების შემდეგ შეფასებათა კვალად მოხდება იმ დაახლოებით 30-40 ათასი აბიტურიენტის რანჟირება, რომელთაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება სურთ.

[დიდებულიძის ხმა] “აქედან დაახლოებით 7-8 ათასი მიიღებს სახელმწიფო-საგანმანათლებლო გრანტს, ანუ ვაუჩერს, სწავლის გასაგრძელებლად. დანარჩენებმა თავად უნდა გადაიხადონ თანხა. თუ თანხა განსხვავებულია, მაგალითად, სახელმწიფო გრანტის ოდენობისაგან, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ფასიანი სექტორის გადასახადისაგან, მაშინ უნდა დაამატოს. ეს დასამატებელი თანხა უაღრესად შეღავათიანი კრედიტების მეშვეობით დაიფარება.”

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში კი ფიქრობენ, რომ თუ მათი ბიუჯეტი მხოლოდ სტუდენტების მიერ მოტანილი ვაუჩერითა და უვაუჩერო სტუდენტების მიერ გადახდილი ფულით განისაზღვრა, ეს - არც მეტი, არც ნაკლები - დააქცევს სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ფინანსური წლის დასაწყისში არ ეცოდინებათ, რა თანხის განკარგვა მოუწევთ. თანხა იქით იყოს - არავინ იცის, რა ფაკულტეტებზე მოისურვებენ სტუდენტები შესვლას, ასე რომ, ზოგიერთი ფაკულტეტი ან კათედრა შეიძლება სულაც დაიხუროს.

კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, დღევანდელი სახით ძალაში შესვლის შემთხვევაში, უფლებამოსილებას უწყვეტს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე დგება გარდამავალი პერიოდი, რომლის მსვლელობისას უნივერსიტეტებში უნდა აირჩიონ მართვის ორგანოები. მათ არჩევამდე პრეზიდენტი უნივერსიტეტებში ნიშნავს დროებით მმართველს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რისმაგ გორდეზიანის აზრით, ამ ნორმით უნივერსიტეტში უქმდება ყველა ის რგოლი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს:

[გორდეზიანის ხმა] “მმართველი ნიშნავს, არსებითად, მონარქს უმაღლესი სასწავლებლის ფარგლებში. კანონპროექტში ძალიან მკრთალად იკვეთება, რა იქნება კათედრა, რომელი რგოლები წარმართავენ სასწავლო პროცესს.”

რისმაგ გორდეზიანის აზრით, პროექტი უყურადღებოდ ტოვებს უმაღლესი განათლების რამდენიმე არსებით საკითხს: გარკვეული არ არის, ვინ უზრუნველყოფს ფაკულტეტების ავტონომიას, როგორ ენიჭება სამეცნიერო ხარისხი და სხვა. კანონმა გარდამავალ დებულებებში ზუსტად უნდა მიუთითოს, რომელ ეტაპზე რა განხორციელდება... როგორც ჩანს, დისკუსია კანონპროექტის ირგვლივ მალე გაფართოვდება და გასცდება საკუთრივ პოლიტიკური კლასის ფაგრლებს.
XS
SM
MD
LG