Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკელი მძევალი მოკლეს


ბოლო დროს გახშირდა ცნობები ერაყში უცხოელი მოქალაქეების მძევლად აყვანის შესახებ. გამტაცებლების მიზანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილე უცხოურ ფირმებს ერაყიდან წასვლა აიძულონ

და ამ მიზანს ისინი ზოგჯერ აღწევენ კიდეც. ასე მოხდა, მაგალითად, ერთ-ერთი თურქული სამშენებლო ფირმის შემთხვევაში. ფირმამ დღეს გამოაცხადა, რომ წყვეტს ერაყში საქმიანობას მას შემდეგ, რაც გამტაცებლებმა მძევლად აიყვანეს მისი ათი თანამშრომელი და ათივეს დახოცვით დაიმუქრნენ, თუ ფირმა ერაყში საქმიანობაზე უარს არ იტყოდა. გამტაცებლების მუქარა რომ ლიტონი სიტყვები არ არის, გუშინ დადასტურდა: ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია საზარელი კადრები: როგორ კლავენ (თავს ჰკვეთენ) ამერიკელ მძევალს.

[არმსტრონგის ხმა] “მქვია იუჯინ არმსტრონგი, ჯეკ არმსტრონგი. ვმუშაობ ტაჯის ბაზის ინსტალაციებით და ავეჯით უზრუნველყოფაზე” - ეს იყო, შესაძლოა, ბოლო სიტყვები, რომლებიც ამერიკელმა იუჯინ არმსტრონგმა სიკვდილის წინ წარმოთქვა. ჩანაწერი ინტერნეტში გამოქვეყნდა, ისევე როგორც მოგვიანებით ჩანაწერი, რომელზეც ასახულია იუჯინ არმსტრონგის მოკვლა.

“თაუჰიდი და ჯიჰადი” ჰქვია გასამხედროებულ ჯგუფს, რომელიც მკვლელობის პასუხისმგებლობას კისრულობს და იმუქრება კიდევ ორი დასავლელი მძევლის: ერთი ამერიკელისა და ერთი ბრიტანელის დახოცვით, თუ შეერთებული შტატები არ გაათავისუფლებს ყველა ერაყელ პატიმარ ქალს აბუ ღრაიბისა და უმ ყასრის ციხეებიდან. არადა, შეერთებული შტატები ირწმუნება, რომ ამ ციხეებში ერთი პატიმარი ქალიც არ არის - სულ ორი ერაყელი ქალი, რომელიც დააპატიმრებულია (მათ შორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის წლებში ბიოლოგიური იარაღის პროგრამაზე მომუშავე მეცნიერი რიჰაბ რაშიდ ტაჰა), სხვაგან იმყოფებიან.

ძნელი სათქმელია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს განმარტება გამტაცებლებს, რომლებიც ამერიკელი და ბრიტანელი მამაკაცების დახოცვით იმუქრებიან. აქამდე მათ (ლაპარაკია ჯგუფზე “თაუჰიდი და ჯიჰადი”, რომლის მეთაურად ითვლება აბუ მუსაბ ალ-ზარკაუი, “ალ-ყაიდის” მოკავშირე) ნაკისრი აქვთ სულ მცირე 6 მძევლის დახოცვის, გარდა ამისა მრავალი აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის მოწყობის პასუხისმგებლობა. საყურადღებოა, რომ რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის პრეს-მდივნის განცხადებით, ალ სადრი გადაჭრით გმობს ერაყში მძევლების გატაცებასა და დახოცვას.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ერაყში ძალადობამ ამ თვეში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

[ჯონ კერის ხმა] “ერაყში შეჭრას მოჰყვა მეტად ღრმა კრიზისი და თუ კურსს არ შევცვლით, უსასრულო ომის საფრთხე გვემუქრება”, ეს სიტყვები ორშაბათს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში წარმოთქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ჯონ კერიმ და, როგორც მიმომხილველები ამბობენ, ეს იყო მისი ყველაზე მძლავრი იერიში ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ წლევანდელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში. კერი ცდილობს, ერაყი წარმოაჩინოს მთავარ ინდიკატორად, რომელიც ცხადჰყოფს, რომ ჯორჯ ბუში თავს ვერ ართმევს პრეზიდენტობას... [ჯონ კერის ხმა] “პრეზიდენტმა არასწორედ წარმართა, არასწორედ გათვალა (...) ამ ოპერაციის ყველა ასპექტი და გაცილებით უფრო ძნელი გახადა ჩვენი მიზნის - ერაყის სტაბილიზაციის (...) მიღწევა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა”.

კერის ამ გამოსვლას უკვე მოჰყვა პრეზიდენტ ბუშის გამოხმაურება: საპასუხო კრიტიკა კერის მიმართ, რომელიც, ბუშის შეფასებით, თანმიმდევრული არ არის, ვინაიდან ხან ამართლებს, ხან კი გმობს ერაყში ინტერვენციას. თუმცა, ჯორჯ ბუშისა და ჯონ კერის პოლიმიკა ცალკე თემაა და მასზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი: როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, 30 სექტემბერს, 8 ოქტომბერს და 13 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი დემოკრატი მეტოქის სატელევიზიო დებატები გაიმართება. ერთი რამ დღესვე შეგვიძლია ვივარაუდოთ: საუბარი ხშირად იქნება ერაყზე.
XS
SM
MD
LG