Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დაიწყება ზამთარი? 2004 წელი - ანომალიური კლიმატური მოვლენების წელი


რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს რეგიონებში საშემოდგომო სამუშაოები დაიწყო. კახეთში ყურძნის მოსავალს იღებენ, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის

მთიან ზონებში - მარცვლეულ კულტურებსა და კარტოფილს. თუმცა, ამინდის ჭირვეულობის გამო, ეს შემოდგომა ყველა ფერმერისთვის როდი იქნება ხვავრიელი. ვის თავსხმა წვიმებმა და მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა გაუფუჭა მოსავალი, ვის ნაადრევად მოსულმა თოვლმა. როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში და ხომ არაფერი ემუქრება სიმწიფეში შესულ ყანასა და ყურძენს? რატომ ჭირვეულობს ამინდი და რატომ არის ქართველი გლეხი თუ ფერმერი ასე უსუსური სტიქიის შემოტევების მიმართ?


[მამაკაცის ხმა] “სიმართლე გითხრათ, მოსახლეობა ახლა იმის იმედად არის, თუ საკვებად რამე კარტოფილს ამოიღებენ და ეგ დარჩებათ. დანარჩენი - საუბარი ხორბალზე და ასე შემდეგ - აღარ შეიძლება. ზედა ზონაში კიდევ რაღაცა, იქაც, თუ მოასწრეს აღება და რამე სტიქია არ იქნა. ზამთრის გატანა იქნება ძალიან ძნელი.” (სტილი დაცულია)

ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ დმანისელები გადაუღებელი წვიმებისა და ძლიერი სეტყვის შემდეგ. დმანისის რაიონის გარდა, ზაფხულის განმავლობაში სტიქიის სისასტიკე გურჯაანის, ყვარლისა და მესტიის რაიონში მცხოვრებმა ადამიანებმაც გამოსცადეს. თუმცა ბუნებამ განსაკუთრებულად მაინც ნინოწმინდელები გამოარჩია. იქ ამ ერთი კვირის წინ ჰაერის ტემპერატურა იმდენად დავარდა, რომ მოსული თოვლის საფარმა 10-15 სანტიმეტრს მიაღწია. შედეგად, დაიხოცა საზაფხულო საძოვრებზე აყვანილი ასობით წვრილფეხა პირუტყვი, ხოლო ათასობით ჰექტარზე მარცვლეული კულტურის ნათესები განადგურდა.

[მელს ბდოიანის ხმა] “თოვლი სამი დღის განმავლობაში იდო. დიდი ყინვები დაიჭირა. საძოვრებზე უამრავი პირუტყვი დაიხოცა. ძალიან გაუჭირდათ ადამიანებს. მოგეხსენებათ, საბაზრო ეკონომიკაა და ყველაფერი ეს დიდი ფული ღირს. ჯერ არ დაუზუსტებიათ, მაგრამ აშკარაა, რომ საქმე სერიოზულ ზარალთან გვაქვს. განსაკუთრებით კარტოფილისა და მარცვლეული კულტურების ნათესები დაზიანდა. მეტიც, მარცვლეულის მოსავალი შეიძლება საერთოდ ვერ ავიღოთ.”

ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს წევრის მელს ბდოიანის თქმით, რაიონი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და იქ ცხოვრება, მძიმე კლიმატური პირობების გამო, ისედაც ჭირს. საქტემბრის პირველ რიცხვებში მოსულმა თოვლმა კი ნინოწმინდელთა ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა. თანაც, მოსახლეობა შიშობს, რომ მცირე დათბობის შემდეგ კვლავ ძლიერ ყინვებს დაიჭერს. თუმცა ამ ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში არ ადასტურებენ. “აცივდება, მაგრამ არა იმდენად, რომ თოვლი მოვიდეს”, აზუსტებს ოპერატიული პროგნოზირების სამსახურის უფროსი ირაკლი ჩოგოვაძე:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “აციება იგვიანებს ცოტათი. ჩვენ ველოდებოდით, თითქოს ადრე უნდა წამოსულიყო, მაგრამ გადაიდო. ალბათ, ეს იქნება თვის ბოლოს… ნუ, რა დონემდე? - უახლოეს დღეებში 30 გრადუსამდე მიაღწევს შუადღის ტემპერატურა. მერე, როცა აცივდება, იქნება 18-19 გრადუსამდე.”

გადაუღებელი წვიმები, მეწყერი, ღვარცოფი, ადრეულ შემოდგომაზე მოსული თოვლი - ხომ არ არის ყოველივე ეს გლობალური დათბობის შედეგი? მე ამ კითხვით სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრის გამგეს, პროფესორ ნოდარ ელიზბარაშვილს მივმართე.

[ნოდარ ელიზბარაშვილის ხმა] “არა, არა, არა! ეს ანომალიური წელია, უბრალოდ. ასეთი იყო, თუ გახსოვთ, 10-12 წლის წინ, სვანეთში დიდი თოვლი რომ მოვიდა, ზვავები და მთელი უბედურება რომ იყო, ხალხი რომ გადმოასახლეს ქვემო ქართლის მხარეში. იმის მერე აღარ მოსულა ამხელა თოვლი. ის, უბრალოდ, ციკლონური მოძრაობა იყო. წელსაც ასეთი შემოჭრა მოხდა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელსაც იგივე იქნება.”

მეცნიერთა მტკიცებით, ანომალიური წლების პროგნოზირება საკმაოდ რთული, თითქმის შეუძლებელი საქმეა. ამის გამო ბევრ ქვეყანაში ფერმერები თავს მოსავლის დაზღვევით იცავენ. რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოში? სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ურუშაძე ამბობს:

[ალექსანდრე ურუშაძის ხმა] “ვერ მოხდა, ჩვენი ტერმინი რომ ვიხმაროთ, დაზღვევის გეოგრაფიის გაშლა. პრაქტიკულად მოხდა ისე, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ სერიოზული ზარალით დაამთავრა დაზღვევის ეს მიმართულება და ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ განვიხილავთ მოსავლის დაზღვევას, თუ ეს არის ნაწილი რაღაც კონკრეტული პროექტების და პროგრამების.” (სტილი დაცულია)

არადა, “ალდაგი” ლამის ერთადერთი სადაზღვეო კომპანია იყო, რომელიც მოსავლის დაზღვევაზე მუშაობდა. გამოდის, რომ დღესდღეობით გლეხები და ფერმერები სტიქიის წინაშე რეალური მოკავშირის გარეშე არიან დარჩენილები და საქმე გამართლებაზეა. მეტეოროლოგთა მტკიცებით, წელს კახელ მევენახეებს გაუმართლათ: სულ ცოტა, ათი დღის განმავლობაში ნორმალური ამინდები შენარჩუნდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG